ტრავმებმა ძალიან გამამწარა - როდის დაბრუნდება მათე ვაწაძე?

AutoSharing Option
საფრანგეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩიდან ერთ კვირაში, 25 მარტს, დანიის სუპერლიგაში "ნორდსიელანდმა" "ორჰუსს" უმასპინძლა. შეხვედრის 31-ე წუთზე მასპინძელთა მცველთან, ჟორეს ოკორესთან (რომელიც დანიის ნაკრების წევრია და ახლა "ასტონ ვილაში" გადავიდა) ორთაბრძოლაში მათე ვაწაძემ სერიოზული ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მკურნალობს.

ექიმმა მათეს მძიმე დიაგნოზი დაუსვა - კოჭის მოტეხილობა, რაც ძალიან მძიმე სამკურნალოა და დასვენება ნახევარი წლით მოუწევს.

ეს ქართველი გულშემატკივრისთვის სამწუხარო ამბავი იყო, რადგან საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის თავდამსხმელი დამაიმედებლად ათამაშდა და თემურ ქეცბაიას გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილს
იმკვიდრებდა.

ვაწაძემ დანიის სუპერლიგის დასრულებულ სეზონში 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ეროვნულ ნაკრებში კი 6-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი მიითვალა.

როდის დაუბრუნდება მათე ვაწაძე მოედანს? ამის დასადგენად თავდამსხმელს დანიაში შევეხმიანეთ:

- ყველაფერი ძალიან ცუდად აეწყო. იმ მატჩის დროს თოვდა, ციოდა, ხელოვნურ საფარზე ვთამაშობდით და ფეხი ცუდად გამისრიალდა, ოკორემ კი კოჭზე ფეხი შემთხვევით დამაბიჯა და საშინელი ტკივილი ვიგრძენი. 3 თვე მოძრაობაც არ შემეძლო.

ახლა მკურნალობა დავასრულე და დღეს პირველად ვივარჯიშე, მაგრამ ჯერ მოედანზე დაბრუნებაზე ლაპარაკი ნაადრევია.

მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ მთავარი რეაბილიტაციაა და სიჩქარე არაფერს მარგებს. ეგაა, ვარჯიში რომ დავიწყე, ჯერ ფეხებში ძალას საერთოდ ვერ ვგრძნობდი. მაგრამ მაიმედებენ, რომ მოედანს შემოდგომაზე დავუბრუნდები და კოჭის ტკივილი აღარ შემაწუხებს.

- ეს როდის მოხდება?
- სავარაუდოდ, სექტემბერში.

- ეს მერამდენე მძიმე ტრავმაა შენს კარიერაში?
- მგონი, მესამეა თუ მეოთხე, ტრავმებმა ძალიან გამამწარა. სხვათა შორის, კოჭის მოტეხილობა ჯვარედინი იოგების გაწყვეტაზე არანაკლებ სერიოზული სამკურნალოა და ხანგრძლივ მკურნალობასაც საჭიროებს. ამიტომ არსად ვჩქარობ.

- გორის "დილას" მეტოქე ისევ დანიური კლუბი, ამჯერად "ოლბორგი" იქნება. რა გუნდია, რა ფეხბურთს თამაშობს?
- კარგი, მოძრავი გუნდია. ჯანიანი მოთამაშეები ჰყავთ და ამავე დროს, აზრიან ფეხბურთს აჩვენებენ. სწრაფი კონტრშეტევები ეხერხებათ და ბურთიც კარგად იციან. ასე რომ, "დილას" საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე შეხვდა.

მაგრამ ევროსეზონს "ოლბორგი" დიდი დანაკლისით დაიწყებს: გუნდის ლიდერი, ცენტრალური თავდამსხმელი ნიკლას ჰელენიუსი, რომელიც დასრულებულ სეზონში ბომბარდირებში მე-2 ადგილზე გავიდა, "ასტონ ვილაში" გაყიდეს.

* * *
მათე ვაწაძის მდგომარეობაზე კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე "ორჰუსის" ექიმმა იაკობ ასტრუპმა ილაპარაკა:

"მკურნალობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. სავარაუდოდ, მათე სირბილს შემდეგ კვირაში დაიწყებს. აღდგენის პროცესი კარგად მიმდინარეობს და თუ ყველაფერი კარგად იქნება, სექტემბერში თამაშსაც შეძლებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მათე ვაწაძე: რაც უფრო მეტი თანაგუნდელი გეყოლება ახლოს, მით უკეთესი
მათე ვაწაძე: აქ, დანიაში, ფეხბურთელი უფრო დაფასებულია
ცუდი ამბავი დანიიდან: მათე ვაწაძემ მძიმე ტრავმა მიიღო [VIDEO]
მათე ვაწაძე: საქართველოს ნაკრებისთვის ჯერ ბევრი არაფერი გამიკეთებია
მკითხველის კომენტარები / 2 /
მათე მაგრად გვიყვარხარ, დინამოში ჩამოდი რა, მაგრად გვჭირდები.
gladiator
08:32 29-06-2013
0
მათე, შენ ეხლა გიდგება ასაკი, როცა უნდა დიდი მიზნები დაისახო და ბოლომდე იბრძოლო შენი შესაძლებლობების გამოსავლენად, შანს გამოყენება უნდა. მათე, ღმერთმა დაგლოცოს სულ წარმატებით გევლოს პირადი ცხოვრების მოსაწყობად და ქართველი ქომაგის გასახარად. დიდი ხანია მოგვენატრა თავდამსხმელი, რომლის სანახავადაც დავდიოდით სტადიონზე.
gizog
18:51 28-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული