"20 წლის ვალერი ყაზაიშვილისთვის "ამსტერდამ არენაზე" თამაში ბავშვობის ოცნების ახდენა იყო. შაბათს "ვიტესის" ახალგაზრდა შემტევმა ამ სტადიონზე თამაშის ბედი გადაწყვიტა, ბოლო წუთზე "აიაქსის" კარში ერთადერთი გოლი გაიტანა.
"ეს ისეთი გოლია, როგორზეც მთელი ბავშვობა ოცნებობ", - აღნიშნა თამაშის მერე ქართველმა ფეხბურთელმა.
"ის, რომ ამხელა სტადიონზე, მნიშვნელოვანი თამაშის ბედი გადავწყვიტე, დიდი კლუბის წინააღმდეგ თამაშისას, განსაკუთრებულ სიამაყეს მმატებს.
ყაზაიშვილი ისევ იხსენებს გოლს, რომლის წყალობითაც ჰოლანდია აალაპარაკა: "კონტრშეტევაზე მოულოდნელად მივიღე ბურთი და მაშინვე მივხვდი, რომ ამ მომენტისგან რაღაც უნდა გამოსულიყო. წინ სივრცე იყო. შევამჩნიე მეკარის მოძრაობა და გადავწყვიტე შორეულ კუთხეში დარტყმა. როგორც გამოჩნდა, სწორი გადაწყვეტილება მივიღე".
20 წლის ფეხბურთელს ჩემპიონატში უკვე სამი გოლი აქვს გატანილი და შეიძლება კიდევ უფრო მოუმატოს, რადგან: "ხშირად უნდა ვურტყა კარში. საამისოდ მცირე სივრცეც მყოფნის. მწვრთნელმა უკვე მომცა რჩევა ამის შესახებ. გოლმა კი ძალიან გამახარა, რადგან "ვიტესი" ლიდერთა შორის დამკვიდრდა. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ", - განუცხადა AD-ს ყაზაიშვილმა.
"დე ტელეგრააფი" წერს, რომ მერაბ ჟორდანია, რომელიც მართალია, "ვიტესის" მეპატრონე აღარ არის, მაგრამ პრეზიდენტად რჩება, თამაშის შემდეგ გასახდელში ჩავიდა და პირადად მიულოცა ოცი წლის ქართველს დიდი წარმატება. ჟორდანიამ განაცხადა, რომ ამაყია ვაკოს მიღწევით.
ასევე იხილეთ:
ვაკო ყაზაიშვილმა "აიაქსს" გაუტანა - "ვიტესმა" ამსტერდამში მოიგო [VIDEO]