ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონურ "ფლორაში" დაბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთში დაბრუნდა და ტალინის "ფლორასთან" კონტრაქტი გააფორმა.

როგორც თავად ფეხბურთელმა გვითხრა, საქართველოში დარჩენა სურდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა:

"ბოლნისის "სიონში" ვვარჯიშობდი, იყო სხვა მოლაპარაკებებიც, მაგალითად, გორის "დილასთან". მაგრამ საბოლოოდ, აქედან არაფერი გამოვიდა.

2013 წელი ისე გამიცდა, რომ არსად მითამაშია. რეალური წინადადებაც არ მქონდა და ამ დროს "ფლორას" პრეზიდენტი აივარ პოლაკი დამიკავშირდა და ახალი კონტრაქტი შემომთავაზა.

ესტონეთიდან იმიტომ წამოვედი, რომ უკეთეს ლიგაში თამაშზე ვფიქრობდი, საქართველოში ჩამოსვლაც მერჩივნა...

პოლაკის წინადადება რეალური იყო და ახალი 3-წლიანი კონტრაქტიც
გავაფორმე".

შეგახსენებთ, რომ თბილისში დაბადებული და საფეხბურთო აკადემია "ოლიმპში" პაატა მეტრეველის გაზრდილი ბეგლარიშვილი იყო ასაკობრივი ნაკრებების წევრი, ახალგაზრდულში ბოლოს ალექსანდრე ჩივაძემ გამოიძახა და ამხანაგურ შეხვედრაში ეროვნული ნაკრების ფორმაც მოურგია.

23 წლის ფეხბურთელი ტალინურ კლუბში 2010 წელს, თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა. "ფლორას" შემადგენლობაში ჩატარებულ 73 შეხვედრაში მან 34 გოლი გაიტანა, 2012 წელს კი ესტონეთის მეისტრილიიგაში (უმაღლესი დივიზიონი) 28 მატჩში 17 გოლით ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზე გავიდა.

"უდავოა, რომ ზაქარია ჩვენს სქემას შეავსებს. "ფლორას" თამაში აგებულია ბურთის ფლობასა და მოკლე გადაცემებზე, ქართველი კი ამ მოდელს შესანიშნავად ერგება, რადგან ტექნიკურია, შემოქმედებითი უნარი გააჩნია და თამაშის გაძღოლაც უყვარს", - ამბობს "ფლორას" მთავარი მწვრთნელი ნორბერტ ჰურტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული