მერე გადათქვა - ორივე დაბრუნდა და ტრავმირებულები არიან, ჟურნალისტმა სხვანაირად გაიგოო...
მერე ქართველებს თვით "ილიჩევეცის" პრეზიდენტი ვლადიმირ ბოიკო დაეტაკა და ჩვენი ნაკრების წევრებს "უპასუხისმგებლოები" უწოდა...
ოქრიაშვილს უსიამოვნებები არც საქართველოში დაბრუნების შემდეგ ასცდა. კოპიტნარის აეროპორტიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე თოვლის გამო ღამის გათენება მანქანაში მოუხდა...
ახლა ის უკვე თბილისშია და ბოლოდროინდელ ამბებზე, კონფლიქტებსა და ეროვნულ ნაკრებზე გველაპარაკება...
- ჯერ, ოფიციალურად, დონეცკის "შახტარს" ვეკუთვნი და ამ კლუბის განკარგულებაში ვიქნები. მაგრამ სად ვითამაშებ, ამაზე წარმოდგენა არ მაქვს.
- თავად თქვით, რომ ჰოლანდიური, პორტუგალიური და რუსული კლუბები დაინტერესდნენ...
- ჩემი ნება რომ იყოს, ევროპაში ვითამაშებდი, რადგან ფრანგული და პორტუგალიური გუნდები დაინტერესდნენ. რუსეთში თამაში მართლა არ მსურს. ვნახოთ, სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ერთი თვეა დარჩენილი და მანამდე ბევრი რამ შეიცვლება.
- კონკრეტულად რომელი კლუბები გიწვევენ?
- ის, ვინც მოლაპარაკებას აწარმოებს, მეუბნება, რომ კარგი კლუბებია, მაგრამ მეტი არაფერი ვიცი.
- ძლიერ გუნდში მოხვედრის იმედი გაქვთ?
- ვნახოთ... მალე ყველაფერი მეცოდინება.
- "შახტარი" თქვენში რა თანხას ითხოვს?
- ესეც გარკვევის პროცესშია, მაგრამ მეეჭვება, მილიონზე ნაკლები მოითხოვოს.
- "ილიჩევეცის" მთავარმა მწვრთნელმა პავლოვმა თქვა, თითქოს, იტალიის სერია A-ს გუნდში გადასვლის იმედი გქონდათ...
- ასეთი რამ პავლოვისთვის არ მითქვამს. იტალიაში თამაში როგორ არ უნდა მინდოდეს, მაგრამ მიწვევა არ მქონია და ტყუილად ხომ არ ვილაპარაკებდი?
- წლეულს თქვენ და თარგამაძე პავლოვმა ბევრჯერ მწვავედ გაგაკრიტიკათ. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
- პირადად, არც მე და არც დათოს, მსგავსს არაფერს გვეუბნებოდა. მერე გაზეთებსა თუ ინტერნეტგამოცემებში მსგავსი რამ რომ იწერებოდა, ძალიან გვიკვირდა. პავლოვმა ის ცნობილი ფრაზაც ჟურნალისტს დააბრალა, მაგრამ ფაქტია - ჩვენ დაუმსახურებლად გვესროლეს ტალახი.
- "ილიჩევეცის" პრეზიდენტი ბოიკოც უკმაყოფილოა და თარგამაძესთან ერთად, "უპასუხისმგებლოები" გიწოდათ. რა ხდება? რატომ გააბრაზეთ უკრაინელები?
- ეს ბოიკომ თქვა? არ ვიცი, რა ვთქვა... ქმნიან აზრს, თითქოს ზარმაცები ვართ, ვარჯიშებს ვაცდენთ და ფეხბურთი ჩვენთვის მეორეხარისხოვანია. მერე ვიღაც ამ ყველაფერს იჯერებს და ჩვენ თავი უნდა ვიმართლოთ. მაგრამ რატომ? იმიტომაც მოვუმატე ათლეტიზმში, რომ ვარჯიში არ მეზარებოდა და უკრაინის პრემიერლიგაში პროტექციით არავინ მათამაშებდა. გამოდის, რომ ვიმსახურებდით და ტრავმა თუ მივიღე, ეს ჩემი დანაშაული არ არის. არც ჩემს უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს. მარიუპოლში დარჩენა რომ არ მინდა, ეს არ ნიშნავს, რომ ფეხბურთი და ვარჯიში მომბეზრდა.
- "ილიჩევეცის" მწვრთნელი ამბობს, რომ ნაკრების შეკრებაზე დაშავდით. ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში კი კლუბში მიღებული ტრავმის გამო ვერ ითამაშეთ. ბოლო-ბოლო, სად და როდის მიიღეთ ტრავმა?
- სლოვაკეთთან მატჩამდე "ილიჩევეცში" ყოფნისას მყესი გამეჭიმა, მაგრამ ნაკრებში გამოძახება გამიხარდა და იმ იმედით ჩამოვედი, რომ მოვმჯობინდებოდი. თუმცა შეკრების დროს ნატკენი მუხლი გამიმიზეზდა და კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდი. რა ვიცი, ყველა ტრავმა ასეთი საეჭვოა?
- გაუგებრობა თქვენზე გავრცელებულმა ამ ურთიერთგამომრიცხავმა ინფორმაციებმა შექმნა...
- მესმის, მაგრამ ახლა ვიღაც ისეთ სურათს ხატავს, თითქოს მე და დათოს ფეხბურთი არ გვაინტერესებს. ასეთ სისულელეზე ლაპარაკი არ ღირს. საიდან ასეთი ფანტაზიები? ახლა რომ ვარ მოწადინებული, ასე არასოდეს ვყოფილვარ. ჩემზე მეტად არავის უნდა, რომ სულ ჯანმრთელად ვიყო და მაღალ დონეზე ვთამაშობდე. უპრობლემო რომელი ფეხბურთელის კარიერა ყოფილა? დღეს ფეხბურთში დიდი დატვირთვებია და ეს ხშირად ტრავმების მიზეზი ხდება.
- ახლა მომჯობინდით?
- დიახ და თბილისში ინდივიდუალურად ვივარჯიშებ.
- ნაკრებში არსებულ ვითარებაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. თქვენ რას გვეტყვით?
- ვთქვი და გავიმეორებ - ეროვნული ნაკრები გამოცდილი ფეხბურთელების გარეშე წარმოუდგენელია. კობიაშვილი, ხიზანიშვილი, ამისულაშვილი, იაშვილი და ასეთი მოთამაშეები გუნდს და ჩვენც, ახალგაზრდებს, ძალიან გვჭირდება.
სხვა საკითხებზე დაკონკრეტება კი გაუმართლებელი მგონია. ისიც გაზვიადებულია, თითქოს თემურ ქეცბაია იგინება. ემოციურია, მაგრამ შეურაცხყოფა არ მახსენდება.
საერთოდ, გასახდელიდან ყველაფრის გამოტანა მიუღებელია. რაც ევროპაშია, ეტყობა, ჩვენთან არ მოქმედებს. ქართველები სხვა მენტალიტეტის ხალხი ვართ და ჯობია, პრობლემები გუნდის შიგნით განვიხილოთ და მოვაგვაროთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"