გიორგი დარასელია: შესაძლოა, გუნდი უკვე მომავალ კვირაში ჩავიბარო

AutoSharing Option
გიორგი დარასელია სამწვრთნელო კარიერას ისრაელში ან აზერბაიჯანში გააგრძელებს.

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გორის "დილას" ყოფილ მწვრთნელსა და საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველს საინტერესო წინადადებები აქვს. მას აზერბაიჯანში იწვევენ, სადაც მის პასუხს სამი კლუბი ელის.

მაგრამ ის ამჟამად ისრაელშია და იქაც განიხილავს წინადადებას კლუბისგან, რომელიც უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მაგრამ მიზნად დაბრუნება აქვს განზრახული. ლაპარაკია რამათ განის "ჰაპოელზე", რომელიც 5 ტურის შემდეგ ლეუმით ლიგის გათამაშებაში ჯერ მხოლოდ მე-11 ადგილზეა. კომენტარისთვის დარასელიას 15 ოქტომბერს ისრაელში დავუკავშირდით:

"დიახ, რამათ განის "ჰაპოელში" მიწვევდნენ. ეს გუნდი ისრაელის
თასის მფლობელია და ახლახან ევროპალიგაზეც ითამაშა. თავიდან თანახმა ვიყავი, თუმცა მოსაფიქრებლად მაინც დრო მოვითხოვე.

პირობებს რომ გადავხედე, უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად საკმარისი არ იყო და უარი ვუთხარი. ასევე უარი ვთქვი უმაღლესი
ლიგის "რამათ ჰაშარონზეც" - ბოლო ადგილზე იყო, უამბიციო გუნდში მუშაობას კი აზრი არ ჰქონდა. მირჩევნია, დაველოდო, რადგან წინადადებები არის, თუნდაც აზერბაიჯანიდან. უკეთესი ვარიანტი აუცილებლად გამოჩნდება.

შესაძლოა, მომავალ კვირაში რომელიმე გუნდი მაინც ჩავიბარო",
- გვითხრა დარასელიამ.

შეგახსენებთ, რომ დარასელია ბოლოს ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" მუშაობდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია კლუბმა თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგს - პირველ ლიგაში წარმატებული თამაშით პლეი ოფში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, სადაც "როსტოვთან" ორივე მატჩი წააგო (0:2, 0:1).

დარასელიას ხაბაროვსკში დარჩენასა და კონტრაქტის გაუმჯობესებას სთავაზობდნენ, მაგრამ არ ისურვა - რთულ კლიმატურ პირობებთან შეგუება გაუჭირდა.

მაშინ ამბობდა, რომ წინადადებები რუსეთშიც ჰქონდა და ისრაელშიც, მაგრამ აქაც ერთ პრობლემას აწყდებოდა - კლუბის უამბიციობას.

დასანანი კი არის, რომ ასეთი საინტერესო სპეციალისტი საქართველოში ვერ დასაქმდა. გორის "დილაში" მან საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა და ამბობდა კიდეც - ვითარება რომ არ არეულიყო, სიამოვნებით დავრჩებოდიო, მაგრამ... სტაბილური გარემო და მსგავსი ფუფუნება საქართველოში სად არის?..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული