ქართველი ჩემპიონთა ლიგაში: ბექა ვაჩიბერაძე დონეცკის "შახტარს" ეხმარება...

AutoSharing Option
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ერთი ქართველიც არ თამაშობს. თუმცა აქ ლაპარაკია პარალელურ, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც იმავე გუნდების 19-წლამდელები მონაწილეობენ.

ქართველს რაც შეეხება, ეს გახლავთ დონეცკის "შახტარის" თავდამსხმელი ბექა ვაჩიბერაძე.

"შახტარს" წილისყრამ ძლიერი ჯგუფი არგუნა - "სოსიედადი", "მანჩესტერი" და "ლევერკუზენი". ამის მიუხედავად, ჯერჯერობით გუნდს თავი არ შეურცხვენია - სამი ტურის შემდეგ დონბასელები მეორე ადგილზე არიან.

პირველ ტურში, 17 სექტემბერს, "შახტარი" "სოსიედადს" ესტუმრა და 2:3 დამარცხდა. ვაჩიბერაძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ორჯერ სახიფათოდ შეუტია ბასკების კარს და
გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოც იყო.

მატჩის შემდეგ დონეცკელთა ვებგვერდმა მას ინტერვიუ ჩამოართვა. ბექა სინანულით ლაპარაკობდა გამოუყენებელ მომენტებსა და ბავშვური შეცდომების გამო წაგებულ მატჩზე.

2 ოქტომბერს "შახტარმა" "მანჩესტერის" 19-წლამდელები ისტუმრა და 2:1 გაიმარჯვა. ვაჩიბერაძეს ტრავმა ჰქონდა და განაცხადშიც ვერ მოხვდა.

განაცხადში კი იყო, მაგრამ ვაჩიბერაძეს არ უთამაშია 23 ოქტომბერს, "ლევერკუზენთან" საგარეო მატჩში, რომელშიც უკრაინელმა ჭაბუკებმა 2:1 გაიმარჯვეს.

5 ნოემბერს "შახტარი" იმავე "ლევერკუზენს" შინ 2:0-ს უგებდა, მაგრამ... მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე სტუმრებმა ნამდვილი გერმანული ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და მატჩი ფრემდე (2:2) მიიყვანეს. ქართველი ახალგაზრდა მოედანზე დამატებულ მე-2 წუთზე შევიდა, როცა ანგარიში 1:2 იყო...

მომდევნო მატჩს "შახტარი" 27 ნოემბერს დონეცკში, ლიდერ "სოსიედადთან" გამართავს.

სადღეისოდ კი A ჯგუფის ცხრილი ასე გამოიყურება:

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სოსიედადი 4 3 0 1 9-5 9
2. შახტარი 4 2 1 1 8-7 7
3. მანჩესტერი 4 2 0 2 7-6 6
4. ლევერკუზენი 4 0 1 3 7-13 1

* * *
ამ 17 წლის ბიჭის შესახებ ადრეც ვწერდით. ის ქართველმა გულშემატკივარმა შარშან თბილისში, უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრებში იხილა. ალექსანდრ გოლოვკოს გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ ბექა ვაჩიბერაძე გახლდათ.

მერე მან თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ შოტლანდიასთან შეხვედრისას ემოციას აჰყვა და მოედნიდან გააძევეს, თუმცა ამით საერთო შთაბეჭდილება არ შეცვლილა - უკრაინული პასპორტის მქონე ქართველი უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია.

ქართველი გულშემატკივარი მამამისს უკეთ იცნობს - წლების განმავლობაში ზაზა ვაჩიბერაძე ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელი იყო და საქართველოს ჩემპიონიც გამხდარა.

ბექა 1996 წლის 5 მარტს დაიბადა. 12 წლამდე საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში" შოთა ჭეიშვილთან ვარჯიშობდა, 2007-12 წლებში კი ოდესის "ჩერნომორეცის" საფეხბურთო სკოლაში შევიდა. 15 წლის იყო, როცა ამ გუნდის 17-წლამდელთა შორის, უკრაინის ასაკობრივ ჩემპიონატში, 40 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა.

სწორედ ოდესურ კლუბში შენიშნეს დონეცკის "შახტარის" სელექციონერებმა და დონბასის აკადემიის გუნდში მიიწვიეს. სხვათა შორის, თავდამსხმელი ვაჩიბერაძე "შახტარში" ცენტრალურ ნახევარმცველად "გარდაქმნეს".

"ჩერნომორეცში" ყოფნისას ის უკრაინის 16-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ იური მოროზსაც მოეწონა, 2011 წლის ნოემბერში შეკრებაზე მიიწვია და ყველა ამხანაგურ შეხვედრასა და ტურნირზე ძირითად შემადგენლობაშიც ათამაშა.

პარალელურად, ვაჩიბერაძე უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრების წევრიც იყო. "შახტარის" ჭაბუკებში გადასული ქართველი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულიც გახდა - უკრაინელებმა ჯგუფში უკან ჩამოიტოვეს მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ სიტი" და "ინტერი", ნახევარფინალში "ინტერს" 2:1 მოუგეს, ფინალში კი ხორვატულ "ჰაიდუკს" - 2:0. ბექა ყველა ამ შეხვედრის მონაწილე იყო.

5 შეკრება, 12 ოფიციალური და არაოფიციალური მატჩი და პლუს 2 გოლი - ასეთია მისი მონაგარი ამ ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრებში.

ბექა უკრაინელებს ემადლიერება - მათ ხომ წინსვლის შანსი მისცეს, თუმცა საკუთარ მომავალს მაინც საქართველოს ნაკრებში ხედავს და ეს დანამდვილებით ვიცით.

სხვათა შორის, ვაჩიბერაძე საქართველოს ასაკობრივი გუნდების შეკრებებზე სამჯერ გამოიძახეს და საკონტროლო თუ შესარჩევ შეხვედრებში თავიც გამოიჩინა, მაგრამ საბოლოო სიაში მაინც ვერ მოხვდა.

თუმცა ბექა გულს მაინც არ იტეხს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
თანაც კარგი მამის შვილია,ყველას ახსოვს ზაზასგატანილი გოლები და იმედია ბექა უკეთეს შედეგს აჩვენებს
გიო
23:06 07-11-2013
0
უძლიერესი ტექნიკის მქონე ახალგაზრდაა.
kaxa000
16:48 07-11-2013
0

სიახლეები პოპულარული