კახა ცხადაძე პირველი ქართველია, რომელმაც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ელიტურ ლიგაში ითამაშა - 1992 წელს ფრანკფურტის "აინტრახტში" გადავიდა...
კახა ცხადაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახლდათ, 25 კეპი და ერთი გოლი - ასეთია მისი მონაგარი.
იყო საქართველოს და რუსეთის ჩემპიონი, ბუნდესლიგაში მისი "აინტრახტი" მესამე ადგილზეც კი გავიდა ერთხელ...
მან მწვრთნელობა თბილისის "დინამოში" დაიწყო, მერე აზერბაიჯანში წავიდა, 2009 წლიდან ბაქოს "ინტერს" უდგას სათავეში და
ცხადაძეზე ლაპარაკი კიდევ დიდხანს შეიძლება, ოღონდაც ახლა მისი ჯერია...
- ამდენი ხნის განმავლობაში გუნდს წვრთნიდეს ერთი მწვრთნელი, თანაც უცხოელი - აზერბაიჯანში ასეთი რამ, ფაქტობრივად, არ ხდება. გამონაკლისი თქვენი და ბაქოს "ინტერის" შემთხვევაა...
- აზერბაიჯანში მწვრთნელობას თავისი სპეციფიკა აქვს. საერთოდაც, ამ საქმეში ბევრი ნიუანსია. ევროპელ მწვრთნელებს უჭირთ აზერბაიჯანში მუშაობა, რადგან ეს მენტალიტეტის საკითხს უკავშირდება. ევროპელები ძალიან ბევრ რამეს ვერ ითვალისწინებენ, აზერბაიჯანში სულ სხვანაირად მომზადებული ფეხბურთელები ხვდებიან, ვიდრე ევროპაში.
მე კი თითქმის იმავე პრობლემებს ვაწყდები აზერბაიჯანში, რა პრობლემებიც საქართველოშია. ფეხბურთელებთან ინდივიდუალური მუშაობაცაა საჭირო, რაც მე არ მეთაკილება. როცა ფეხბურთელი მწვრთნელის ხელში პროგრესს განიცდის, ესეც უკვე შედეგია და ცხადია, ასეთ რაღაცას რომ მიაღწევ, გსიამოვნებს.
რა თქმა უნდა, გუნდის შედეგია ყველაზე მთავარი და ვფიქრობ, "ინტერს" სოლიდური შედეგი აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტის მხრივ აზერბაიჯანში მე-5 ან მე-6 კლუბი ვართ, თანაც სხვაობა ბიუჯეტებში საკმაოდ მნიშვნელოვანია.
- 2012/13 წლების სეზონის შემდეგ "ბაკი" არცთუ ცოტა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის, ქართველებმაც - კანდელაკი, აბრამიძე, თევდორაძე...
- როცა 4-5 წელი ერთი და იმავე გუნდშია ლეგიონერი ფეხბურთელი, მოტივაცია უწინდელივით, შესაძლოა, აღარ ჰქონდეს. მეც ასე მომეჩვენა ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
ილია კანდელაკის და ვალერი აბრამიძისგან განსხვავებით, სხვა ვითარება შეიქმნა გიორგი ადამიასთან დაკავშირებით, ვისაც არ გაუმართლა. ადამიაზე გუნდის ექიმსაც დავეკითხე.
ჩვენ ხელოვნურ საფარზე გვიწევს თამაში, ადამიას კი ისეთი ტრავმა ჰქონდა, რომ ასეთ საფარს ვერ შეეგუა.
წინა სეზონის პირველ წრეში მოტივაციის პრობლემა გაუჩნდა გიორგი ლომაიას. რაც შეეხება რევაზ თევდორაძეს, მას სათამაშო პრაქტიკა აკლდა, არადა, ჯერაც ახალგაზრდაა და თამაში მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- პროტექცია ფეხბურთელის გუნდში აყვანაზე - ასეთები თუ მომხდარა ბაქოს "ინტერში"?
- აზერბაიჯანელებისგან ასეთი რამ არ მომხდარა, ერთმა ქართველმა კი შვილი ჩამოიყვანა ბაქოში და მითხრა, ჩაიბარე, ის უკვე შენიაო...
- "ინტერში" ალექსანდრე იაშვილი აიყვანეთ...
- ის უდიდესი პროფესიონალია. იაშვილი 36 წლის ხდება შემოდგომაზე და "ინტერის" სპონსორმა ამ ტრანსფერთან დაკავშირებით მკითხა - რატომ? იაშვილის კლასზე ლაპარაკიც არ არის, დარწმუნებული ვარ მის ადამიანობაშიც, ვიცი, რომ ის არ მიღალატებს და როგორც პროფესიონალი, საქმეს ძალიან სერიოზულად მიუდგება.
- იაშვილს აღარ იწვევენ ეროვნულ ნაკრებში...
- შედეგზე პასუხისმგებელი მწვრთნელია და ის პოლიტიკა უნდა გაატაროს, რისიც მას სჯერა. საბოლოოდ ყველაფრის მთქმელი კი შედეგი იქნება. აზერბაიჯანის მაღალბიუჯეტიანი კლუბებიდან მქონდა შემოთავაზება, თუმცა იქ მუშაობის სხვა სტილია და "ინტერში" დარჩენა ვამჯობინე.
სპორტული დირექტორი და მთავარი მწვრთნელი - ჩვენ ამ სისტემით ვმუშაობთ. შედეგზე ყველაზე მეტად პასუხისმგებელი კი მე ვარ, გილიოტინაზე თავი მწვრთნელს უდევს. ვერ ითამაშებს კარგად იაშვილი ან სხვა ფეხბურთელი, ამაზეც მე ვიქნები პასუხისმგებელი.
- წლევანდელ ევროსარბიელზე რა იქნება თქვენი გუნდის ამოცანა?
- ევროპალიგაზე მინიმუმ პლეი ოფამდე უნდა მივიდეთ - ასეთია კლუბის მოთხოვნა.
- ბერტი ფოგთსი აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია -ამბობენ, რომ ამ პროექტში კახა ცხადაძემაც მიიღო მონაწილეობაო...
- უბრალოდ, მთხოვეს, რომ დავკავშირებოდი ამ გერმანელ მწვრთნელს. მეც დავურეკე ფოგთსს და ვუთხარი, რომ აზერბაიჯანელებს სურდათ მასთან მოლაპარაკება. ეს იყო და ეს, ამ საქმეში მე სხვა მონაწილეობა არ მიმიღია.
- აზერბაიჯანში კიდევ ერთი ცნობილი გერმანელი მწვრთნელი იყო ჩასული, თუმცა ვინი შეფერი იქ დიდხანს არ დარჩენილა...
- შეფერი აზერბაიჯანში რომ ჩამოვიდა, პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩვენთან ჰქონდა. გაკვირვებული თვალებით მიყურებდა, არ ეგონა, თუ ასე დავჯაბნიდით. ეგრევე მივხვდი, რომ მას აზერბაიჯანში არაფერი გამოუვიდოდა. არაერთს ეგონა, რომ აზერბაიჯანში ადვილი იქნებოდა მწვრთნელობა, მაგრამ ეს ასე არ არის.
- კლაუს ტოპმიოლერთან აღარ გისაუბრიათ მას შემდეგ, რაც ის აღარაა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი? როგორც ვიცით, როცა მისი საქართველოს ნაკრებში მოწვევაზე დაიწყო საუბარი, თქვენ დაუკავშირდით მას...
- ტოპმიოლერმა მკითხა, მეყოლება საქართველოს ნაკრებში 5-6 ისეთი ფეხბურთელი, რომლებზეც ავაწყობ გუნდსო? ანუ მან ჯერ არ იცოდა, ასეთი რამდენი ფეხბურთელი ეყოლებოდა. მან არ იცოდა, ვინ იყო ხიზანიშვილი, ასათიანი... ამ საუბრის შემდეგ ტოპმიოლერთან არანაირი კავშირი აღარ მქონია. ისე, მე უნდა ვყოფილიყავი მისი თანაშემწე საქართველოს ნაკრებში, მაგრამ ეს ნოდარ ახალკაცს არ უნდოდა...
- გერმანიაში, ტოპმიოლერის გარდა, იუპ ჰაინკესთანაც გიმუშავიათ - როგორ შეადარებდით მათ ერთმანეთს?
- ტოპმიოლერი საქართველოში რომ ჩამოვიდა, უკვე თითქმის პენსიონერი იყო, ის ამბიციური ტოპი აღარ იყო.
ყველაზე მეტს საქართველოს ნაკრებისთვის ალენ ჟირესი მუშაობდა, ექტორ კუპერიც გამოირჩეოდა მუყაითობით. რაც შეეხება ჰაინკესს, მის ხელში "აინტრახტი" ბუნდესლიგიდან გავარდა, თუმცა ის ახალ ფეხბურთს ეჭიდებოდა, ლიბეროთი თამაშს მცველთა ხაზზე განლაგება ამჯობინა. გერმანიაში ამის გამო იმასაც ამბობდნენ, ჰაინკესი სრულ ჭკუაზე ვერ უნდა იყოსო.
ჰაინკესი პროგრესული მწვრთნელი იყო მაშინაც. უბრალოდ, მას "აინტრახტმა" ვერ აუწყო ფეხი. ის ძალიან პრინციპულიც იყო. პარასკევს "ჰამბურგთან" გვქონდა მატჩი, საქართველოს ნაკრებს კი - ოთხშაბათს.
ჰაინკესმა მითხრა, პარასკევს "ჰამბურგთან" ითამაშე და მერე წადი ნაკრებშიო, მაგრამ მე ერთი კვირით ადრე გამოვემგზავრე გერმანიიდან.
როცა კლუბში დავბრუნდი, ჰაინკესი თვენახევარი არ მათამაშებდა ძირითადში. თუ, მაგალითად, ფოგთსი 1996 წელში ჩარჩა, ჰაინკესმა ფეხი აუწყო ფეხბურთის განვითარებას, მიუნხენის "ბაიერნს" დიდებული ფეხბურთი ათამაშა. ამაში მას მათიას ზამერიც მოეხმარა სწორი სელექციით.
მწვრთნელის როლი ძალიან გაიზარდა, თუნდაც იმიტომ, რომ ახლა ინფორმაციის გაცილებით დიდ მოცულობასთან აქვს საქმე.
- ბარემ იმაზეც გკითხავთ, თუ ყველაზე უფრო რამ განიპირობა ჰაინკესის წლევანდელი წარმატებები "ბაიერნში"...
- "დორტმუნდშიც" და "ბაიერნშიც" მოხდა შერწყმა - გერმანელებმა ესპანური ფეხბურთიდან წამოიღეს რაღაცები და თავიანთიც დაუმატეს. შედეგად მივიღეთ მონსტრი.
მოკლე პასი, უფრო მეტი ინდივიდუალური თამაში - ამ ესპანურ ელემენტებს დაემატა მასობრივი შეტევები, ფლანგებზე აგრესიული თამაში, უკან ორი ცენტრალური მცველი და ერთი საყრდენი ნახევარმცველი რჩებიან, გუნდი კი შვიდი ფეხბურთელით უტევს...
- საქართველოს ნაკრებში მწვრთნელებიც იცვლებიან და ფეხბურთელთა თაობებიც, შედეგი კი არ ჩანს - ეს რისი ბრალი უნდა იყოს?
- უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ საქართველოს ამ ნაკრებს იმ დონის შემსრულებლები აღარ ჰყავს, უწინ რომ ჰყავდა.
ჩვენს დროს ქართველი ფეხბურთელები რუსეთში იმიტომ მიდიოდნენ, რომ მერე ევროპაში გადასულიყვნენ: კობიაშვილი მე, გახოკიძე... ასე გადავედით ევროპაში; კახა კალაძე კი ჯერ კიევის "დინამოში" წავიდა.
ახლა სხვა ვითარებაა, რუსეთსა და უკრაინაშიც ისეთი დიდი ფინანსური შესაძლებლობებია, რომ ქართველ ფეხბურთელებს სხვაგან წასვლის მოტივაცია ეკარგებათ. ისინი რუსეთსა და უკრაინაში სერიოზულ ანაზღაურებას იღებენ და ალბათ, ამით კმაყოფილდებიან.
- თქვენი თაობიდან ბევრს არ ჰქონია გაცილების მატჩი...
- შოთა არველაძეს და კახა კალაძეს მადლობა უნდა ვუთხრათ, ასეთი მატჩები რომ მოაწყვეს. ეს საჩუქარი იყო ჩვენი გულშემატკივრებისთვის.
რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, რომ ჩვენი თაობის ფეხბურთელები ერთად გაეცილებინათ, ისინი, ვინც მართლა წვლილი შეიტანა ქართულ ფეხბურთში. ჩემი თაობის ფეხბურთელები ამით გულდაწყვეტილები არიან...
- უკვე საკმაოდ ბევრ ნაკრებში ფეხბურთელები მარტო გამოძახებისთვის იღებენ ფულს, ზოგგან საკონტრაქტო სისტემაც არის, საქართველოს ნაკრებში კი ფეხბურთელებს პრემიებიც არ აქვთ - როგორ ფიქრობთ, გუნდში სიტუაციის დასაბალანსებლად ფინანსური შესაძლებლობები გამოყენებული არ უნდა იყოს?
- ფინანსური დაინტერესება ყოველთვის წარმოადგენს მოტივაციას. აზერბაიჯანის ნაკრებს ლუქსემბურგთან რომ მოეგო, თითოეული ფეხბურთელი 50 000 დოლარს აიღებდა, მაგრამ ამან უშველა საქმეს?
ბერნდ შუსტერი ფეხბურთელის კარიერას "ლევერკუზენში" რომ ასრულებდა, მგზავრობის ფულსაც კლუბს ახდევინებდა. ამ ყველაფრით იმის თქმა მსურს, რომ ევროპელებს ყველაფერში ნუ შევედრებით, ჩვენ და ევროპელები ყველაფერში ერთნაირები ვერ ვიქნებით. მომწონს ევროპელების პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა, თუმცა მათ კარგად არ ესმით, თუ რატომ უნდა დაეხმარო ფინანსურად ახლობლებს.
- საქართველოს ნაკრების ზოგი ფეხბურთელი უკვე ღიად საუბრობს გუნდში არსებულ სიტუაციაზე. ახლახან არაერთმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები ასე უკნიდან არ უნდა თამაშობდეს...
- ჩვენი ნაკრების ყველა ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ, თუმცა ფეხბურთელი არის ჯარისკაცი და უნდა დაემორჩილოს მთავარსარდლის, მწვრთნელის მითითებებს. ფეხბურთელებს ვურჩევ, რომ გუნდის ტაქტიკაზე საუბარს მოერიდონ. ერთი მწვრთნელი წავა და მისი შემცვლელი რომ მოვა, როგორი წარმოდგენა ექნება მას ასეთ ფეხბურთელებზე?..
- მაინც რა უნდა იყოს ყველაზე მწვავე პრობლემა საქართველოს ნაკრებში - არასასურველი სიტუაცია გუნდში თუ ოსტატობის ნაკლებობა?
- გუნდის წარმატებას ორივე განაპირობებს - კლასი და ერთსულოვნება.
- თქვენ რომ შემოგთავაზონ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა, ყველაზე უფრო რა პრობლემაზე დაფიქრდებოდით? ყველაზე უფრო რას გააანალიზებდით?
- ეგ თემა ჩემთვის დახურულია, საქართველოს ნაკრებს ჰყავს მწვრთნელი.
- "ინტერში" მეტწილად რა ტაქტიკურ სქემას ანიჭებთ უპირატესობას?
- ბევრ სქემას ვიყენებთ. კლუბის ბიუჯეტიდან გამომდინარე, "ინტერის" შეტევითი პოტენციალი მაღალი არ არის.
სეზონის დასაწყისში სამი ცენტრალური მცველით ვთამაშობდით, ფლანგებზე აქტიურად ვმოქმედებდით.
იტალიური გუნდების 70 პროცენტი დაახლოებით ასე თამაშობს - სამი ცენტრალური მცველი და ორი ფორვარდი. ჩვენ სამი თავდამსხმელით ვთამაშობდით - ერთი გამოკვეთილი და ორი გარემარბი. 19-მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა და სულ ოთხი გოლი გავუშვით.
- მაინც როგორ მოახერხა ამხელა ინვესტიციების მოზიდვა აზერბაიჯანის საკლუბო ფეხბურთმა? რა არის დაფინანსების მთავარი წყარო?
- დაფინანსების წყარო არის სახელმწიფო. ჩვენი გუნდის სპონსორი ბანკია, რომლის მფლობელს დაავალეს, რომ განავითაროს ფეხბურთი.
იგივეს ავალებენ სამინისტროებს. ზოგ კლუბს ძალიან მდიდარი მეპატრონე ჰყავს, მაგალითად, ლენქორანის "ხაზარს". ფეხბურთში დაკავებული ბიზნესმენები ამ საქმიდან არ იბეგრებიან. ყველაფერი ეს პირადად ქვეყნის პრეზიდენტის დავალებაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ინტერვიუ ალექსანდრე იაშვილთან - როგორ აჯობა ბაქომ ჩიკაგოს