ლეგიონის უქმეები: ქართული საფეხბურთო სპექტაკლი პოლონეთში [VIDEO]

AutoSharing Option
ამ უქმეების მთავარი მოვლენა ჩვენთვის ლადო დვალიშვილის ჰეთ თრიქია პოლონურ "ლეგიაში", თუმცა მხოლოდ ეს არ იყო საინტერესო ქართულ ლეგიონში.

პირველი ჰეთ თრიკი 4 წლის მერე
27 წლის ლადო დვალიშვილმა ამ უქმეებზე პოლონეთის პირველობაზე "იფეთქა" - "ლეგიას" ფორვარდმა ლომის წილი დაიდო სტუმრად აუტსაიდერი კიელცეს "კორონას" ძლევაში - 5:3. მან ჰეთ თრიკი შეასრულა!

ლადომ გოლები "კორონას" კარში 25-ე, 47-ე და 69-ე წუთებზე გაიტანა.

"ლეგია" 15 ქულით პოლონური ექსტრაკლასას ლიდერია. ქართველ ფორვარდს 6 მატჩში 5 გოლი დაუგროვდა. 5 გოლით ის პოლონეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა
დავაში თანალიდერია ვიძეველ ლატვიელ ედუარდს ვიშნიაკოვსთან ერთად.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ბოლოს სამი და მეტი გოლი ჩვენმა თანამემამულემ 2009 წელს გაიტანა. მაშინ ის ლატვიურ "სკონტოში" თამაშობდა და მისმა გუნდმა სტუმრად 8:1 იმარჯვა "ოლიმპსთან". მაშინ დვალიშვილმა პოკერი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ დვალიშვილი სანაკრებო პაუზის მერე გამოცხადდა "ლეგიაში". აი, ეროვნულ გუნდში კი მას 2009 წლის 10 ოქტომბრის მერე (მაშინ ჩერნოგორიას გაუტანა) სამწუხარო "მშრალი" სერია აქვს.

მატჩის შემდეგ ქართველმა ლეგიონერმა შემდეგი განუცხადა პოლონურ მედიას:

"დღეს ჰეთ თრიქი შევასრულე და ბედნიერი ვარ. არასოდეს განვიცდი ფსიქოლოგიურ ზეწოლას, გავდივარ მინდორზე, ვთამაშობ, როგორც შემიძლია.

არ ვუსმენ უსაფუძვლო კრიტიკას, სამაგიეროდ, ბევრს ვვარჯიშობ, რომ უკეთ ვითამაშო.

დღეს ყველაფერი გამომივიდა, ხვალ შეიძლება არ გამიმართლოს - ასეთია ფეხბურთი. მე შევეცდები, მუდამ ფორმაში ვიყო".

აქვე მოკლე მიმოხილვასაც გთავაზობთ პოლონური გამოცემების. "გიჟური თამაში კიელცეში 8 გოლით, რომლის გმირიც უდავოდ ქართველი ლეგიონერი ვლადიმერ დვალიშვილი იყო", - წერს "ონ 24".

"ქართველს ბოლო ხანებში მკაცრად აკრიტიკებდნენ პრესაში, თუმცა ახლა მან კრიტიკას სამი გოლით უპასუხა" - "ფაქტი".

"საფეხბურთო სპექტაკლი ქართველმა ვლადიმერ დვალიშვილმა მოაწყო"
, - "გაზეტა ვიბორჟა".

პოლონეთში კიდევ ერთი "ქართული" გუნდია - თუმცა "იაგელონიას" გიორგი ფოფხაძეს და ნიკა ძალამიძეს "რუხის" წინააღმდეგ არ უთამაშიათ.

კობის ველით, ყენია ვნახეთ, ლუკას დებიუტი
სამწუხაროდ, ამ სეზონში ჯერ ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია მოწინავე ხუთი პირველობიდან რომელიმეში - ამის შანსი მხოლოდ ლევან კობიაშვილს აქვს, "ჰერტა"-"შტუტგარტის" (0:1) შეხვედრაში ოდენ სათადარიგო იყო.

ხუთი ტურიდან ჩვენი ვეტერანი ლეგიონერი მეორედ მოხვდა მატჩის განაცხადში, მაგრამ ეს ვერ იქნება დიდი შეღავათი.

მეორე ბუნდესლიგაში მოულოდნელად ითამაშა ლევან ყენიამ (ტრავმირებული იყო). ის 77-ე წუთზე გამოჩნდა "ფორტუნა"-"დინამო" დრეზდენის მატჩში (1:1).

"ფორტუნა" 8 ქულით საშიშ სიახლოვესაა გასავარდნ ზონასთან.

სხვათა შორის, ითამაშა III ბუნდესლიგის "უნტერჰახინგის" ნახევარმცველმა ლუკა ჰუფნაგელმა - 19 წლის ქართველმა 90 წუთი გაატარა "მიუნსტერთან" სტუმრად 3:2 მოგებულ შეხვედრაში.

ლუკამ ამ სეზონში პირველად იასპარეზა ჩემპიონატში.

მჭედლიძე გამოჯანმრთელდა
სერია B-ში ლევან მჭედლიძისა და ირაკლი შეყილაძის "ემპოლი" 10 ქულით ერთპიროვნული ლიდერია - ამ გუნდმა სტუმრად 2:0 დაამარცხა "კარპი".

ლევან მჭედლიძემ 69-ე წუთზე მასიმო მაკარონე შეცვალა, ხოლო შეყილაძე სათადარიგო იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ 23 წლის ფორვარდმა მცირე ტრავმა მალევე მოირჩინა, რის გამოც მან სანაკრებო მატჩები გამოტოვა საფრანგეთისა და ფინეთის ნაკრებების წინააღმდეგ. ამ სეზონში ლევანი სულ მეორედ გამოჩნდა "ემპოლის" შემადგენლობაში.

წვიმა, ხანძარი, დისკვალიფიკაცია
ამ უქმეებზე ბუნებამ არ მისცა "ვიტესში" მოთამაშე ქართველებს (გიორგი ჭანტურია ისედაც დისკვალიფიცირებულია) თამაშის საშუალება.

გადაუღებელმა წვიმამ "დენ ჰააგის" სტადიონის სადრენაჟო სისტემა გამოიყვანა მწყობრიდან; ასევე, ადგილი ჰქონდა ცრუ სახანძრო განგაშს, სტადიონზე მისულმა მეხანძრეებმა საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს: "დენ ჰააგი"-"ვიტესი" გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ჯიქიას და მახარაძის გოლები, ხიზანიშვილის ტრავმა
ჯანო ანანიძის "როსტოვმა" წაგებებს მოუხშირა - ამჯერად გუნდი სტუმრად ცსკა-სთან 0:1 დამარცხდა, ჯანო კი 82-ე წუთზე შეცვალეს.

ალექსანდრე ამისულაშვილი ყოფილ გუნდს ეთამაშა - "კრილია სოვეტოვი" "კრასნოდარს" ეწვია და 1:1 დაუზავდა. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა.

"ტომთან" თამაშში "ანჟის" რიგებში დებიუტი ჰქონდა გია გრიგალავას - ის ბოლო წუთზე გამოჩნდა მოედანზე.

საბა კვირკველია სათადარიგო იყო "ამკარი"-"რუბინის" დაპირისპირებაში.

"ჩემპიონატმა" ამისულაშვილის თამაში 6,5 ბალით შეაფასა, ანანიძის - 5,5-ით.

უკრაინის ჩემპიონატის მე-9 ტურში დავით თარგამაძის (სათადარიგო) და თორნიკე ოქრიაშვილის (90 წუთი უკანდახეული ფორვარდის პოზიციაზე) "ილიჩევეცმა" 1:0 მოუგო ჯაბა ლიპარტიას (54-ე წუთზე გამოვიდა, გაფრთხილება) "ზორიას".

მათე ღვინიანიძემ 90 წუთი ითამაშა "ვორსკლა"-"სევასტოპოლის" (2:2) დაპირისპირებაში. სტუმართა რიგებში ჩემპიონატში უკვე მესამედ გამოჩნდა ქართველი მცველი.

"დნიპროს" სასტარტოში ორივე ქართველი იყო "ტავრიასთან" 1:0 დასრულებულ შეხვედრაში. ალექსანდრე კობახიძე შესვენებაზე შეცვალეს, ჯაბა კანკავა (გაფრთხილება) კი ბოლომდე მოედანზე დარჩა.

სხვა პირველობებიდან აღვნიშნავთ, რომ "ქაისერის" შემადგენლობაში ("გენჩლერბირლიგისთან" მატჩში) უკვე მე-20 წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს ზურაბ ხიზანიშვილი.

ერთი გოლი გაიტანა შოთა ჯიქიამ სომხეთის ჩემპიონატში. ქართველის "განძასარმა" არასაფეხბურთო ანგარიშით, 9:2 დაამარცხა "ალაშკერტი". 28 წლის ფორვარდმა ანგარიში 4:1 გახადა.

კახა მახარაძემ კი "ყიზილყუმთან" თამაშში მოაგებინა უზბეკური ფეხბურთის ფლაგმან "ფახთაქორს", რომელიც დღეისათვის მე-4 ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა პასუხი ერთი! წყალტუბოს სამგურალის დონის გუნდებთან რომ გააქვს ეგ არაფრის პასუხია! პასუხი ისაა, რომ ნაკრებში 2 წელია გოლი არ გაუტანია!!!
dato
12:15 16-09-2013
0
ნაკრებში არაფრის მაქნისია დვალიშვილი და კლუბში რას შვრება რაში მაინტერესებს,იქ თავებს იხოცავენ,აქ ჩამოდიან და სტადიონზე სირბილი კი არა,სწრაფად სიარულიც ეზარებათ
jimmy jump
13:56 16-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული