სამართლიანია ნიკოლაი პავლოვის პრეტენზია ქართველებთან?

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ "ლელო" თორნიკე ოქრიაშვილს გაესაუბრა. მარიუპოლის "ილიჩივეცის" 21 წლის ლეგიონერს ვკითხეთ, თუ რამ გამოიწვია ყაზახეთთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ მისი და დავით თარგამაძის ძირითადი შემადგენლობიდან გამოყვანა.

"მოხდა ისე, რომ უკრაინაში დასაბრუნებელი ბილეთები, შემთხვევით, ერთი დღის დაგვიანებით აგვიღეს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი პავლოვი გაბრაზდა, ეს კლუბის უპატივცემულობააო და ორ მატჩში ძირითადში არდაყენებით დაგვსაჯა.

მაგრამ წამოსვლამდე შეგვირიგდა, რადგან გაიგო, რომ გაუგებრობა მოხდა და დაგვიანება ჩვენი ბრალი არ იყო",
- გვითხრა ოქრიაშვილმა.

ამ თემამ უკრაინული მედიის ყურადღებაც მიიქცია, რადგან "უა-ფუტბოლთან" ინტერვიუში
"ილიჩივეცის" მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების წევრების დაგვიანების სხვა მიზეზი დაასახელა.

ვრცელ ინტერვიუში პავლოვი ბევრ საკითხს შეეხო, მაგრამ ქართული თემა იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, წერილი ასე დაასათაურეს - "ქართველები ნაკრებიდან ოთხი დღე ბრუნდებოდნენ".

პავლოვმა თარგამაძისა და ქართული "ეკონომიის" თაობაზეც ილაპარაკა. ცხადია, ამან დაგვაინტერესა. გთავაზობთ, ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც პავლოვი საქართველოს ნაკრებისგან შექმნილ პრობლემასა და "ილიჩივეცის" ჩვენებურ ლეგიონერებზე ლაპარაკობს.

ქვემოთ მოყვანილი კითხვა მოჰყვა პავლოვის პასუხს, სადაც ის ფეხბურთელების ნაწილს აკრიტიკებდა...

- ...გავაგრძელოთ რეგრესირებული მოთამაშეების თემა: როგორ ფიქრობთ, ოდესმე "შახტარში" დავით თარგამაძის დებიუტი შედგება? (თარგამაძის ტრანსფერი დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის. "ილიჩივეცში" იჯარით თამაშობს - რედ.)
- "შახტარის" შესახებ არაფერი ვიცი, ეს მათი საქმეა. მაგრამ თავისი დონით, ეს ფეხბურთელი ჩვენთან ძირითადის მოთამაშე უნდა იყოს. სამწუხაროდ, ის ჯერ დაშავდა, მერე მოიწამლა. სანამ მკურნალობდა, დონეცკის "მეტალურგი" 3:0 დავამარცხეთ. ცხადია, ასეთი თამაშის შემდეგ, ძირითადის მოთამაშეს თარგამაძით ვერ შევცვლიდი.

ამას გარდა, მას და ოქრიაშვილს სანაკრებო ისტორია გადახდათ. ცოტა ხნის წინათ, ნაკრებში მიწვეული ყველა ფეხბურთელი ერთ დღეში დაგვიბრუნდა, ზოგიც - ორ დღეში. ამ ორს კი მთელი ოთხი დღე ველოდით. აღმოჩნდა, რომ ისინი საქართველოს ნაკრების ადმინისტრატორმა ყაზახეთის გავლით გამოამგზავრა, რადგან ეს იაფი დაუჯდათ, ჩვენთან კი ოთხ დღეში ჩამოაღწიეს.

- ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არ მიმართეთ?
- დიახ, წერილი მივწერეთ და უკვე ყველაფერი მოგვარდა. "დნიპროს" ქართველები გუნდს ორ დღეში შეუერთდნენ, ჩვენ კი ლოდინმა მოგვიწია.

* * *
ფეხბურთელებს კლუბებში დროულად დაბრუნების პრობლემა რომ ექმნებათ, ამაზე ლევან ყენიამაც ილაპარაკა - სჯობს, იმაზე გაამახვილონ ყურადღება, ფეხბურთელებს ბილეთს რომ ვერ უღებენ და გადაჯდომებით, ლამის ქუვეითის გავლით ატარებენო...

ყენიას სიტყვები სწორედ პავლოვის მიერ მოყვანილმა ფაქტმა გაგვახსენა. დავინტერესდით და აი, რა გავარკვიეთ: საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთში 14 აგვისტოს ითამაშა და რადგან იმ დღეს უკრაინის მიმართულებით რეისი არ იყო, "ილიჩივეცის" ქართველები იქ ერთი დღე კიდევ გაჩერდნენ და მარიუპოლში 16 აგვისტოს გაფრინდნენ.

გამოდის, პავლოვი აშკარად აზვიადებს: ოქრიაშვილი და თარგამაძე მარიუპოლში სანაკრებო მატჩიდან ორ დღეში, 16 აგვისტოს გამოცხადნენ და არა - ოთხში. გუნდმა კი ინტერვიუში ნახსენები მატჩი (დონეცკის "მეტალურგთან") სანაკრებო შეხვედრიდან 3 დღეში, ანუ 17 აგვისტოს ჩაატარა.

არ უარვყოფთ, რომ ამ მხრივ პრობლემა არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში თემა ან "ილიჩივეცის" მწვრთნელმა გააბუქა, ან ჟურნალისტმა.

რაც შეეხება პრობლემას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არ არის მდიდარი ორგანიზაცია და ეს ყველაფერიც სწორედ ამის შედეგი გვგონია. ფედერაციას მგზავრობაზე ეკონომიის გაწევა უხდება. თუმცა, მეორე მხრივ, ფეხბურთელებს კლუბებთან ექმნებათ უსიამოვნება და არც ეს სჭირდება ვინმეს. ანუ, საკითხი მისახედია და როგორღაც ისე უნდა გადაწყდეს, რომ არავინ დაზარალდეს...

* * *
ამასობაში, პავლოვმა უკრაინის პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურში ლუგანსკის "ზორიასთან" თორნიკე ოქრიაშვილის კარგი თამაშიც აღნიშნა.

კითხვაზე - "ზორიას" წინააღმდეგ თავდასხმაში მაიკონი და ოქრიაშვილი ერთად დააყენეთ. დიდი ფუფუნება ხომ არ არის მოედანზე ორი ისეთი ფეხბურთელის ყოლა, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, დაცვას არ ეხმარებიან?",

პავლოვმა ჟურნალისტს შეახსენა, რომ გამარჯვების გოლი სწორედ ამ ორი მოთამაშის დამსახურება იყო.

"მე უფრო იმ ეპიზოდმა გამახარა, როცა ოქრიაშვილმა მაიკონს ბურთი მაშინ გადააწოდა, როცა გატანა თავადაც შეეძლო. ძალიან კარგი მომენტი იყო. რაც შეეხება დაცვაში თამაშს, საჭიროების შემთხვევაში, ისინი ამ რგოლსაც მიეხმარებიან",
- განაცხადა პავლოვმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული