შვიდგოლეული - უჩვეულოდ ქართული უქმეები [VIDEO]

AutoSharing Option
ეს უქმეები ყველაზე უხვმოსავლიანი გამოდგა ქართული ლეგიონისთვის - სულ 7 ქართული გოლი გავიდა.

ამის გარდა, ჩვენებურებმა საგოლე პასებითა და უბრალოდ, კარგი თამაშითაც გამოიჩინეს თავი.

გოლი, საგოლე პასი და... მაინც კრიტიკა?
შესაძლოა, "ლეგიას" ევროთასებზე არაფერი გამოსდის, მაგრამ შინაურ ჩემპიონატზე ვარშავული კლუბი კვლავ ამტკიცებს, რომ პოლონური ფეხბურთის ერთ-ერთი ფლაგმანია.

შაბათს "ლეგიამ" ლუბინის "ზაგლებიეს" 2:0 მოუგო და ეს რომ ასე მოხდა, ლადო დვალიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის.

27 წლის ფორვარდმა ჯერ საგოლე პასი მიითვალა, შემდეგ კი თავადაც გაიტანა. "ლეგია" 31 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, თუმცა
დღეს მისი დაწევა "გორნიკს" შეუძლია.

ლადომ შეუცვლელად ითამაშა, პირველ გოლამდე მას შესანიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ "ზაგლებიეს" მცველმა იყოჩაღა და მისი დარტყმული კუთხურზე მოიგერია.

გოლი 38-ე წუთზე გავიდა, როცა მეკარის მოგერიებული ლადომ უკან შეაბრუნა და პორტუგალიელ ელიო პინტოს გაატანინა. 55-ე წუთზე სტუმრებმა საჯარიმოში ხელით ითამაშეს და ლადომ პენალტი გოლად აქცია.

ჩვენებურს 11 თამაშში 8 გოლი დაუგროვდა. მასზე წინ მხოლოდ პორტუგალიელი მარკო პაიშაოა ("შლასკი").

პოლონურმა "სპორტმა" დვალიშვილის თამაში 4 ბალით (5-ბალიანი სისტემა) შეაფასა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"თამაშის მეოთხედი ინდივიდუალურ ქმედებებში გალია, შემდეგ კი გაახსენდა, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და პინტოს გააზრებული გადაცემა გადააწოდა, გაიტანა პენალტი, მაგრამ ვინ იცის, იქნებ მისი საუკეთესო ქმედება აბვოს დარტყმულის საკუთარ თავზე მიღებაა, როცა ლადომ "ლეგია" გოლისგან იხსნა".

მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში, ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მისცეს, კრიტიკა მაინც ისმის ქართველის მიმართ. შორს რომ არ წავიდეთ, ამ თამაშის მერე მწვრთნელმა თავად თქვა: "დეკემბრის ბოლომდე ლადო უალტერნატივოა და ამას უნდა შევეგუოთ".

ვიტესის 20 წლის ჯოკერი
ჰოლანდიურ ერედივიზიეს მე-12 ტურში ამ სეზონში უმნიშვნელოვანესი ქართული გოლი ვიხილეთ - "ამსტერდამ არენაზე" 0:0-ზე, მატჩის უკანასკნელ წუთზე შეცვლაზე შესულმა ვალერი ყაზაიშვილმა "აიაქსის" კარში გაიტანა, "ვიტესს" 21 ქულა დააგროვებინა და მე-2 ადგილზე დაამკვიდრა.

"აიაქსმა" მარცხენა ფლანგზე მოულოდნელად დაკარგა ბურთი, რომელიც ჩვენებურს მიუვიდა. მან საჯარიმოსკენ წაიწია, პასის ნაცვლად თავად დაარტყა მარცხენა ფეხით კარში და 52 ათასი გულშემატკივარი დაადუმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ეს 20 წლის ქართველის მე-3 გოლია ჩემპიონატში.

ყაზაიშვილი მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა. გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ სრულად ითამაშა და მისი დიდი დამსახურებაცაა, რომ არნემელებმა კარი მშრალად შეინახეს. გიორგი ჭანტურია კი სათადარიგო იყო.

"ორივე გუნდს გვქონდა მომენტები, ბოლოს კი ჩვენმა კონტრშეტევამ შედეგი გამოიღო. დავარტყი იმიტომ, რომ კარგად ვაკონტროლებდი მეკარის მოძრაობას და ცაციით ზუსტად დავუმიზნე კუთხეს.

ძალიან მიხარია, მე ხომ ჩემპიონთა კარში გავიტანე, თუმცა მთავარი ისაა, რომ ამ გოლმა "ვიტესს" სამი ქულა მოუტანა",
- განაცხადა მატჩის ქართველმა გმირმა.

სამი გოლი და ორი საგოლე
ბაქოს "ინტერმა" ნელ-ნელა დაიწყო მდგომარეობის გამოსწორება - "რავანის" 3:2 დამარცხების შემდეგ კახა ცხადაძის გუნდი 16 ქულით მოწინავე ექვსეულშია.

"შაფაზე" 500 კაცი დაესწრო ამ შეხვედრას, რომლის პირველი გოლიც ბაჩანა ცხადაძემ მე-5 წუთზე გაიტანა. მანვე მე-12 წუთზე თანაგუნდელი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ და გაატანინა.

გოლის ავტორი ქართველი მატჩის მიწურულს შეცვალეს, გიორგი ლომაიამ და ლაშა სალუქვაძემ კი სრულად ითამაშეს. 69-ე წუთიდან თამაშში ალექსანდრე იაშვილიც ჩაერთო. 5 გოლით ცხადაძე ბომბარდირთა დავაში ლიდერთა შორისაა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" სტუმრად "ბაქისთან" 2:3 დამარცხდა და 14 ქულით მე-7 ადგილზეა.

3 ნოემბერს ჩემპიონატის ლიდერმა "ყარაბახმა" 4:3 დაჯაბნა "გაბალა". გაიბრწყინა ნიკოლოზ გელაშვილმა, რომლის ანგარიშზეც 2 გოლი და ერთი საგოლე პასია. ჩვენებური 74-ე წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში 4:1 იყო "ყარაბახის" სასარგებლოდ.

"ყარაბახი" 27 ქულით ლიდერობს. ნიკას, ბაჩანას მსგავსად, 5 გოლი დაუგროვდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ჯემალის გოლმა ილიუკშტე გავარდნისგან ვერ იხსნა
ლატვიის ვირშლიგის დასრულებამდე ტურიღა დარჩა. ჩემპიონატის მოგების შანსი კიდევ შერჩა თამაზ პერტიას "სკონტოს", რომელიც "ვენტსპილსს" 2 ქულით ჩამორჩება.

ქართველი მწვრთნელის გუნდმა სტუმრად "სპარტაკსი" 3:0 გაანადგურა. გამარჯვებულთა რიგებში სრულად ითამაშა ირაკლი კლიმიაშვილმა, ხოლო ლადო დათუნაშვილი სათადარიგო იყო.

ლიდერმა ასეთივე ანგარიშით დაამარცხა "მეტა". გამარჯვებულთა რიგებში ბოლო 10 წუთი ითამაშა თორნიკე თარხნიშვილმა.

ბოლო ტურში "სკონტო" "ელგავას" მასპინძლობს, ხოლო "ვენტსპილსი" რიგის "დაუგავას" სტუმრობს.

დაუგავპილსის "დაუგავა" ჩემპიონატს მე-3 ადგილზე დაასრულებს, ამ გუნდმა 6:1 გაანადგურა "ილიუკშტე". გამარჯვებულთა შორის 90 წუთი ითამაშა გიორგი ჩიხრაძემ, ბიძინა ცინცაძემ კი - მეორე ტაიმი.

წაგებულებში გიორგი ხუმარაშვილმა, გიორგი ტუხაშვილმა და ჯემალ ჯალიაშვილმა 90-90 წუთი ითამაშეს. სწორედ ჯალიაშვილის ანგარიშზეა დამარცხებულთა ერთადერთი გოლი.

"ილიუკშტე" ოფიციალურად გავარდა. მეორე ტაიმი ითამაშა გიორგი დიაკვნიშვილმა, ხოლო მისმა "დაუგავამ" (რიგა) სტუმრად "ელგავასთან" 0:1 წააგო.

დევდარიანის იღბლიანი დაბრუნება
ბუნდესლიგაში კვლავ სათადარიგოს როლით დაკმაყოფილდა ლევან კობიაშვილი. მისმა "ჰერტამ" "შალკესთან" 0:2 დათმო და მე-6 ადგილამდე დაქვეითდა.

II ბუნდესლიგაში 3-კვირიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ლევან ყენია. "ფორტუნა" "აალენთან" 0:1 დამარცხდა, ხოლო ქართველი 72-ე წუთზე შევიდა.

III ბუნდესლიგაში ნახევართვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა მოედანზე ლუკა ჰუფნაგელი. მისი "უნტერჰახინგი" სტუმრად 1:1 დაუზავდა "ელვერსბერგს". ლუკამ 71 წუთი ითამაშა.

"ემპოლი" პარასკევს დაუზავდა "ბარის" - 1:1. ლევან მჭედლიძე მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. ქართველთა გუნდი 24 ქულით მეორეა.

თურქულ სუპერლიგაში სასწაულებს ჩადის სტამბულის "ქასიმფაშა". ეს მოკრძალებული კლუბი, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, 21 ქულით მე-2 ადგილზეა. ზედიზედ მე-4 ტურში იმარჯვა შოთამ, ამჯერად "ერჩიესპორი" სტუმრად 3:0 გაანადგურა.

ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერი" 5 ქულით ბოლო ადგილზეა და 4 ნოემბერს "ანტალიას" ესტუმრება.

დანიაში "ორჰუსმა" "ვიბორგი" დაამარცხა - 2:1. მასპინძელთა სამივე ქართველი სათადარიგო იყო, თუმცა ერთმა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა - დავით დევდარიანი 58-ე წუთზე შევიდა და 6 წუთში სორენ ლარსენს საგოლე პასით შეეწია. 82-ე წუთზე თამაშში ლარსენის ნაცვლად მათე ვაწაძე ჩაერთო, ხოლო დავით სხირტლაძე მწვრთნელს აღარ დასჭირვებია.

ამ გამარჯვებით "ორჰუსი" (21 ქულა) მესამე ადგილზე გადავიდა. აღსანიშნავია, რომ დევდარიანს ტრავმის გამო თვე-ნახევარია, არ უთამაშია. თავიდან ის სასტარტოში მოიაზრებოდა, თუმცა მწვრთნელმა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა.

"ანორთოსისი", რომელიც თემურ ქეცბაიას ეპატიჟება, "ენოსისს" შეხვდა და 3:2 მოუგო. ბოლო წუთამდე "ანორთოსისი" აგებდა, თუმცა 90-ე წუთზე შოთა გრიგალაშვილმა გაათანაბრა, შემდეგ კი კიდევ ერთი გოლი მასპინძლებმა პენალტით გაიტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
27 წლის ქართველი ნახევარმცველისთვის ეს მეორე გოლია ჩემპიონატში. "ანორთოსისი" 18 ქულით მე-3 ადგილზეა.

პორტუგალიაში პრინციპული დაპირისპირება მოიგო ავთანდილ ებრალიძის "ჟილ ვისენტემ", შინ მეზობელი "გიმარაეში" დაამარცხა - 1:0. ჩვენებურმა სრულად ითამაშა და ბევრიც იაქტიურა. "ჟილ ვისენტე" 17 ქულით მე-4 ადგილზე გადავიდა.

ანანიძე VS კვირკველია
რუსული პრემიერლიგის მე-15 ტურში ჯანო ანანიძის "როსტოვი" საბა კვირკველიას "რუბინს" 0:0 დაუზავდა. ორივე ჩვენებური სასტარტოში იყო, ჯანო 86-ე წუთზე შეცვალეს.

ბოლოადგილოსანი "ანჟი" შინ "ურალთან" 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა გია გრიგალავამ.

უკრაინის ჩემპიონატში "დნიპრო" დონეცკში 1:1 დაუზავდა "მეტალურგს". ჯაბა კანკავამ 61 წუთი ითამაშა, სანდრო კობახიძე კი "დნიპროს" განაცხადში ვეღარ ხვდება.

"სევასტოპოლმა" სტუმრად "ჰოვერლას" აჯობა - 2:1. მათე ღვინიანიძემ 90 წუთი ითამაშა გამარჯვებულთა რიგებში.

ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" მცირე სასწაული მოახდინა და კიევის "დინამო" 2:0 დაამარცხა. ჯაბა მოედანზე 2:0-ზე, 73-ე წუთზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვალერი ყაზაიშვილმა "აიაქსის" კარში გაიტანა, "ვიტესს" 21 ქულა დააგროვებინა და მე-2 ადგილზე დაამკვიდრა - ეს წინადადება რომ გონებაში გადაიკითხო შეიძლება ტვინი გეტკინოს ისეთი ქართულია.
ოდალა
11:19 04-11-2013
0
რა გეშველებათ , ყველაზე *** საიტია ! ათას სისულელეს წერთ ! , გამაგებინეთ ხალხო თქვენ ჟურნალისტები რატომ გქვიათ !?
SHUKOVANI
12:56 04-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული