მჭედლიძე ის ფორვარდია, ვისაც ბევრი შეუძლია. მისი დიაპაზონი ფართოა, თუმცა ტრავმიანობამ მას ძალიან შეუშალა ხელი...
მჭედლიძისგან გულშემატკივარი ბევრს იმიტომაც ითხოვს, რომ მასში დიდ პოტენციალს ხედავს. ლევანს კიდევ აქვს იმის შანსი, რომ გაცილებით მეტს მიაღწიოს - ასაკი და კარგი მონაცემები მას ამის საშუალებას აძლევს.
მაღალი, მოქნილი, ტექნიკური, აგრესიული ცაცია შემტევი - რომ არა მისი თვისებები, მჭედლიძე ხუთი წელი იტალიაში ვერ გაჩერდებოდა.
აპენინებზე დაბრუნებამდე მჭედლიძეს ინტერვიუ ჩამოვართვით...
-
- მენეჯერმა დამირეკა და ვისაუბრეთ ამ საკითხზე. 9 ივლისს უნდა ჩავიდე იტალიაში და ყველაფერი მერე გადაწყდება. აგენტმა მითხრა, რომ სხვა ვარიანტებიც არის.
- ანუ "პარმაში" ტრანსფერი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის?
- ჩემმა აგენტმა დავიდე ტორკიემ მითხრა, რომ "ემპოლი" და "პარმა" ყველაფერზე შეთანხმდნენ. "ემპოლის" პოზიცია ასეთი ყოფილა: 2013-14 წლების სეზონში ისევ სერია A-ში გადასვლისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ეს ფეხბურთელი გვჭირდება. ამიტომ ტრანსფერი კიდევ ერთი წლით გადავდოთო.
- და ამის შემდეგ გადასაწყვეტი რა რჩება? თავს იკავებ "პარმაში" გადასვლისგან?
- მე უარი არ მითქვამს, უბრალოდ, სატელეფონო საუბრით ვერ მივიღებდი საბოლოო გადაწყვეტილებას.
- "ემპოლიდან" ერთხელ უკვე წახვედი სხვა გუნდში - "პალერმოში" იჯარით თამაშობდი, თუმცა ის პერიოდი წარმატებული ვერ გამოდგა...
- პრობლემები შემექმნა "პალერმოს" მწვრთნელ დელიო როსისთან. ისე მოხდა, რომ რვა თვე გამიცდა და მერე ისევ "ემპოლიში" დავბრუნდი.
- მაინც რა პრობლემა შეგექმნა დელიო როსისთან?
- ვარჯიშზე ერთი-ორჯერ შევლაპარაკდით, წმინდა სპორტულ თემაზე მოგვივიდა ეს ყველაფერი და ამ ამბავს ჟურნალისტებიც შეესწრნენ. მას შემდეგ ამ მწვრთნელთან არანაირი საუბარი არ მქონია. გარკვეული დროის შემდეგ კი ვუთხარი - თუ არ გჭირდებით, "პალერმოდან" წავალ-მეთქი. როსიმაც მითხრა - წადიო, თუმცა ჟურნალისტებს ეუბნებოდა, მჭედლიძე მჭირდებაო. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ სათადარიგოთა სკამზეც კი აღარ მიწევდა ყოფნა.
- ბოლო სამი წელია, "ემპოლიში" თამაშობ და ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებული წარმატებები გქონდა. მოედანზე გასვლა გიწევს, თუმცა უფრო შეცვლაზე...
- ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო "ემპოლისთან" რაიმე პრეტენზიები მაქვს. გუნდში გამოცდილი თავდამსხმელები - მასიმო მაკარონე და ფრანჩესკო ტავაო თამაშობენ, გოლებიც გააქვთ და წინა სეზონში იმდენი მოახერხა "ემპოლიმ", რომ კინაღამ სერია A-ში გადავიდა.
ასე რომ, ვერავის ვერაფერს დავაბრალებ. ისიცაა, რომ ნაკრებში ალბანეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმა მივიღე, კუნთი გავიწყვიტე და საკმაოდ დიდი ხანი მომიწია უქმობა. როცა ტრავმა არ მაწუხებდა და ფორმაში გახლდით, ყველანაირად ვგრძნობდი, რომ "ემპოლისთვის" საჭირო ფეხბურთელი ვიყავი.
- იტალიურ ფეხბურთში მწვავე ფინანსური კრიზისია? ფაქტია, რომ ფეხბურთში გერმანია და ინგლისი უფრო წინ არიან წასულები, ვიდრე იტალია, სადაც სტადიონები აღარ ივსება...
- კრიზისი მთელ მსოფლიოშია. გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა მოწესრიგებულობით, კრიზისი კი ესპანეთშიც არის. შეიძლება ითქვას, რომ იტალიურ გუნდებში ფინანსური კრიზისი არ იგრძნობა. რა თქმა უნდა, გერმანიაში, ინგლისსა და ესპანეთში სტადიონებზე დასწრების მხრივ, უკეთესი სიტუაციაა, თუმცა იტალიაში კვლავინდებურად უყვართ და გიჟდებიან ფეხბურთზე.
ემპოლიში დაახლოებით ოცი ათასი კაცი ცხოვრობს, თუმცა, როცა გუნდი სერია A-ში თამაშობდა, სტადიონი სულ ივსებოდა. ახლაც, პლეი ოფის შეხვედრებში, ტრიბუნებზე თავისუფალ ადგილს ვერ ნახავდით. გუნდმა წარმატებული თამაშით უნდა აიყოლიოს გულშემატკივარი.
- როგორც უნდა იყოს, ლევან მჭედლიძისგან ქართველი გულშემატკივარი გაცილებით მეტს ითხოვს და ამას, ალბათ, შენც გრძნობ. ბოლო დროს მაინც როგორ თავდამსხმელად ჩამოყალიბდი "ემპოლიში"? ნაკრებში გამართული ბოლო შეხვედრებიდან ცოტა რთულია დასკვნების გამოტანა, რადგან ჩვენი გუნდი ნაკლებად არის ორიენტირებული შეტევაზე...
- რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს, არის ის, რომ კაცი მოვატყუო, თამაში საკუთარ თავზე ავიღო. არ ვარ დამოკიდებული იმაზე, თუ როდის მომივა ბურთი მეტოქის საჯარიმოში. რაც შეიძლება მეტი შეხება მინდა მქონდეს ბურთთან.
მესმის, რომ ჩემგან გაცილებით მეტს მოელოდნენ, ჩემთვის კრიტიკაც სტიმულია და გვერდში დგომაც. როცა მაკრიტიკებენ, საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას - რატომ? ერთი სიტყვით, არც ერთ იმ გულშემატკივარზე არ ვარ გაბრაზებული, ვისაც ჩემი აღარ სჯერა. ვცდილობ, ჩემი დავამტკიცო და იმედია, რომ ეს გამომივა.
- "ემპოლიში" მეტწილად შეცვლაზე გიწევს თამაში - ეს ფსიქოლოგიურად როგორ მოქმედებს შენზე?
- ამდენი ტრავმისა და იმედგაცრუების შემდეგ, საქართველოში რომ ვთამაშობდე, ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა. "ემპოლიში" კი ყველაფერი სხვანაირადაა. მწვრთნელი მოედანზე ჩემს შეშვებას რომ გადაწყვეტს და გახურებას ვიწყებ, უკვე ვგრძნობ დიდ მხარდაჭერას.
დავიღალეთ მჭედლიძის ამდენი ტრავმებით და გაუშვით გუნდიდანო - შეიძლება ეს ერთი-ორმა თქვას, მაგრამ მთლიანობაში დიდი თანადგომა მაქვს გულშემატკივრებისგან, თანაგუნდელებისგან, მწვრთნელისა და კლუბის ხელმძღვანელობისგან.
- საქართველოს ნაკრებზე გადავერთოთ. რამდენიმე ფეხბურთელმა უკვე ღიად განაცხადა, ჩვენმა ნაკრებმა უნდა შეუტიოს, სულ დაცვაში არ უნდა ვიჯდეთო. საინტერესოა ლევან მჭედლიძის აზრიც ამ ყველაფერზე...
- რა თქმა უნდა, მირჩევნია, მარტო არ ვიყო და გვერდით კიდევ ერთი თავდამსხმელი მყავდეს. უნდა შევუტიოთ - სულ ასეთ გუნდებში მითამაშია.
როცა ესპანეთია მეტოქე, თუ დაცვაში არ გამაგრდი, სხვანაირად ვერ ითამაშებ. ესპანეთთან და საფრანგეთთან სხვანაირად ძალიან რთულია თამაში. ამ ნაკრებების თითქმის ყველა ფეხბურთელი გრანდ კლუბში თამაშობს, მთელი სეზონის განმავლობაში 90 წუთის თამაში უწევს, სულ სხვა დონეზეა.
ესპანეთთან ამისულაშვილის დარტყმა ძელს რომ არ მოხვედროდა და კარში გასულიყო, სასწაული იქნებოდა.
რაც შეეხება ფინეთსა და ბელორუსს, როცა შეტევაში ამდენი სწრაფი, თამაშის საკუთარ თავზე ამღები ფეხბურთელი გყავს...
ნაკრებში არ ვართ მიჩვეულნი იმას, რომ შეტევაში ვითამაშოთ და თუ ამის პოტენცია არ გვაქვს, ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.
- საქართველოში ზოგი იმასაც ამბობს, მჭედლიძე ვარჯიშებს ზერელედ ეკიდებაო...
- ასე რომ იყოს, ამდენი ხანი იტალიაში გამაჩერებდნენ?! არასდროს უნდა ილაპარაკო ის, რასაც საკუთარი თვალით არ ხედავ.
- ექვსი წელია, რაც იტალიაში ხარ - არ არის დრო, სხვა ქვეყანაშიც მოსინჯო ძალა?
- ჯერ არა. იყო გერმანიაში წასვლის ვარიანტები, მაგრამ მივეჩვიე იტალიურ სტილს და ჩემი მენეჯერიც იმას მირჩევს, რომ არ წავიდე იტალიიდან. სანამ სისტემატურად არ მომიწევს სასტარტო შემადგენლობაში თამაში, მანამდე სხვაგან წასვლას არ ვაპირებ.
- როგორც გავიგეთ, საკმაოდ რელიგიური გახდი...
- ვცდილობ, ეკლესიურად ვიცხოვრო. ღმერთის რწმენა არის ის, რაც განაპირობებს ადამიანობას. ჩემთვის მთავარი სწორედ ეს არის. სპორტული მიღწევები და კარიერა ამის მერე მოდის. ჩემი მოძღვარი ბერი ზემო აჭარიდანაა.
- მართალია, როცა პირველი მატჩები ითამაშე ეროვნულ ნაკრებში, შენით მიუნხენის "ბაიერნიც" დაინტერესდა?
- კი, მაგრამ მაშინ არასრულწლოვანი ვიყავი ევროპაში ტრანსფერისთვის. "ემპოლიში" გახლდით, თუმცა არასრულწლოვნობის გამო კლუბთან პროფესიული კონტრაქტი არ მაკავშირებდა და სხვა გუნდს იოლად შეეძლო ჩემი წაყვანა.
ეროვნულ ნაკრებამდე ყველა ასაკობრივ ნაკრებში მომიწია თამაში და როცა მიძახებდნენ, "ემპოლის" ეშინოდა, სხვა გუნდებიდან არ მიმეღო შემოთავაზება. ამიტომაც შევთანხმდით, რომ სანამ "ემპოლისთან" პროფესიულ კონტრაქტს არ გავაფორმებდი, სხვა გუნდში არ გადავიდოდი.
- ბარემ შოტლანდიასთან მატჩი და ეროვნულ ნაკრებში პირველი გოლიც გავიხსენოთ. მაინც რა დავალება მოგცა კლაუს ტოპმიოლერმა?
- შოტლანდიასთან თბილისურ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, იტალიასთან ჯენოაში გვქონდა შეხვედრა. მუხლის ოპერაციიდან სამი თვე იყო გასული. ჯენოაში "ემპოლის" ხელმძღვანელობაც ჩამოვიდა - ვარჯიში ნორმალურად არც კი დაგიწყია და რა ხდებაო.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვგრძნობდი, რომ ნაკრებს რაღაცაში მაინც გამოვადგებოდი. "ემპოლის" დირექტორი და მენეჯერი ტოპმიოლერს ესაუბრნენ, მერე გერმანელი მეც დამელაპარაკა. როგორც ვიცი, ის დაპირდა "ემპოლის", მჭედლიძეს არ ვათამაშებო, მაგრამ იტალიასთან სასტარტოში გამამწესა. 0:2 წავაგეთ და საკუთარი თავითაც ძალიან უკმაყოფილო ვიყავი.
ტოპმიოლერმა შოტლანდიასთან თამაშის დღეს, დილით მითხრა, მოემზადე, უნდა ითამაშო, კუთხური რომ იქნება, წინა ძელთან გადი, დღეს გოლს შეაგდებო. თუ არ ვცდები, მე-11 წუთზე კუთხურის ჩაწოდების უფლება მოვიპოვეთ, ზურაბ მენთეშაშვილმა რომ ჩააწოდა, წინა ძელთან გავედი და ბურთიც ჩემ წინ აღმოჩნდა.
სასწაული გრძნობა დამეუფლა, 17 წლისამ პირველი გოლი გავიტანე ეროვნულ ნაკრებში...
ლევან მჭედლიძე: ჯერ ადამიანობა, მერე სხვა დანარჩენი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"პარმა" მჭედლიძეზე ტრანსფერის უფლებას 1,5 მილიონად შეიძენს
"პარმა" ლევან მჭედლიძეთი დაინტერესდა
ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე იტალიის სერია A-ს ვერ შესწვდნენ
როგორც საბერძნეთი და ხორვატია უბრუნდებიან ისევ "ძველ კალაპოტს" იმიტომ რომ ეგენი "ჭკვიანურად" თამაშს არ მოიშლიან!!
მაგალითად არგენტინა ოდესმე დაცვაში ჩაუჯდება ვინმეს რაც არ უნდა გაუჭირდეს? არ იკადრებს, იმიტომ რომ არგენტინაა.
ჩვენ ქართველები ვართ!!! ჩვენ დავით ყიფიანის, მიხეილ მესხის და სლავა მეტრეველის ქვეყანა ვართ!!!
ჩვენი წინაპრები ყოველთვის პირველები გადადიოდნენ შეტევაზე!!! ეგაა ჩვენი სტიქია, ტოპმიულერი რომ ტოპმიულერია ეგეც იმას ამბობს რომ ქართველებს სისხლში აქვთ შეტევა და ტექნიკაო!!