ქართველები უცხოეთში: ახლებური ფორმატით და ჭაბურღილი მესამე ადგილისათვის

AutoSharing Option
2 აგვისტოს აზერბაიჯანის ჩემპიონატი იწყება, რომელიც წინა სეზონებისგან განსხვავებით ახალი ფორმატით ჩატარდება: 10 გუნდი ოთხ წრედ იასპარეზებს.

არადა, ბოლო წლებია, აზერბაიჯანის ჩემპიონატში 12 გუნდი მონაწილეობდა და პირველ ეტაპზე ორ წრედ ასპარეზობდა.

ამის შემდეგ საუკეთესო 6 გუნდი, ასევე ორწრიან ტურნირში, ჩემპიონობისა და საპრიზო ადგილებისთვის იბრძოდა, VII-XII ადგილზე გასულები კი - იქაურ პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

მოკლედ, გეცნობათ, ალბათ, ეს სისტემა, თუმცა ჩვენი მეზობლები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გუნდების შემცირების ტენდენციას დაადგნენ და ბოლო სეზონის მიხედვით XI-XII ადგილზე გასული გუნდების ("ქიაფაზი", "თურანი") ნაცვლად, პირველი
ლიგიდან არავინ გადმოიყვანეს.

მიზეზი წმინდა საფეხბურთო იყო: პირველი ლიგის გათამაშების გამარჯვებულები ვერ აკმაყოფილებდნენ აზერბაიჯანული პრემიერლიგის მოთხოვნებს - ანუ, ახალ გათამაშებაში მხოლოდ ის გუნდები მონაწილეობენ, ფინანსების მხრივ პრობლემაც რომ არ გააჩნიათ და ინფრასტრუქტურაც, მეტ-ნაკლებად, გამართული აქვთ.

...იმედია, ადვილი მისახვედრია, თუ რატომ ვიჩენთ ამხელა ინტერესს აზერბაიჯანის ჩემპიონატის დაწყების მიმართ: უკვე მერამდენე წელიწადია, ამ ქვეყანაში ქართველი მწვრთნელები თუ ფეხბურთელები წინა პლანზე არიან.

ჩვენებზე ოდნავ ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი მოკლედ განვიხილავთ თითოეული გუნდის შანსებს.

ჩემპიონობის ფავორიტად ერთდროულად რამდენიმე გუნდი მოიაზრება: ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი კლუბი "ნეფთჩი", აგდამის "ყარაბაღი", ბაქოს "ინტერი", ლენქორანის "ხაზარი" და "გაბალა".

დიდი შანსია, სოლიდურბიუჯეტიანი "ბაქიც" ჩაერთოს საჩემპიონო რბოლაში: მოგეხსენებათ, ეს კლუბი... მადრიდის "ატლეტიკოს" ერთ-ერთი სპონსორია და ახალი სეზონიდან მთავარ მწვრთნელად სწორედ "ატლეტიკოს" ყოფილი ფეხბურთელი მილენკო პანტიჩი ეყოლება.

უფულობას არ უჩივის "გაბალაც", რომლის ხელგაშლილი მესვეურები ცნობილი და ძვირად ღირებული უცხოელი მწვრთნელების ცვლაში არიან, მაგრამ ეს გუნდი სამეულში მოხვედრას მაინც ვერ ახერხებს.

სწორედ ამ მიზნით ჩამოიყვანეს "გაბალაში" ცნობილი რუსი სპეციალისტი, მოსკოვის "ლოკომოტივისა" და კიევის "დინამოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი იური სიომინი. თუ ის გუნდს მესამე ადგილზე გაიყვანს, საჩუქრად, სულ მცირე, ნავთობის ერთ ჭაბურღილს მიიღებს კლუბის ხელმძღვანელობისგან!

თუმცა, "გაბალაზე" ბევრად უფრო მდიდარი კლუბებიც ჰყავთ ჩვენს მეზობლებს და, ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ლენქორანის "ხაზარს" ვგულისხმობთ, რომლის მეპატრონეც ამ ორი დღის წინათ სინანულით ამბობდა - ყოველწლიურად გუნდს ოც მილიონ დოლარს ვახარჯავ და შედეგს ვერ ვხედავო!

შეგახსენებთ, რომ წინა კვირაში, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, "ხაზარმა" საკუთარ მოედანზე 0:8 წააგო ხაიფას "მაკაბისთან" - ასეთი ანგარიში კი წლევანდელ ევროტურნირებზე სარეკორდოა.

რვაბურთიანი სხვაობით სან მარინოსა თუ ანდორის გუნდებიც არ დამარცხებულან! აქვე შეგახსენებთ, რომ "ხაზარის" მთავარი მწვრთნელი ცნობილი ბრიტანელი სპეციალისტი, უელსის ნაკრებისა და "ლივერპულის" ცოცხალი ლეგენდა ჯონ ტოშაკი გახლავთ.

"ნეფთჩი", "ყარაბაღი", "ინტერი" - აი, ასეთი თანამიმდევრობით დაასრულა წინა სეზონი ამ სამმა ფავორიტმა და ბევრის აზრით, ახალ სეზონშიც ეს სამი გუნდი იქნება ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატი.

"ნეფთჩიმ" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დასძლია (ალბანურ "შკენდერბრეუს" ვერ აჯობა). ამის გამო გუნდის მთავარი მწვრთნელი ბუიაქაღა გაჯიევი თანამდებობიდან გადადგა.

სამაგიეროდ, კვლავაც აგრძელებს ევროტურნირებზე გამოსვლას "ყარაბაღი", რომლის მთავარი მწვრთნელი ყურბან ყურბანოვი გუნდში ზედიზედ მეექვსე სეზონს იწყებს, რაც აზერბაიჯანის ჩემპიონატში უიშვიათესი მოვლენაა.

ერთ გუნდში გადაბმულად მუშაობის მხრივ ყურბანოვთან მიახლოებული შედეგი მხოლოდ ერთ სპეციალისტს აქვს - კახა ცხადაძეს, რომელიც კვირას ზედიზედ მეხუთე სეზონს დაიწყებს ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელის რანგში.

ქართული ინტერი და სხვები
აზერბაიჯანის ჩემპიონატის პირველი ტურის ცენტრალური მატჩი 4 აგვისტოს გაიმართება - ბაქოს "ინტერი" აგდამის "ყარაბაღს" უმასპინძლებს და სწორედ აქ უნდა ველოდოთ ჩვენებურთა დაპირისპირებას!

იმის მიუხედავად, რომ წინა სეზონის დასრულების შემდეგ "ინტერიდან" ოთხი ქართველი ლეგიონერი (გიორგი ადამია, ილია კანდელაკი, ვალერი აბრამიძე, რევაზ თევდორაძე) წავიდა, აზერბაიჯანის ყველაზე "ქართულ გუნდად" მაინც კახა ცხადაძის კრებული რჩება.

მეორე მწვრთნელის რანგში მეორე აზერბაიჯანულ სეზონს იწყებს 1981 წლის თასების მფლობელთა თასის ტრიუმფატორი ზაურ სვანაძე; გუნდის ძირითადი მეკარე, 33 წლის გიორგი ლომაია მეხუთუ სეზონისთვის ემზადება; წინა გათამაშებაში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, 25 წლის ბაჩანა ცხადაძე კი აზერბაიჯანის ჩემპიონატში მეოთხე სეზონს ჩაატარებს.

"ინტერი"-"ყარაბაღის" შეხვედრაში, დიდი ალბათობით, კიდევ სამ ქართველ ფეხბურთელს ვიხილავთ: 35 წლის ალექსანდრე იაშვილი, 31 წლის ლაშა სალუქვაძე (ორივე - "ინტერი") და 27 წლის ნიკოლოზ გელაშვილი ("ყარაბაღი") აზერბაიჯანის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩს ჩაატარებენ.

ისე, ჩვენს სამეზობლოში ამ ბოლო დროს ცნობილი ლეგიონერების გამოჩენა არავის უკვირს, მაგრამ ვეჭვობთ, ვინმეს ჰქონდეს ისეთი საკლუბო კარიერა, როგორიც - ალექსანდრე იაშვილსა (გერმანიის პირველ და მეორე ბუნდესლიგაში 17 სეზონი რომ აქვს გატარებული) და ლაშა სალუქვაძეს (რუსეთის ორგზის ჩემპიონი).

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ გელაშვილი ორჯერ იყო საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

სხვათა შორის, "ინტერი"-"ყარაბაღის" შეხვედრაში კიდევ ერთი ფეხბურთელის გამოჩენა უნდა იყოს ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო.

ვგულისხმობთ მასპინძელთა 30 წლის ახალწვეულს, ბასკ ნახევარმცველ მიკელ ალვაროს, რომელმაც ბოლო ორი სეზონი თბილისის "დინამოში" მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა.

განსაკუთრებით წინა ჩემპიონატი გვახსენდება, როცა ალვაროს სუპერგოლებით (გორის "დილასა" თუ ქუთაისის "ტორპედოსთან") თბილისის "დინამომ" თითქმის ყველა პრინციპული მატჩი მოიგო...

ათგუნდიან ჩემპიონატში, ცხადაძის "ინტერის" გარდა, კიდევ ერთი კლუბია, სადაც მთავარ მწვრთნელად ასევე ქართველი და ასევე წარმატებული სპეციალისტი მუშაობს - თითქმის წელიწად-ნახევარია, ზაქათალის "სიმურგის" თავკაცი გიორგი ჩიხრაძე გახლავთ...

აი, ეს არის და ეს. დღესდღეობით, აზერბაიჯანის ჩემპიონატში მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელთა რიცხვი ხუთს არ აღემატება, თუმცა აგვისტოს ბოლომდე სიტუაცია შესაძლოა კიდევ შეიცვალოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლეგიონი ევროპის ლიგაზე: გელაშვილის "ყარაბაღმა" მოიგო, "ვიტესი" ფრეს დასჯერდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული