ავთანდილ ებრალიძე: ადრე თუ გვიან საქართველოს ნაკრებში გამომიძახებენ

AutoSharing Option
შაბათს, 14 სექტემბერს, პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში მესამე ქართველის დებიუტი შედგა. ზაზა ზირაქიშვილისა ("ფარენსე") და გოჩა ქოქოშვილის ("ბელენენსეში") შემდეგ მთავარი პორტუგალიური დივიზიონის ბინადარ "ჟილ ვისენტეს" ფორმა ჩვენი გულშემატკივრისთვის ჯერაც უცნობმა ფეხბურთელმა, ავთო ებრალიძემ მოირგო.

"პორტუსთან" სადებიუტო შეხვედრაში ის მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა, თავად მატჩი კი პორტუგალიური ფეხბურთის გრანდმა 2:0 მოიგო.

21 წლის ებრალიძე თბილისშია დაბადებული. ვიდრე პროფესიულ კარიერას დაიწყებდა, 2007-დან 2011 წლამდე "ნორჩ დინამოელში", პორტუგალიურ "ესპარანსა დე ლაგუშსა" (ორ სხვადასხვა სეზონში) და "ხეტაფეში" თამაშობდა.

უკვე პროფესიულ ასპარეზზე კი ებრალიძეს 2011 წლიდან
"ჟუვენტუდე ევორასა" (27 მატჩი, 2 გოლი) და "ოლივეირენსეში" (46 მატჩი, 2 გოლი) უთამაშია.

ავთო ებრალიძეს პორტუგალიაში დავუკავშირდით და დავინტერესდით, როგორ მოხვდა პორტუგალიაში, როგორ აიწყო კარიერა და ა.შ.

- პორტუგალიაში როგორ მოხვდით?
- დაახლოებით 5 წელია, რაც მშობლებთან ერთად პორტუგალიაში ჩამოვედი და აქვე დავიწყე ვარჯიში. მანამდე საქართველოში, "ნორჩ დინამოელში", გია ხიტირთან ვთამაშობდი. სხვათა შორის, ჩემი თანაგუნდელები იყვნენ გიორგი ილურიძე და გიორგი დიასამიძე.

ხიტირის მერე რეზო გაგუა გვავარჯიშებდა. ეს წლები ძალიან კარგად მახსენდება - გაგუა არა მარტო გამორჩეული მწვრთნელი, ძალიან კარგი ადამიანიც იყო. გული უზომოდ დამწყდა, როცა მისი გარდაცვალების ამბავი გავიგე.

- პირინეებზე კარიერა როგორ დაიწყეთ?
- 16 წლის ვიყავი, როცა ჩემი ოჯახი სამხრეთში მდებარე საკურორტო ქალაქ ლაგუშში დასახლდა და II B დივიზიონის, ანუ რანგით მე-4 ლიგის "ესპერანსა დე ლაგუშის" ასაკობრივ გუნდში ჩავირიცხე.

ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა აგენტი და ესპანეთში, "ხეტაფეს" 19-წლამდელებში სინჯებზე წასვლა შემომთავაზა. მწვრთნელს მოვეწონე, დამტოვა და ერთი წელი ვთამაშობდი. მერე დუბლებში გადამიყვანეს და რამდენჯერმე ძირითად გუნდთან ერთადაც მავარჯიშეს.

ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ესპანეთში ყველაფერი კარგად მიდიოდა, კონტრაქტიც მზად იყო, მაგრამ პრობლემა იმან შექმნა, რომ არაევროკავშირელი ვიყავი.

- ანუ დღემდე საქართველოს მოქალაქე ხართ?
- რა თქმა უნდა. კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, "ხეტაფეს" 300 ათასი ევრო უნდა გადაეხადა, მაგრამ მდიდარი კლუბი არ არის და 18 წლის ფეხბურთელში ამხელა თანხით ვერ გარისკავდა. იძულებული გავხდი, პორტუგალიაში დავბრუნებულიყავი, სადაც "ესპერანსა დე ლაგუშის" ძირითად გუნდში ამიყვანეს.

- პორტუგალიაში იგივე პრობლემა არ შეგექმნა?
- პორტუგალიაში ცხოვრების, სწავლისა და მუშაობის უფლება მქონდა. "ესპერანსა დე ლაგუშში" მთელი სეზონი ჩავატარე და ამან ჩემს კარიერაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია - მეოთხე ლიგაში, ძირითადად, ვეტერანები თამაშობდნენ.

2011 წლის ზაფხული იყო, როცა II B დივიზიონის (რანგით მე-3 ლიგა) "ჟუვენტუდე ევორა" დამიკავშირდა. იქ სეზონი სრულად ჩავატარე. პორტუგალიის თასის 1/8-ფინალშიც კი გავედით და "მარიტიმუსთან" დავმარცხდით.

სეზონი დასრულდა და კონტრაქტი ლიგა დე ორნას (მე-2 ლიგა) რამდენიმე კლუბმა შემომთავაზა, რომელთაგანაც "ოლივეირენსე" ვამჯობინე, რადგან სულ აღზევებისთვის იბრძოდა.

იქ სეზონში 49 მატჩი ვითამაშე - ჩემპიონატში, თასსა და ლიგის თასზე. თასის 1/4-ფინალში "ჟილ ვისენტესთან" წავაგეთ და მის ხელმძღვანელობას მაშინ მოვეწონე. ზაფხულში მოლაპარაკება მიმდინარეობდა და ეს ინფორმაცია რამდენჯერმე პორტუგალიურ მედიაშიც გავრცელდა. მაგრამ "ოლივეირენსესთან" კონტრაქტი დეკემბერში მიმთავრდებოდა და საკმაოდ დიდი თანხა მოითხოვეს, "ჟილ ვისენტეს" კი დიდი სახსრები არ ჰქონდა.

მოკლედ, კლუბში დარჩენას შევეგუე, სეზონიც ისევ "ოლივეირენსეში" დავიწყე და აგვისტოში 4 შეხვედრაც ჩავატარე, მაგრამ გუნდები მაინც შეთანხმდნენ და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე, 31 აგვისტოს, "ჟილ ვისენტეში" გამიშვეს.

ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე.

- "ტრანსფერმარკტში" თქვენს ტრანსფერს 350 ათას ევროდ აფასებენ. რეალურად, რა თანხად შედგა გარიგება?
- ეს მიახლოებითი ფასია. სინამდვილეში "ოლივეირენსე" ჩემში 500 ათას ევროს ითხოვდა. პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მოთამაშეთა მინიმალური ფასი კი 2,5 მილიონი ევროა, მაგრამ "ჟილ ვისენტესთან" კონტრაქტში წერია, რომ ჩემით დაინტერესებულმა კლუბმა 5 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

სხვათა შორის, ამ გარიგების საფასურად, "ჟილ ვისენტემ" "ოლივეირენსეში" სამი ფეხბურთელი გაუშვა და მათ ხელფასს მაინც თავად უხდის. გარდა ამისა, "ოლივეირენსემ" ჩემი მომავალი სატრანსფერო თანხიდან 20 პროცენტიც დაიკანონა.

- პრიმეირა ლიგაში სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარე, თანაც "პორტუსთან" - ალბათ, 21 წლის ფეხბურთელისთვის ეს მოვლენა იყო.
- "დრაგაუს" სტადიონზე "პორტუსთან" მოგება ძალიან ძნელია, რადგან ამ გუნდს ბოლო წლებში შინ არ წაუგია და ჩვენც დავმარცხდით. ეს საწყენი იყო, მაგრამ დებიუტით მაინც წარმოუდგენელი სიხარული განვიცადე.

სხვათა შორის, მანამდე "ოლივეირენსეში" პირველად საკონტროლო მატჩი დაბალი ლიგის "დეპორტივო დე აგეშთან" სრულად ჩავატარე და გოლიც გავიტანე. მაგრამ გუნდში სულ 9 ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც ჩემს პოზიციაზე თამაში შეუძლია. არიან "პორტუს" ყოფილი მოთამაშეები, პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრებისა და განის ნაკრების წევრები. მოკლედ, დიდი კონკურენციაა და არ მეგონა, რომ მწვრთნელი მათამაშებდა.

საბედნიეროდ, ჰენრიკ ნუნიესმა მაინც შემიყვანა და დამატებითი წუთების ჩათვლით, მოედანზე სულ 16 წუთი ვიყავი.

"ჟილ ვისენტე" ძლიერი კლუბია და მიმაჩნია, რომ პრიმეირა ლიგაში თამაშიც კარიერაში დიდი ნახტომია, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ გზის დასაწყისია და ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად ბევრი შრომა დამჭირდება. სხვათა შორის, ახლა "ჟილ ვისენტეში" რომ არ გადავსულიყავი, დეკემბერში კონტრაქტის გაფორმებას "ბრაგაც" მთავაზობდა. მაგრამ პრიმეირა ლიგაში თამაშის ისეთი დიდი სურვილი მქონდა, ზამთრამდე ვეღარ მოვითმინე.

- თქვენი ამპლუის თაობაზეც სხვადასხვა ინფორმაციაა - ზოგან თავდამსხმელად მოგიხსენიებენ, ზოგან - ნახევარმცველად...
- მარცხენა ფლანგის შემტევი ნახევარმცველი ვარ.

- ბოლო დროს თქვენზე ქართული ბეჭდვითი მედია ბევრს წერდა. ალბათ, საქართველოს ეროვნული ან ახალგაზრდული ნაკრებების ხელმძღვანელებიც დაინტერესდებოდნენ...
- ადრე 19-წლამდელთა ნაკრებში გელა შეყილაძემ გამომიძახა. ახლა არავინ დამკავშირებია. ალბათ, არ მიცნობენ ან მათ ინტერესზე მე არ მაქვს ინფორმაცია.

სხვათა შორის, შარშან, "ოლივეირენსეში" გამოსვლის პერიოდში, პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებში მიმიწვიეს - მაშინ ისინი თურქეთს, ირლანდიასა და შვედებს ხვდებოდნენ. მაგრამ აქაური პასპორტის არქონისა და სხვა მიზეზების გამო შეკრებაზე არ წავედი.

პირდაპირ ვიტყვი და ეს ცარიელი სიტყვები არ არის - საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიას ბევრად ძლიერი და სახელოვანი ნაკრები ჰყავს, ქართველი ვარ და თუ ნაკრებში თამაში მომიწევს, ეს ჩემი ქვეყნის სახელით მსურს.

არა მგონია, რომ დაბალი დონის ჩემპიონატში ვთამაშობდე. იმედია, კარგად ვითამაშებ და ადრე თუ გვიან საქართველოს ნაკრებში გამომიძახებენ.

ცხოვრებაში ბევრი სირთულე გამომივლია, ყველაფერს მოთმინებითა და შრომით მივაღწიე და ლოდინი ახლაც არ გამიჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
წინსვლა და წინსვლა ვაჯკაცო აბა სენ იცი
muradi
11:52 19-09-2013
0
ემრავლოთ მსგავს ახალგაზრდებს... და არა მარტო ფეხბურთში...
murtalo
01:19 19-09-2013
0

სიახლეები პოპულარული