რატომ გაბრაზდა ვარშავის "ლეგიას" უფროსობა ლადო დვალიშვილზე?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ვარშავის "ლეგიასთან" შეხვედრამდე ბუქარესტის "სტიაუას" მთავარი მწვრთნელი ლაურენციუ რეგეკამპფი ამბობდა (წყარო - www.prosport.ro), რომ მეტოქის ყველაზე სახიფათო მოთამაშეებად, იაკუბ კოზეცკისთან ერთად, ჩვენებური ფორვარდი ლადო დვალიშვილიც მიაჩნდა.

ცხადია, ქართველი გულშემატკივარიც ელოდა, რომ თბილისის "დინამოს" მძლეველ "სტიაუაზე" შურს "ლეგიას" ქართველი ლეგიონერი იძიებდა, მაგრამ დვალიშვილი ბუქარესტში მოედანზე მხოლოდ 81-ე წუთზე გამოჩნდა, 27 აგვისტოს გამართულ საპასუხო მატჩში კი... "ლეგიას" განაცხადშიც ვერ მოხვდა.

ახლა ნამდვილად ვერ დავიწყებთ იმის გადაჭრით მტკიცებას, თითქოს "ლეგიას" გავარდნის მიზეზი (თუნდაც ერთ-ერთი) დვალიშვილის არყოფნა იყო. ფაქტი ერთია
- სტუმრად ნათამაშები 1:1-ის შემდეგ ვარშაველებმა შანსი ხელიდან გაუშვეს, შინ 2:2 ითამაშეს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური რუმინეთის ჩემპიონს დაუთმეს.

ცხადია, დვალიშვილის საკითხით დავინტერესდით. როგორც შევიტყვეთ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სრულიად ჯანმრთელია. მაშ, რა იყო მისი იგნორირების მიზეზი? უნდა ვიფიქროთ, რომ "ლეგიას" მწვრთნელ იან ურბანს საამისოდ სერიოზული საფუძველი ჰქონდა.

თუმცა დვალიშვილს მწვრთნელის გადაწყვეტილება ვერაფრით აუხსნია. მით უფრო, რომ საკონტროლო შეხვედრებსა და ოფიციალურ მატჩებში, ასე თუ ისე, შედეგი (გადასარევი არა, მაგრამ მაინც) ჰქონდა...

შესაძლოა, ეს ყველაფერი ზაფხულში, ავსტრიული შეკრებისას მომხდარ ფაქტს უკავშირდებოდეს. საქმე ისაა, რომ 29 ივნისს "ლეგია" საკონტროლო შეხვედრაში ავსტრიულ "რიდს" 3:3 დაუზავდა, პოლონელთაგან სამივე გოლი დვალიშვილმა გაიტანა. ამ მატჩს გერმანული ბუნდესლიგის ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელი დაესწრო და საქართველოს ნაკრების ფორვარდი ისე მოეწონა, რომ "ლეგიასგან" ტრანსფერის გამოსყიდვა და გაცილებით ხელსაყრელი პირადი კონტრაქტი შესთავაზა.

დვალიშვილს ეს ჭკუაში დაუჯდა და მენეჯერის დახმარებით ვარშაველებთან მოლაპარაკება დაიწყო. "სტიაუასთან" შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე მენეჯერმა კლუბს საბოლოო პასუხი მოსთხოვა - ახლა თუ არა, დვალიშვილი ზამთარში მაინც გაუშვითო. ამაზე "ლეგიას" პრეზიდენტი გაბრაზებულა და დვალიშვილისთვის საყვედური უთქვამს.

ეს იყო და ეს, თითქოს გაუგებრობა ამოიწურა, მაგრამ... პლეი ოფში მომხდარი გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, ამ ხერხით "ლეგია" დვალიშვილს სჯის.

თუმცა ვიმეორებთ - ეს უთამაშებლობის მიზეზის ერთ-ერთი შესაძლო ვერსიაა, ზუსტი მიზეზი დვალიშვილმა არ იცის. ფაქტია - საქართველოს ნაკრების სრულიად ჯანმრთელ თავდამსხმელს, რომელიც "ლეგიას" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, პრინციპულ შეხვედრაში თავის გამოჩენის შანსი არ მიეცა.

"უსიამოვნო ამბავი მოხდა. კლუბის ხელმძღვანელობა და მწვრთნელი, ეტყობა, გაბრაზდნენ, მაგრამ არაფერია, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება", - გვითხრა დვალიშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
dvalishvili ver tamashobs da imitom araa ganacxadshi, kvelaferi zgaprebia rasac amboben, nakrebshi xo vxedavt ra fexburts tamashobs, ra naxes misi natamashevi ver gavige, ranairi tvalit ukurebs es xalxi fexburts, saocaria pirdapir
goga
21:51 29-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული