ლაშა დვალი: ძალიან არ მინდა, მეც იგივე დამემართოს

AutoSharing Option
ლაშა დვალი გახარებულია - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრი ინგლისურ "რედინგში" ჩაირიცხა.

18 წლის ქართველს ინგლისელებმა თვალი შარშან, სლოვენიაში გამართული ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის დროს დაადგეს და 2012 წელს რიგის "სკონტოში" გაუშვეს. წლეულს, როცა ლაშა 18 წლის გახდა, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზეც ითამაშა და "რედინგმა" ქართველის დამატება საბოლოოდ გადაწყვიტა.

ლაშა დვალი ახლა ლატვიაშია. ინტერვიუში მან საინტერესო ამბები გაგვიმხილა:

- საქმე უკვე მოგვარებულია. სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და მალე ინგლისში გავემგზავრები. იმედია, ვიზას უახლოეს დღეებში მივიღებ.

- ინგლისური კლუბის ვებგვერდი ამტკიცებს, თითქოს "რედინგი" იჯარით
ისევ "სკონტოში" გაბრუნებთ. ჩვენ კი გვითხრეს, რომ შესაძლოა, დროებით საქართველოში ითამაშოთ...

- რა თქმა უნდა, მირჩევნია, თავიდანვე ინგლისში დავრჩე, მაგრამ გამორიცხული არც იჯარის ვარიანტია. საქართველოში დაბრუნება კი იმიტომ განიხილება, რომ მთელ ევროპაში ყველაზე გვიან სატრანსფერო ფანჯარა ჩვენთან იხურება.

მაგრამ ჯერ ზუსტად ვერაფერს გეტყვით. მთავარია, რას იტყვის "რედინგის" მწვრთნელი.

ძველი მწვრთნელი ძირითად გუნდში მომიაზრებდა, ახლანდელი კი კარგად არ მიცნობს და შესაძლოა, თავიდან დუბლშემადგენლობაში ვივარჯიშო და ამის შემდეგ იტყვიან, მზად ვარ თუ არა დასარჩენად. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, რა ფორმაში ვიქნები და ძირითად გუნდთან ადაპტაციას როგორ გავივლი. მთავარია, მკურნალობის პროცესი დროულად დავასრულო.

მიმტკიცებდნენ, ოპერაცია აუცილებელიაო და კიდევ კარგი, არ დავუჯერე, თორემ მთელი სეზონი გამიცდებოდა. ისრაელში გამოსაკვლევად წასული გამახარეს - ოპერაცია არ დამჭირდა. მკურნალობას 3 თვე, წყლის პროცედურები და ფიზიოთერაპიის კურსები სჭირდება. ამის შემდეგ უკვე შემეძლება ვარჯიში, ანუ კიდევ ორი თვე დავისვენებ.

გული დამწყდა, ტრავმის გამო ახალგაზრდული ნაკრების შეხვედრები რომ გამოვტოვე. ალექსანდრე ჩივაძემ გამომიძახა, მაგრამ ვერც ლატვიასთან ამხანაგურში ვითამაშე და ვერც - შესარჩევში ლუქსემბურგ-სლოვაკეთთან.

- თქვენი ხარჯებით მკურნალობთ თუ მას ინგლისელები გინაზღაურებენ?
- "რედინგი" ნორმალური კლუბია და, წესით, ხარჯები უნდა გაისტუმროს. ეს ევროპაში მიღებული წესია.

- საქართველოში, თუნდაც, უკრაინასა და რუსეთში, ბევრი კლუბი ასე არ იქცევა... კარგი, გავაგრძელოთ ტრანსფერის თემა. "რედინგში" კონტრაქტის გაფორმებამდე ერთი წლით ადრე იცოდით, რომ ამ გუნდში ჩაირიცხებოდით. ალბათ, სიხარული განელდა, მაგრამ 18 წლის ბიჭისთვის ინგლისში მოხვედრა დიდი მოვლენაა...
- რა თქმა უნდა. ჯერ მარტო იმის გააზრება მახარებს, რომ 2011 წლის შემდეგ, როცა "რედინგიდან" ზურაბ ხიზანიშვილი წამოვიდა, პირველი ქართველი ფეხბურთელი ვარ, ვინც ინგლისში მოხვდა. შეუძლებელია, არ მოგწონდეს ინგლისური საფეხბურთო გარემო, გადაჭედილი სტადიონები, მაგარი გულშემატკივრობა, ტემპიანი ფეხბურთი და ამ ყველაფერს მშვენიერი პირობებიც რომ ემატება, წინსვლისთვის მეტი რა გჭირდება?

სხვათა შორის, ჩემი ტრანსფერი შარშან რომ გადაწყდა, "რედინგის" დუბლებში ერთი თვე ვივარჯიშე და ესეც დიდი ამბავი იყო.

- ამ ტრანსფერში ლატვიელებს რა ინტერესი ჰქონდათ?
- მოთამაშის ინგლისში გაშვება ნებისმიერი კლუბის სახელისთვის კარგი ფაქტია. მე ვიქნებოდი თუ ვინმე ლატვიელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი თავად ფაქტია.

- ინგლისში უკვე გივარჯიშიათ და საინტერესოა, რა არის იქ ყველაზე რთული?
- თუ დამიჯერებთ, იქ საერთოდ არ გამჭირვებია. ჯერ იმიტომ, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფორმაში ვიყავი და მეორეც - ყველა ვარჯიში ბურთით იყო და ზომიერი დატვირთვები გვქონდა.

ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, სკოლის მასწავლებელი მოსწავლისგან გაკვეთილებს რომ იბარებს, მწვრთნელი ფეხბურთელებს ასე ეკითხებოდა და უხსნიდა ტაქტიკურ დავალებას.

ამ კუთხით კიევის "დინამოში" გამიჭირდა, სადაც უმძიმესი დატვირთვები იყო. ადგილობრივები ამას შეჩვეულები არიან, ჩემთვის კი ძნელი ასატანი იყო, მაგრამ ადამიანი ყველაფერს ეგუება და კიევში დამკვიდრებაც შესაძლებელი იყო.

- ინგლისური თუ იცით?
- კარგად არა, მაგრამ ვიცი. თუმცა სწრაფად ლაპარაკობენ და ეს იყო პრობლემა. ჩემი იქ ყოფნის დროს "რედინგში" ისლანდიელი ბიჭი ჩამოიყვანეს, რომელმაც ენა ჩემზე უკეთ იცოდა, მაგრამ სანამ ყური არ შეაჩვია, მანამდე ურთიერთობა გაუჭირდა.

- "სკონტოში" გატარებულმა პერიოდმა რა შეგძინათ?
- უდიდესი გამოცდილება! სულ ძირითად შემადგენლობაში ვიყავი და ეს მაშინ, როცა გუნდში ლატვიის ნაკრების 6 მოთამაშე იყო. მათგან, თამაზ პერტიასა და ირაკლი კლიმიაშვილისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. მაგალითად, "სკონტოს" კაპიტანი იური ლაიზანსი ძალიან კარგი ფეხბურთელი და არანაკლებ კარგი პიროვნება აღმოჩნდა, მოსკოვის ცსკა-ში ყოფნისას უეფას თასი აქვს აღებული. ის უფროსი ძმასავით მეხმარებოდა. საერთოდ, გუნდი მომეწონა, ბიჭებმა ძალიან თბილად მიმიღეს.

- ძლიერ ევროპულ ლიგაში ბევრი იმედისმომცემი ქართველი მოხვედრილა, მაგრამ წინსვლა შეუჩერებია. დარწმუნებული ვარ, ამაზე თქვენც გიფიქრიათ...
- დიახ, მიფიქრია და დარწმუნებული ვარ, ჭკვიანი კაცი სხვის შეცდომებზე ისწავლის. ეს უფრო მისაღებია, ვიდრე თავად რომ შეცდები, წლებს დაკარგავ და მერე შეცდომების გამოსწორებას შეეცდები. ძალიან არ მინდა, მეც იგივე დამემართოს. ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია და "ვარსკვლავური" დაავადება რატომ უნდა დამემართოს? კი არ ვტრაბახობ, მაგრამ ასეთი თავაწეული ადამიანი არც ვარ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისელებმა მაისამდე ვეღარ მოიცადეს - ლაშა დვალი "რედინგში" ჩაირიცხა
მკითხველის კომენტარები / 4 /
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ,ეტყობა რომ კარგი ადამიანია და გაახარებს მის ქომაგს..აბა შენ იცი,წარმატებები
durmishxan gulua
17:16 01-10-2013
0
ვააააააა,,რახდებბა
durmishxan gulua
17:19 01-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული