ვაწაძეს კოჭის მოტეხილობა დაუდგინეს და ზუსტად ჯერ არავინ იცის, როდის დაუბრუნდება მოედანს.
ვაწაძემ "დინამო თბილისში" შექმნა საკუთარი თავი, საგოლე ალღოთი ყველას თავი მოაწონა, კლასიკურ მეცხრე ნომრად წარმოგვიდგა და მეტოქეთა რისხვაც გახდა.
ვაწაძე ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს, მერე კი რუსეთში, ნიჟნი ნივგოროდის "ვოლგაში" ჩაირიცხა. საქართველოში მათე შარშან
ვაწაძე "დილას" ერთ-ერთი ლიდერი გახდა, რის შემდეგაც მისთვის ალბათ აუცილებელიც კი იყო, რომ ისევ უცხოეთში წასულიყო და ასეც მოხდა - დანიურ "ორჰუსში" გადავიდა.
ვაწაძეს ეროვნულ ნაკრებში ექვსი კეპი მოუხვეჭია და ერთი გოლი გაუტანია. ასეთი მეგოლე, საჯარიმოს ფორვარდი სხვა ძნელად თუ მოეძებნება ჩვენს ეროვნულ გუნდს. ამიტომაც ის ერთობ მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, სტრატეგიული ფეხბურთელიც კი არის საქართველოს ნაკრებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდის სათამაშო სტილს შემტევს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, ამ გუნდს ბურთი იშვიათად თუ მიაქვს მეტოქის საჯარიმო მოედნამდე...
ვაწაძე ახლა თბილისშია და ინტერვიუც ჩამოვართვით...
- რა მდგომარეობაა ჯანმრთელობის მხრივ, როგორ მიდის სარეაბილიტაციო პროცესი?
- ყველაფერი ნორმალურად მიდის, თუ გავითვალისწინებთ იმას, ტრავმის მიღებიდან რა დრო არის გასული. გამოჯანმრთელების პროცესი სახეზეა.
20 ივნისს დანიაში ჩავდივარ და შესაძლოა, რომ 28 ივნისიდან ძუნძულის დაწყების ნება დამრთონ.
- ანუ ნაოპერაციებ კოჭზე გართულებები არ გქონია?
- ოპერაცია ტრავმის მიღებიდან მეორე დღესვე გამიკეთეს, ლითონის ორი დეტალი ჩამიდგეს. მოგვიანებით ერთი ამომიღეს, მეორეზე კი მითხრეს, უნდა დარჩეს და ეს არანაირ პრობლემას არ შეგიქმნისო.
- არის შესაძლებელი პროგნოზის გაკეთება - როდის განაახლებს თამაშს მათე ვაწაძე?
- კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, კიდევ სამი თვე მოედანს არ უნდა გავეკარო. გარისკვა არც ღირს, სიჩქარემ შესაძლოა, ცუდი შედეგი მოიტანოს.
ვფიქრობ, აგვისტოს ბოლოსთვის შემეძლება რამდენიმე წუთით მოედანზე გასვლა და თამაში.
- ანუ სექტემბერში საქართველოს ნაკრებს საფრანგეთთან და ფინეთთან რომ უწევს შეხვედრა შესარჩევში, სავარაუდოდ, იქნები ოპტიმალურ ფორმაში?
- ძალიან მინდა, რომ ამ მატჩებისთვის მზად ვიყო. ყველაფერი ჩემსა და "ორჰუსის" მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული - რამდენად მალე მოვახერხებ ფორმაში შესვლას.
- ალბათ, უყურე საქართველოს ნაკრების თამაშს ირლანდიასთან. როგორ ფიქრობ, რამ გამოიწვია ჩვენი გუნდის ასეთი მარცხი?
- ეს ისეთი დროა, როცა ყველა ფეხბურთელს სეზონი დაუმთავრდა და ისვენებს. მიმაჩნია, რომ ამ ფაქტორმა დიდი გავლენა მოახდინა ყველაფერზე.
გასაგებია, რომ ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელებიც იგივე მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ გიორგი ლორიას გაძევებამ თავისი გაიტანა - კაცნაკლული ძალიან ძნელია იმაზე კონცენტრირება, რომ გაიმარჯვებ.
რაც მოხდა, ამით ძალიან გულდაწყვეტილი ვარ.
- საქართველოს ნაკრები ბოლო დროს ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელით თამაშობს. შენ უფრო რომელი განლაგება გირჩევნია - ერთი ფორვარდი და ორი გარემარბი თუ ორი ცენტრფორვარდი, ან ცენტრფორვარდი და ერთი შემტევი მის უკან?
- რა თქმა უნდა, თავდამსხმელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახლოს ჰყავდეს პარტნიორი. ასე უფრო იოლია თამაში. როცა ერთი თავდამსხმელი ხარ, ძალიან ძნელია, თუნდაც რამდენიმე წამით შეიმაგრო ბურთი და გუნდი ამოიწიოს.
უკეთესია, თუ ასეთ დროს გყავს ცენტრფორვარდის უკან მოქმედი შემტევიც. რაც უფრო მეტი თანაგუნდელი გეყოლება ახლოს, მით უკეთესი იქნება.
- არაერთი ქართველი თავდამსხმელისთვის დაგვისვამს ეს კითხვა - რატომ ერიდებიან ჩვენი ფორვარდები წინა ძელთან თამაშს? რატომ არიან ისინი უფრო იმაზე ორიენტირებულნი, რომ ცენტრალურ მცველებს გაუძვრეთ ბურთი და მერე მოახერხონ გოლის გატანა?
- არ ვიცი, ყველას საკუთარი სტილი აქვს. მე ვფიქრობ, აბა სად უნდა ცდილობდეს თავდამსხმელი გასვლას, თუ არა წინა ძელთან? ფორვარდი დასწრებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. კარგ მცველებს ბურთი იშვიათად თუ გაუძვრებათ ფლანგური ჩაწოდების შემდეგ.
- ცენტრფორვარდისთვის დამახასიათებელი თვისებები უფრო სპეციალური ვარჯიშებით გაქვს გამომუშავებული თუ ამას უფრო ნიჭის ხარჯზე აკეთებ?
- ვარჯიშებით გამომუშავებული ეს არ არის, უბრალოდ, ბავშვობიდან კარგ მწვრთნელებთან მომიწია ყოფნა, რომლებიც მასწავლიდნენ და მავალებდნენ თავდამსხმელობას.
როცა მოედანზე გადიხარ, უკვე ვეღარავინ გიკარნახებს, როგორ უნდა გააკეთო შენი საქმე. სიტუაციის მიხედვით უნდა იმოქმედო - ან წინა ძელთან წახვალ, ან სხვა გადაწყვეტილებას მიიღებ...
- წინა ძელთან თამაში - როგორ ფიქრობ, ყველაზე კარგად ეს ვის გამოსდის?
- ჩემი აზრით, ამ კომპონენტში საუკეთესო ჯაბა დვალია. სხვა ქართველ თავდამსხმელებსაც შეუძლიათ წინა ძელთან კარგად თამაში; ევროპაში მოთამაშე ფორვარდებიდან კი გამოვარჩევდი ბენზემას, იგუაინს, ფალკაოს...
- საჯარიმოს ფორვარდისთვის მაინც რა არის ყველაზე მთავარი?
- ბოლო, გადამწყვეტი მომენტი რომ დგება, ყველაფერი იქ უნდა ჩადო.
- ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა სამუშაოს შესრულებაზე ცენტრფორვარდი დიდად კონცენტრირებული არ უნდა იყოს? გადამწყვეტ, საგოლე დარტყმას ხომ ის ჯანიც სჭირდება, რაც საამისოდ უნდა გქონდეს შემორჩენილი და თუ ამავე დროს გუნდის ამოყვანასაც ცდილობს ცენტრალური თავდამსხმელი, მაშინ როგორ უნდა გაანაწილოს ენერგია?
- საჯარიმო მოედანში თამაშს დიდი ჯანი მიაქვს, მაგრამ ერთმა მეორეს ხელი არ უნდა შეუშალოს. ყველაფერი უკვე ფიზიკურ მზადყოფნაზეა დამოკიდებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მათე ვაწაძე: აქ, დანიაში, ფეხბურთელი უფრო დაფასებულია
ცუდი ამბავი დანიიდან: მათე ვაწაძემ მძიმე ტრავმა მიიღო [VIDEO]
მათე ვაწაძე: საქართველოს ნაკრებისთვის ჯერ ბევრი არაფერი გამიკეთებია