"ღამის კლუბში მთელი გუნდი ვიყავით, მაგრამ სხვებს ხომ არ "ჩავუშვებდით"?

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ მარიუპოლის "ილიჩევეცის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა თქვა, რომ ოქრიაშვილი და თარგამაძე ნაკრებიდან არ დაბრუნებულან და ერთი თვეა, არ უნახავს. მოგვიანებით "ჩვენება" შეცვალა და დააზუსტა: დაბრუნდნენ, მაგრამ ტრავმირებულნი არიანო...

თავად თორნიკე ოქრიაშვილმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ილიჩევეცთან" კონტრაქტი აღარ აკავშირებს...

ვითარებაში გასარკვევად გაზეთი "კვირის პალიტრა" 21 წლის ფეხბურთელს უკრაინაში დაუკავშირდა.

- ნიკოლაი პავლოვს ჯერ კიდევ ზაფხულში ვუთხარი, რომ "ილიჩევეციდან" წასვლა მსურდა. წლის ბოლომდე ჩვენთან ითამაშე და მერე გადავწყვიტოთ, ღირს თუ არა დარჩენაო...

სანამ ტრავმას მივიღებდი, ვთამაშობდი კიდეც,
მაგრამ ბოლო 6 მატჩში, საიდანაც "ილიჩევეცმა" მხოლოდ ერთი ითამაშა ფრედ, დანარჩენი კი წააგო, ტრავმის გამო აღარ მითამაშია...

სწორედ იმ პერიოდში დაიბეჭდა პავლოვის ინტერვიუ, ქართველები ნაკრებში წავიდნენ და ერთი თვეა, აღარ გამოჩენილანო...

- სინამდვილეში ასე არ ყოფილა?
- არ ვიცი, რა დავუშავეთ ჟურნალისტს, რომელმაც ის ინტერვიუ გამოაქვეყნა, მაგრამ ასეთი რამ ადრეც გაუკეთებია... მერე მისი "ნაშრომი" ქართულმა პრესამაც აიტაცა და...

არადა, ნიკოლაი პავლოვს ჩვენზე დიდი ამაგი აქვს, მასთან ახლო ურთიერთობა გვაკავშირებს და არც დამიჯერებია, რომ ასეთ რამეს იტყოდა.

შევჩივლე: პეტროვიჩ, რატომ იგონებენ ასეთ რაღაცებს, საქართველოში ჩვენზე რას იფიქრებენ-მეთქი?! თავადაც არ ვიცოდი, ასე თუ იყოო და ჟურნალისტებს უთხრა, ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგეთ, კლუბს ორივე ფეხბურთელი დაუბრუნდა, ოღონდ ტრავმირებულნი არიანო...

- რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერე, "ილიჩევეცთან" კონტრაქტი გაწყდა, თავისუფალი ვარო...
- "ილიჩევეცში" ჩემი იჯარის ვადა 30 ნოემბერს ამოიწურა და კლუბს მშვიდად, უკონფლიქტოდ დავშორდი. პირიქით, მწვრთნელმა ისიც კი მითხრა, შესაძლოა, დონეცკელებმა (თორნიკეს სატრანსფერო უფლებები დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის. - ავტ.) შენი მარიუპოლში დაბრუნება ისევ გადაწყვიტონ, მაგრამ ჩვენი კლუბისთვის უკვე გადაზრდილი ხარ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა აქ აღარ დაბრუნდე და უკეთეს გუნდში მოხვდეო.

მარიუპოლში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ნაკრებშიც აქ თამაშის დროს მოვხვდი. ასე რომ, "ილიჩევეცისა" და ნიკოლაი პავლოვის ძალიან მადლიერი ვარ.

- რას გულისხმობდა მწვრთნელი, როცა თქვა, ოქრიაშვილი და თარგამაძე მოედანს მიღმა ისე არ იქცევიან, სპორტსმენს რომ შეეფერებაო?
- ერთ-ერთი თანაგუნდელის დაბადების დღის აღსანიშნავად მთელი გუნდი წავედით ღამის კლუბში, თუმცა მეორე დღეს უკრაინელი ფეხბურთელებისთვის პასუხი არავის მოუთხოვია, მწვრთნელმა მხოლოდ მე და დათოს გვისაყვედურა, 23.00 სთ-ის შემდეგ გარეთ გასვლა გეკრძალებათ და კლუბში რატომ წახვედითო?

თავის მართლებასა და დანარჩენების "ჩაშვებას" ხომ არ დავიწყებდით? არ გავამხილეთ, კლუბში მთელი გუნდი რომ იყო, ბოდიში მოვიხადეთ და შევპირდით, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდებოდა.

სამწუხაროდ, მომდევნო მატჩი წავაგეთ და გაბრაზებულმა პეტროვიჩმა ფეხბურთელები გააფრთხილა, მსგავსი რამ რომ აღარ განმეორდეს, ქართველ ფეხბურთელებს დავსჯი და მომავალ მატჩში არ ვათამაშებო, თუმცა მაინც მათამაშა...

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ ამბავმა პრესაში მწვრთნელისგან კი არა, რომელიღაც ფეხბურთელისგან გაჟონა.

- როდის ითამაშებს თორნიკე ოქრიაშვილი ისეთ ფეხბურთს, რასაც მისგან ველით? როდის აღარ იტყვიან, რომ ფეხბურთზე მეტად სხვა რაღაცებზე ფიქრობს?
- 21 წლის ვარ, ჯერ ყველაფერი წინ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, წლევანდელი ზამთარი გარდამტეხი იქნება ჩემს კარიერაში.

ჩემთვის ფული არასდროს ყოფილა მთავარი. არც ფუფუნებაში გავზრდილვარ. მე და ჩემს ძმას ვარჯიში სხვადასხვა დროს გვქონდა და მამაჩემი იძულებული იყო, ვარკეთილიდან ვაკეში, "ირაოს" მოედანზე, დღეში ორჯერ ევლო. თუნდაც მხოლოდ ამიტომ უნდა ვითამაშო დიდი ფეხბურთი, მშობლებს რომ არ გავუცრუო იმედი. მინდა, ჩემი შვილიც ამაყობდეს მამით.

- ზამთარი გარდამტეხი იქნებაო... შემოთავაზებები ბევრი კლუბიდან გაქვს?
- თბილისში რამდენიმე დღეში ჩამოვალ და სანამ ახალი კლუბი გამოჩნდება, სამშობლოში ვივარჯიშებ. ჩემი მენეჯერი ბესო ჩიხრაძე სულ მეუბნება, რომ არ ვიჩქარო... ჰოლანდიური, პორტუგალიური, რუსული კლუბები არიან დაინტერესებულნი, თუმცა რუსეთში თამაშს გამოვრიცხავ.

იხილეთ სრული სტატია

რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამათგან არაფერი არ გამოვა, მეცოდებიან.
ჯიჯი ალფაიძე
18:56 03-12-2013
0
მშობლიურ გარემოში უკეთ მოემზადები, მაგრამ ყოველი დღე გამოიყენე!
21 წელი არის დრო როდესაც სათქმელი უკვე ნათქვამი უნდა გქონდეს და მუდმივად პროგრესირებდე!!!!
guja_kakhadze
13:37 02-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული