"შესაძლოა, უახლოეს პერიოდში "პარმამ" ახალი თავდამსხმელი შეიძინოს. კლუბის მთავარი მწვრთნელის, რობერტო დონადონის სატრანსფერო სიაში ჰოლანდიური "ვიტესის" თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია მოხვდა.
"პარმას" გარდა, ჭანტურიას სერია A-ს კიდევ ორი კლუბი იწვევს - "ჯენოა" და "რომა".
"პარმა" შეთანხმებას მიუახლოვდა და მზად არის, არნემელებს 4 მილიონი ევრო გადაუხადოს", - წერს "გაძეტა დელო სპორტი".
გიორგის კონტრაქტი "ვიტესთან" აკავშირებს და 2013 წლის იანვრიდან იჯარით რუსეთის პრემიერლიგის ვლადიკავკაზის "ალანიაში" ითამაშა.
თუმცა, ჯერაც უცნობია, "ვიტესის" მეპატრონე მერაბ ჟორდანია დაიტოვებს თუ გუნდიდან გაუშვებს გიორგი ჭანტურიას.
ვრცელდებოდა სხვა ინფორმაციაც, თითქოს, 20 წლის ქართველი თავდამსხმელის შეძენა რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთ უმდიდრეს კლუბს, ყაზანის "რუბინს" სურს. დასახელებული კლუბების გარდა, ადრე ცნობები "ტორინოსა" და "კალიარის" ინტერესებზეც იყო.
ჩვენი ინფორმაციით, გიორგის საკითხი ორ კვირაში გადაწყდება.
საერთოდ, გიორგისა და მის რთულ ხასიათზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ სასაცილოა იმის მტკიცება, რომ ფორვარდმა რუსეთის ჩემპიონატში თავი მხოლოდ მოსკოვის "დინამოსთან" უხეშობით გამოიჩინა. ქართველს ვლადიკავკაზელთა პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი ვალერი გაზაევი ბოლო ტურებში ენდო და გიორგიმ იმედები გაუმართლა: გასვლაზე სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან", შინ "კრასნოდართან" და მოსკოვის "დინამოსთან" ძალიან შთამბეჭდავად ითამაშა.
სხვა თუ არაფერი, ახსნა არ სჭირდება, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რას ნიშნავდა, ვლადიკავკაზში ოსები ქართველის გვარს ერთხმად რომ იძახდნენ - "ჭან-ტუ-რია! ჭან-ტუ-რია!"
ეს იმ დროს, როდესაც ზოგიერთი ოსური გამოცემა "ალანიაში" ქართველების ჩაყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
რატომღაც ამ ბიჭის ხსენება ბევრს აღიზიანებს, მაგრამ წმინდა სპორტული კუთხით, ჭანტურია მართლაც გამორჩეულია. რაც შეეხება ხასიათს - რთული ტიპების გამოყენება-გამოუყენებლობაში ვლინდება მწვრთნელის ნიჭი. სამწუხაროდ, ქართველებს დღეისათვის დიდი სანაკრებო რესურსი არ გაგვაჩნია და ყველა რთულ მოთამაშეს ასე უნდა გადავუსვათ ხაზი?
მხოლოდ ხასიათებით რომ ემსჯელათ, ირლანდიელები როი კინს დაიწუნებდნენ, ინგლისელები - პოლ გასკოინსა და ტონი ადამსს, გერმანელები - შტეფან ეფენბერგს.
რაღა შორს წავიდეთ, არც ვასილ მაისურაძესა და გია ცეცაძეს ჰყოლიათ თითით საჩვენებელი ბიჭები, მაგრამ ყველა ე.წ. რთული მოთამაშე გამოიყენეს და შედეგსაც მიაღწიეს.
საკუთარ თავზე თამაშის აღება ასეთებს უფრო ეხერხებათ - ფეხბურთი კი სულად არ არის "პიონერების" თამაში. არ ვამტკიცებთ, რომ გიორგის მიწვევით ნაკრები რადიკალურად შეიცვლება და "იფრენს", მაგრამ იტალიური კლუბების დაინტერესებისა და პრემიერლიგაში გამოსვლის მიუხედავად, ჭანტურიასთვის სანაკრებო კარი რომ დაკეტილია, ამის გაგება ძნელია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი ჭანტურია: ქართველები შეურაცხყოფას კაცურად ვპასუხობთ
მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტმა ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა
"დინამოს" პრეზიდენტი: მაგ ქართველს ხელს გავარტყამდი კი არა, მოვკლავდი!
გიორგი ჭანტურია: სერია A-ში დაუფიქრებლად გადავიდოდი
ნუთუ კეცბაიას 20წლის ბიჭისთვის ვერ ,,მოუვლია,,?თუ მაგით თავის შეწუხება არ უნდა,მაშინ მართლაც წავიდეს ნაკრებიდან!ყოველთვის ვაკებდი,როგორც წესიერ,პატიოსან,პატრიოტ პიროვნებას,მაგრამ შემადგენლობის შერჩევაში და პრიორიტეტებში შეცდომები გააჩნია