პირველად ჰოლანდიის ჩემპიონატის ისტორიაში: სამი ქართველი ძირითადში [VIDEO]

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ქართულ ლეგიონს 5-გოლიანი მონაგარი აქვს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ხუთი გოლიდან თამაშიდან მხოლოდ დავით თარგამაძემ გაიტანა "კარპატის" კარებში, დანარჩენი ოთხი კი პენალტებზე მოდის. გოლების გარდა, ჩვენებურები კიდევ 2 საგოლე პასით გამოირჩნენ

ჭანტურიას არავინ ელოდა
მიუხედავად იმისა, რომ რუსულ "ალანიაში" იჯარით თამაშისას 20 წლის გიორგი ჭანტურიას 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და რუსი საფეხბურთო ჩინოვნიკები ირწმუნებოდნენ, ქართველს დისკვალიფიკაცია ნებისმიერ ჩემპიონატში გადაყვებაო, ფაქტია, გიორგიმ ერედივიზიეს პირველ ტურში ითამაშა და კარგადაც გაისარჯა.

საქმე ისაა, რომ უეფას არ განუხილავს ეს საკითხი, ამიტომაც ჰოლანდიელებისთვის
რუსული სანქცია ჯერჯერობით სავალდებულო არაა, თუმცა, სამწუხაროდ, მომავალში შეიძლება ის მაინც ამოქმედდეს.

ქართველი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას "ვიტესი" კი რიხით იწყებს ჩემპიონატს, 3:1 "ჰერაკლესთან" - დამაჯერებელი გამარჯვება, თანაც სამი ქართველი ლეგიონერით სასტარტო შემადგენლობაში.

ასეთი რამ ჰოლანდიის ჩემპიონატში პირველად მოხდა: გურამ კაშიამ, ჭანტურიამ და ვალერი ყაზაიშვილმა ძირითადში ერთად დაიწყეს.

ამ სამეულიდან ყაზაიშვილი გამოირჩა, რომელმაც მარკუს პედერსენს მშვენიერი საგოლე პასი გადააწოდა. მოკლედ, ჰოლანდიაში იმედიანი სტარტი გამოგვივიდა.

4-მატჩიანი სერია
ზედიზედ 4 მატჩია, ლადო დვალიშვილი მინდორს გოლის გარეშე არ ტოვებს."ლეგიას" ფორვარდმა ახლა პოლონეთის ჩემპიონატის მესამე ტურში გაიტანა "პოდბესკიძიეს" კარში.

"ლეგია" 9 ქულით ერთადერთი უდანაკარგო გუნდია, ხოლო ლადოს ანგარიშზე წლევანდელ ექსტრაკლასაში უკვე 2 გოლია. 3 აგვისტოს ის მოედანზე შესვლიდან 2 წუთში გახდა გოლის ავტორი - პენალტი გაიტანა.

24 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ნიუ სეინტს" გაუტანა, 27-ში ჩემპიონატში "პოგონის" კარი დალაშქრა, 31-ში ისევ ევროთასებზე, ამჯერად "მიოლდეს" გაუტანა, ახლა კი "პოდბესკიძიეს" ჯერი დადგა. ასეთია ლადოს 4-მატჩიანი გოლების სერია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შტატიანი პენალტისტები

კიდევ სამი ქართული გოლი გავიდა პენალტის ნიშნულიდან. ლატვიაში ჯემალ ჯალიაშვილის პენალტმა ვერაფერი უშველა "ილიუკსტეს" - ჩვენებურის გუნდი რიგის "დაუგავასთან" შინ 2:5 შერცხვა.

ყაზახეთში კი გიორგი ფეიქრიშვილმა პენალტი ბოლო წუთზე გაიტანა, ხოლო მისმა "ატირაუმ" "თარაზი" 3:1 დაამარცხა.

კახა მახარაძემ უზბეკეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ბუხარასთან" პენალტით დააწინაურა "ფახთაქორი" და საბოლოოდაც ამ გუნდმა იმარჯვა - 2:1.

ყველაზე წარმატებულად კი უკრაინაში ვითამაშეთ: დავით თარგამაძემ გოლი 2 აგვისტოს გაიტანა, 3 აგვისოს კი "ზორიას" ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ "მეტალისტის" მცველებს საჯარიმოში თავბრუ დაახვია, კარის ხაზიდან თანაგუნდელ კამენიუკას თავზე დაასვა ბურთი და დუბლი შეასრულებინა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ამ ეპიზოდში ჯაბამ ძალზე ეფექტურად ითამაშა. მართალია, "ზორიამ" მოგება ვერ შეინარჩუნა (0:2 "მეტალისტმა" 2:2-ად აქცია), მაგრამ სტუმრებს ჩემპიონატში პირველი ქულები დააკარგვინა.

* * *
- სულ 39 ქვეყანაში 117 ქართველი ლეგიონერი აღვრიცხეთ.

- ევროპის გარდა ქართველები თამაშობენ აშშ-ში, უზბეკეთში, სამხრეთ აფრიკასა და ტაილანდში.

- ყველაზე უმცროსი ლეგიონერი ლაშა დვალია ("სკონტო", ლატვია) - 18 წლის და 3 თვის.

- ყველაზე ასაკოვანი ლეგიონერი ლევან ქებაძეა ("ომონია" არადიპუ, კვიპროსი) - 38 წლის და 6 თვის.

- ყველაზე მეტი ქართველი ლეგიონერი თამაშობს ლატვიაში - 14. 12 უმაღლეს და 2 პირველ ლიგაში.

- ყველაზე მეტი ქართველი ლეგიონერი თამაშობს ლიტვურ კლუბ გარგჟდაის "ბანგაში" - 6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლიტვის 'პალანგაში' 5 ქარტველი ლეგიონერიდან ერთი ცოტნე ჩანქსელიანი დაიტოვეს...ცოტნე 19 წლის ეხლა შესრულდა,კარგი მონაცემების ფეხბურთელია,მონდომებული და მიზანწერაფული,საუკეთესო ტექნიკით...ყველაზე ცუდი ის არის 'პალანგა'სუსტი გუნდია და თამაშეებს აგებს...როგორ ფიქრობთ,ეს არ აისახება დამწყები ფეხბურთელის ფსიქოლოგიაზე და რას ურჩევთ მას?
მედეა სურგულაძე
03:01 06-08-2013
0
ლიტვის "პალანგაში' 5 ქართველი ფეხბურთელიდან დაიტოვეს ერთი - ცოტნე ჩანქსელიანი - საუკეთესო მონაცემების ფეხბურთელია,მაღალი ტექნიკით.საქმე იმაშია,რომ პალანდა სუსტი გუნდია და თამაშებს აგებს...ეს არ აისახება დამწყები ფეხბურთელის ფსიქოლოგიაზე? რას ურჩევთ მას???
მედეა სურგულაძე
03:07 06-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული