ალექსანდრე იაშვილი: ბაქოს "ინტერი" აშშ-ისა და გერმანიის კლუბებს ვამჯობინე

AutoSharing Option
გერმანიიდან აზერბაიჯანში სათამაშოდ გადაბარგებული 35 წლის ალექსანდრე იაშვილი ადგილობრივ ინტერნეტგამოცემა 1news.az-ს ესაუბრა, სადაც ბაქოურ კლუბზე არჩევანის გაკეთების მიზეზებსა და ევროპის ლიგაზე თავისი გუნდის შანსებზე ელაპარაკა.

- "ინტერის" შემადგენლობაში ორი ოფიციალური მატჩის გამართვა უკვე მოასწარით ფინურ "მარიეჰამნთან". როგორ შეაფასებთ გუნდისა და საკუთარ თამაშს?
- ვფიქრობ, მეორე მატჩში უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე პირველში. ნაბიჯ-ნაბიჯ ვუმატებთ.

ჩემთვის ეს ახალი კოლექტივია და დრო მჭირდება, რომ შევეწყო მის თამაშს. ამის გამო ყველაფერი ჯერ კიდევ ისე არ გამოდის, როგორც გვინდა, თუმცა ვცდილობთ.

- "ინტერში" როგორ აღმოჩნდით?
-
კახაბერ ცხადაძესთან (ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელი) ერთად საქართველოს ნაკრებში მითამაშია. მას უდიდეს პატივს ვცემ და როდესაც მისგან წინადადება მივიღე, მაშინვე დავთანხმდი.

რა თქმა უნდა, მქონდა ვარიანტები აშშ-იდან და გერმანიიდან. MLS-ის "ჩიკაგო" მიწვევდა, მაგრამ კახასთან მუშაობა უფრო მაინტერესებდა და დავთანხმდი კიდეც.

- "ინტერის" ქართველ მოთამაშეებთან თუ გქონდათ ურთიერთობა? იცნობდით რომელიმე მათგანს მანამდე, სანამ აზერბაიჯანში გადმობარგების გადაწყვეტილებას მიიღებდით?
- დიახ, რა თქმა უნდა. ვიცოდი, რომ აქ ჩემი თანამემამულეები თამაშობდნენ, მაგალითად, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლომაია. ძალიან გამიხარდა, როდესაც "ინტერი" აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა.

- გერმანიის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც ბრწყინვალე კარიერა გქონდათ "ფრაიბურგში", "კარლსრუეში", "ბოხუმში", აზერბაიჯანის ჩემპიონატში გადასვლა უკანგადადგმული ნაბიჯი არაა?

- რა თქმა უნდა, გერმანულ და აზერბაიჯანულ ფეხბურთს შორის სხვაობა დიდია. გერმანიის ჩემპიონატი ლამის უძლიერესია ევროპასა და მსოფლიოში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხომ ორმა გერმანულმა გუნდმა ითამაშა.

აზერბაიჯანული ფეხბურთი ერთ ადგილზე არაა გაჩერებული და წლიდან წლამდე ძლიერდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი სჭირდება განვითარებისთვის.

- ბაქოში ოჯახსაც გადმოიყვანთ?
- არა, ოჯახი გერმანიაში დარჩება, რადგან ბავშვები სკოლაში იქ დადიან.

- წინ "ტრომსიოსთან" თამაში გაქვთ. სამწვრთნელო შტაბმა ალბათ უკვე გაგაცნოთ ეს გუნდი...
- საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მითამაშია ნორვეგიელთა წინააღმდეგ. ასევე, ვითამაშე ნორვეგიული "მიოლდეს" წინააღმდეგ უეფას თასზე.

ნორვეგიული ფეხბურთი ინგლისურს ჰგავს. ხშირად იყენებენ გრძელ პასსა და ჩაწოდებას. ძალიან სახიფათოა მათი "სტანდარტები".

ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და მაქსიმალურად ნაკლები შეცდომა დავუშვათ. იოლი არ იქნება, მაგრამ აუცილებლად გვინდა შემდეგ რაუნდში გასვლა.

- და რა შანსი და რისი იმედი აქვს "ინტერს"?
- საკუთარი თამაში უნდა ვითამაშოთ. უნდა ვცადოთ ისევე გავისარჯოთ, როგორც ეს ფინეთში გავაკეთეთ.

- უეფამ პირველი მატჩი ტრომსიოში გადაიტანა. პირველი თამაშის სტუმრად გამართვა სჯობს?
- საერთოდ, ჯერ გასვლაზე თამაში სჯობს, თუმცა ყველა შემთხვევაში ორი შეხვედრის გამართვაა საჭირო. კარგი ის იქნება, თუ პირველი თამაშის შემდეგ მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი გვექნება.

ასევე იხილეთ:
ქართველი ლეგიონერები ევროპის ლიგაზე: "ინტერს" ბაჩანა ცხადაძის გოლმა უშველა
კახა ცხადაძე: საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელს პატივს ვცემ, მაგრამ...
ინტერვიუ ალექსანდრე იაშვილთან - როგორ აჯობა ბაქომ ჩიკაგოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული