ოთარ მარცვალაძე: ვლადიკავკაზში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მაგრამ...

AutoSharing Option
ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პირველი ლიგის ბინადარი ვლადიკავკაზის "ალანიაში" ფინანსური კრიზისი იყო და ფეხბურთელები 4 თვის განმავლობაში ხელფასებს ვერ იღებდნენ.

ოსური კლუბის ბედი ჩვენთვის საინტერესო იმით არის, რომ იქ ზაფხულში ოთარ მარცვალაძე და გოჩა ხოჯავა გადავიდნენ.

კლუბის პრეზიდენტის ვალერი გაზაევის იმედები არ გამართლდა - ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში ერთ დროს რუსეთის ჩემპიონის ფინანსური მხარდამჭერი ვერ მოიძებნა.

გაზაევმა თქვა კიდეც, რომ "ალანია" ტურნირს დატოვებს, რადგან რესპუბლიკის ბიუჯეტი ამდენს ვეღარ აუდის, სპონსორი კი არ გვყავსო...

ამ განცხადების შემდეგ კლუბის ფინანსური მდგომარეობა კიდევ
უფრო გაუარესდა. 23 ნოემბერს ვლადიკავკაზელები ვლადივოსტოკში "ლუჩ ენერგიასთან" საშემოდგომო ეტაპის ბოლო შეხვედრის სათამაშოდ აღარ ჩავიდნენ და ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალათ.

კლუბის ხელმძღვანელობას მაინც აქვს იმედი, რომ გუნდი კვლავ შეიკრიბება და II წრისთვის მოემზადება. სხვათა შორის, "ალანიამ" უკვე დაადასტურა, რომ იანვარში თურქეთში დაგეგმილ რუსეთის პირველი ლიგის თასზე ითამაშებს.

აპირებენ თუ არა ქართველები "ალანიაში" დარჩენას? 29 წლის ოთარ მარცვალაძე ამბობს, რომ გაურკვევლობაშია:

"გაზაევი არ აჭარბებს, ოთხი თვეა, ხელფასები არ გაუციათ. დიდი შანსია, გუნდი დაიშალოს, კლუბი კი გაკოტრებულად გამოცხადდეს.

თუმცა, არის იმედიც - შესაძლოა, კლუბი ხელახლა დარეგისტრირდეს და ფინანსური პრობლემები მოაგვაროს.

მეც ვითარების გარკვევას ველოდები და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებ. თუ ყველაფერი კარგად იქნება, დავრჩები და ისევ ამ გუნდში ვითამაშებ.

"ალანიასთან" 2-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ასე იოლად ვერ წამოვალ. ხელშეკრულება მხოლოდ კლუბის გაკოტრების შემთხვევაში დაირღვევა და მერე კი ნამდვილად მომიწევს ახალი გუნდის მოძება.

არადა, საქმე კარგად მიდიოდა და მეგონა, პრემიერლიგას დავუბრუნდებოდით.

შესაძლოა, ბევრისთვის დაუჯერებელი იყოს, მაგრამ ვლადიკავკაზში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. ქართველების მიმართ ხალხისგან აგრესია კი არა, პატივისცემა მოდიოდა.

თანაც, კლუბში ვალერი გაზაევი და ვლადიმერ გუცაევი რომ არიან, დამიჯერეთ, იქიდან საკუთარი ნებით წასვლა ძნელია. მათ ფეხბურთიც კარგად იციან და მოთამაშეთა პრობლემებიც".


მარცვალაძეს "ალანიაში" სექტემბრის მერე აღარ უთამაშია, ისევე, როგორც 28 წლის ხოჯავას. ორივე ტრავმირებული იყო.

ოთარს შარშანდელმა პრობლემებმა შეახსენა თავი - 2012 წლის დასაწყისში კუნთი გაუწყდა და, ფაქტობრივად, მთელი წელი გაუცდა. მერე გერმანიაში ოპერაცია გაიკეთა და თამაში მხოლოდ წლეულს, გაზაფხულზე, ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" დაიწყო. "ალანიაშიც" არ გაუმართლა:

"საბოლოოდ მოვმჯობინდი, თბილისში ვარ და მალე ვარჯიშსაც დავიწყებ. მე უფრო ის მადარდებს, სად დავიწყებ ახალ სეზონს", - ამბობს მარცვალაძე.

შეგახსენებთ, რომ "ალანიის" გულშემატკივრებმა მარცვალაძე სექტემბერში თვის გუნდის საუკეთესო მოთამაშეთა შორის დაასახელეს, ხოლო რუსულმა გამოცემა "ევროფუტბოლმა" ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (პირველი ლიგა) წარჩინებულ ლეგიონერთა ხუთკაციან სიაში შეიყვანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული