ახალი იმედი: ვაკო ყაზაიშვილმა დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს

AutoSharing Option
ჰოლანდიის ჩემპიონატის წინა ტურში არნემის "ვიტესმა" ამსტერდამის "აიაქსი" სტუმრად დაამარცხა და ეს ერთადერთი გოლი, ბოლო წუთზე შეცვლაზე შესულმა ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.

არნემელთა ქართველმა გოლი ისე აღნიშნა, თითქოს მანამდე საქმე უკვე მოთავებული იყო და ერთი გოლიც მიაყოლა ამ ყველაფერს - ზომიერად გამოხატული სიხარული, არაფერი განსაკუთრებული.

ამ მოგების შემდეგ "ვიტესი" ერედივიზიონის ცხრილში მეორე ადგილზეა, ყაზაიშვილის კარგი თამაში კი მხოლოდ სტატისტიკით ვერ შეფასდება - ის უკვე ყალიბდება ძლიერ ფეხბურთელად, ვისაც მატჩის ბედის გადაწყვეტა ერედივიზიონშიც შეუძლია.

ჰოლანდიის ჩემპიონატს ზოგი ალმაცერად უყურებს. ჯერ კიდევ მაშინ,
როცა შოთა არველაძე თურქული "ტრაბზონსფორიდან" გადავიდა ამსტერდამის "აიაქსში", ჰოლანდიურ ლიგას "ფეხბურთის მცოდნეები" პერიფერიად მიიჩნევდნენ.

რა თქმა უნდა, ერედივიზიონი ვერ გაუტოლდება ინგლისურ პრემიერლიგასა თუ ბუნდესლიგას, მაგრამ ევროპის გულია მაღალი საფეხბურთო კულტურითა და გემოვნებით.

ჰოლანდიურ სამწვრთნელო სკოლას რა რეპუტაცია აქვს, ვგონებ, ამაზე საუბარი აღარც ღირს. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ასეთ ადგილზე მისვლა ძალიან დიდი გამოწვევაა და ყაზაიშვილმაც ეს გზა არჩია, რუსეთში თუ უკრაინაში გაცილებით მეტ ხელფასზე წასვლას.

ჰოლანდიის ჩემპიონატში შოთა და არჩილ არველაძეების მერეც მისულან ქართველი ფეხბურთელები, თუმცა სტაბილურად წარმატებით თამაში გაძნელებიათ.

დღეს ჰოლანდიური ფეხბურთი მოთამაშეთა ექსპორტისთვის არის მომართული, "აიაქსსა" თუ სხვა იქაურ ბრენდკლუბებს იმდენი ფული არ აქვთ, რომ ევროსარბიელზე მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის იბრძოლონ. არც "ვიტესია" გამონაკლისი და ყაზაიშვილიც, გურამ კაშიაც და გიორგი ჭანტურიაც უკეთესი, უფრო მდიდარი ევროპული გუნდების სამიზნეები უნდა გახდნენ - ასეთია "ვიტესის" პოლიტიკა.

რომან აბრამოვიჩი და მისი პარტნიორები "ვიტესისგან" ჩემპიონთა ლიგის მოგებას არ ითხოვენ, ამ კლუბს ფეხბურთელთა ექსპორტისა და რეექსპორტის დანიშნულება აქვს...

ყაზაიშვილი "საბურთალოს" აღზრდილია, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო ჭანტურიასთან ერთად. ჩვენმა საფეხბურთო მილეთმაც იქიდან გაიცნო.

ყველა თაობას საკუთარი თავისებურებები ახასიათებს. ერთმა, მართლაც ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა მითხრა - ეს რა უცნაური თაობა მოდის, სულ ყურსასმენები აქვთ გარჭობილი და "აიფონით" გართობას ვერ ეშვებიან, ზოგი კი სულაც ნაკრების შეკრების დროს ეუბნება მწვრთნელს - ხვალ ჯვარს ვიწერო...

დროს თავისი მიაქვს და არც არის აუცილებელი, რომ თაობა თაობას ჰგავდეს. ფეხბურთის სიყვარულიც ახლა ალბათ სხვანაირია, ვიდრე ადრე იყო; ნიჭიერი ფეხბურთელები კი საქართველოში ისევ იბადებიან, ოღონდაც ზოგს ერთი რამ უშლის ხელს წინსვლაში, ზოგს - მეორე და ასე შემდეგ.

ყაზაიშვილი კი სწორ ადგილზე მოხვდა. ის ფასეული მოთამაშეა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებისთვის - ახლახან შოტლანდიას გაუტანა გოლი შორიდან და მეორე საგოლე კომბინაციაშიც დაიდო წილი. მას ფლანგზეც შეუძლია თამაში და ცენტრფორვარდის უკანაც. "ვიტესში" სწორედ შუაში ათამაშებენ, ალბათ, იმიტომ, რომ გარემარბობას მეტი სისწრაფე სჭირდება.

როგორც უნდა იყოს, ვაკოს ორივე პოზიციიდან შეუძლია სარგებლობის მოტანა, კაცის მოტყუებაც იცის, კომბინაციური თამაშიც და საგოლე გადაცემის შესრულებაც.

რატომ არ იძახებენ მას და ჭანტურიას ეროვნულ ნაკრებში? ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენი უპირველესი გუნდი ძალიან მძიმე თემაა და აქამდე ამხანაგური შეხვედრისთვისაც არ გამოუძახებიათ ჭანტურია და ყაზაიშვილი.

ყაზაიშვილი ის ფეხბურთელია, მოედანზე ნათელი გონებითაც რომ გამოირჩევა. ეს მას დიდ უპირატესობას აძლევს ტექნიკურ არსენალთან ერთად.

რაც შეეხება ნაკრებს, 21-წლამდელთა გუნდს უკვე აღარ მიიჩნევენ ასაკობრივ ნაკრებად, ეს უკვე წესად დამკვიდრდა ევროპაში.

ასე რომ, ყაზაიშვილსა და მის ნაკრებელ თანაგუნდელებს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ალექსანდრე ჩივაძემ კარგად იცის ნიჭიერი ფეხბურთელის ფასი და სხვა რაღა დარჩა - ყაზაიშვილს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ წინსვლა არ გაუჭიანურდეს.

"აიაქსის" კარში გატანილი გოლიც კარგად მენიშნა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვაკო ყაზაიშვილი: ეს ჩემი კარიერის საუკეთესო გოლია
ვაკო ყაზაიშვილმა "აიაქსს" გაუტანა - "ვიტესმა" ამსტერდამში მოიგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
გაიტანა ერთი გოლი და ვსიო დიდ ფეხბურთს ითამასშებს )))))
milan
13:50 07-11-2013
0
კარგით რა ! სირცხვილია ხალხო , სირცხვილი ! აცადეთ ბიჭს , ითამაშოს ... თქვენი ბრალია , ქართველი ბიჭები რომ ვერ თამაშობენ დიდ ფეხბურთს , გახადეს ვარსკვლავი ... ნუ მოკლედ ! არ აქვს თქვენთან საუბარს აზრი , არც პირველი ვარ ვინც ამას გეუბნებათ და , არც , ბოლო ! :))
SHUKOVANI
14:19 07-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული