შოთა არველაძე: რუსეთის ნაკრებში მუშაობაზე უარი ვთქვი

AutoSharing Option
თურქული "ქასიმფაშას" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ინტერვიუ მისცა რუსულ "სპორტ ექსპრესს", რომლის ყველაზე საინტერესო ფრაგმენტებს შემოგთავაზებთ.

- ამბობენ, ბოლო წლებში არველაძეს რუსეთში მუშაობის ვარიანტები ჰქონდაო...
- "ვარიანტები" ხმამაღლა ნათქვამია, თუმცა იყო ერთი შემოთავაზება და თანაც სერიოზული.

- ეს მაშინ მოხდა, როცა რუსეთის ნაკრებს სათავეში დიკ ადვოკაატი ჩაუდგა?
- დიახ. მას სურდა, რომ სამწვრთნელო შტაბში ვყოფილიყავი. დამიკავშირდა და მთხოვა, მისი წინადადება მიმეღო. ჩვენ განვიხილეთ ეს შესაძლებლობა.

მაგრამ გახსოვთ ალბათ, რა დრო იყო მაშინ... მაშინ ასეთ წინადადებაზე დათანხმება კი არა, დაფიქრება არ
შემეძლო. ამის ახსნა დავუწყე ადვოკაატს და თავიდან ვერაფერიც ვერ გაიგო! მან მითხრა: "შოთა, ასეთ სამუშაოზე მსოფლიოს ბევრი მწვრთნელი ეგრევე დათანხმდებოდა", მაგრამ მე უარი შევუთვალე.

- როგორც ჩვენ ვიცით, რუსეთში ამას წინათაც გეძახდნენ. ამჯერად ეს იყო პრემიერლიგის კლუბი, მგონი, "ყუბანი"...
- არა, ეს იყო "კრასნოდარი", მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ოფიციალური მიწვევა მივიღე. ჩვენ შორის მოხდა წინასწარი სატელეფონო საუბარი. მოდი, ასე ვთქვათ - უბრალოდ, დაინტერესდნენ ჩემი გეგმებით.

- მიიჩნევთ ლუი ვან გაალს თქვენს მასწავლებლად?
- ვინც კი მასთან მუშაობდა, ყველა დადებით პასუხს გაგცემთ - მე ვან გაალი ძალიან დამეხმარა.

- თუმცა მას, როგორც მწვრთნელსა და ადამიანს, ნეგატიური იმიჯი შეუქმნეს...
- სინამდვილეში ის ძალიან კარგი ადამიანია. დიახ, მისი პრინციპების ნაწილი სხვებისთვის მიუღებელია, მაგრამ ის ასეთია და ვერ შეიცვლება.

- თქვენი გუნდი თურქეთში შედარებით უცნობია, რომელიც დიდ მიზნებს შეეჭიდა. ხელს ხომ არ გიშლიან სხვადასხვა ხერხით?
- ტრადიციების დარღვევა არსად უყვართ, არც თურქეთში, არც რუსეთში და არც საქართველოში. ალბათ, ყველას არ უხარია ჩვენი წარმატებები. არა უშავს, მიეჩვევიან.

- ახლახან "ბეშიქთაშთან" მატჩში სერიოზული სკანდალი მოხდა...
- დიახ, როცა მეტოქე უტევდა, საჯარიმოში მეორე ბურთი გაჩნდა. "ბეშიქთაშის" ფეხბურთელები დონკის გაძევებასა და პენალტს ითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა დანიშნა სადავო და დონკს მხოლოდ ყვითელი ბარათი აკმარა. ისე გამოვიდა, თითქოს მათ სამი ქულა მოვპარეთ. ახლა ეს სკანდალი ჩაცხრა.

- ვინ არის "ქასიმფაშას" მფლობელი?
- თურგაი ჯინერი, მდიდარი ბიზნესმენი. "ქასიმფაშა" ერთადერთი კლუბია, რომელიც არ არის სააქციო საზოგადოება და ერთ კაცს ეკუთვნის. შარშან კლუბის ბიუჯეტი 25 მილიონი დოლარი იყო. აქედან ტრანსფერებზე 15 მილიონი დავხარჯეთ.

- უცხოელები კლუბში თქვენ მოიყვანეთ?
- მე მხოლოდ ორი ლეგიონერი შევარჩიე, ისაკსონი და ტაბარე, დანარჩენები ჩემამდეც კლუბში იყვნენ.

- ზამთარში კვლავ გაძლიერდებით?
- აქ უცხოელებზე მკაცრი ლიმიტია, ამის გამო დავიტანჯეთ. ასე რომ, უფრო თურქულ ბაზარზე ვიაქტიურებთ.

- რატომ თქვით უარი "ქაისერიში" მუშაობაზე და რატომ გადახვედით "ქასიმფაშაში"?
- იქ მარტო ვიყავი, ოჯახის გარეშე. სტამბულში კი ოჯახთან ერთად ვარ. შარშან ჰოლანდიაში, "ალკმაარში" მეპატიჟებოდნენ, მაგრამ უარი ვთქვი. იყო "ვიტესის" ვარიანტიც.

- სამწვრთნელო ლიცენზია საქართველოში არ მიგიღიათ, რატომ?
- ჩვენს ფედერაციას მხოლოდ 2014 წლიდან ექნება ამ ლიცენზიის გაცემის უფლება. ამიტომ წავედი უკრაინაში.

- ამბობენ, რომ თქვენ ძალიან განაწყენდით ამისულაშვილზე, რომელმაც მიატოვა "ქაისერი" და რუსეთში დაბრუნდა...
- ყველა თავისი კარიერის განმკარგავია, დანარჩენი კი ჩემსა და ამისულაშვილს შორის დარჩება.

- ერთი ცნობილი ქართველი სპეციალისტი წუხდა, რომ საქართველოში თაობები აღარ მოდიან...
- როცა სსრკ დაიშალა, საქართველოში ჯერ კიდევ იყვნენ კარგი ფეხბურთელები, რომელთაც კარგი სკოლა ჰქონდათ გავლილი. მარტო კალაძეს და მე არ მიგვიღწევია სიმაღლეებისთვის (ბოდიში, რომ არ ვთამდაბლობ), იყვნენ სხვებიც.

მერე კი, რომელ ფეხბურთზე იყო ლაპარაკი, როცა შუქი და გაზი არ იყო? საქართველომ ცხოვრების ეს ეტაპიც გაიარა. ხიზანიშვილისა და ასათიანის თაობა მაშინ დაახლოებით ათი წლის ბავშვები იყვნენ. აი, მათ მერე კი დაღმასვლა დაიწყო.

საქართველო ბრაზილია არ არის, ამიტომ ნაკრებსაც კი აქვს საკადრო პრობლემები. თუმცა მუშაობა მიდის, ახალგაზრდული გუნდები ევროპის პირველობებზე გადიან, უგებენ ესპანელებს, ჰოლანდიელებს, ინგლისელებს...

- ივლისში "დინამოს" აკადემიის გახსნაზე იმდენი ვეტერანი ვარსკვლავი იყო, მაგრამ ყველა კრიშტიანო რონალდომ გადაფარა...
- ეს მედიის დამსახურებაა. გაზეთები და ტელევიზიები ხომ მხოლოდ მესის და რონალდოს ახსენებენ; აბა, ვინ გაიგებს ჩივაძის შესახებ, რომელიც 30 წლის წინ თამაშობდა. შეიძლება მამაჩემმა იყიდოს გაზეთი, სადაც ხურცილავაზეა სტატია, აი, პატარებს კი მესი, რონალდო და მისი მეგობარი ქალი ირინა შეიკი აინტერესებთ. ცხოვრება ასეთია.

- წარმოიდგენდით იმას, რაც თქვენს ყოფილ გუნდ "რეინჯერსს" დაემართა და თუ გაქვთ ურთიერთობა ყოფილ თანაგუნდელებთან?
- "რეინჯერსის" დაქვეითების ყველა დეტალი არ ვიცი, მაგრამ ამ გუნდის თამაშებზე ახლაც 50 ათასი დადის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "რეინჯერსი" ისევ იტყვის თავის სიტყვას. 1-2 გლაზგოელთან მაქვს ურთიერთობა; დიდი ხანია, ბარი ფერგიუსონი არ მომიკითხია.

კლაუდიო კანიჯა სტუმრობდა თურქეთს და ჩემთანაც იყო.

- დღეს რომელი გუნდის თამაში გხიბლავთ?
- მიუნხენის "ბაიერნის".

- ბრაზილიაში, მუნდიალზე თუ წახვალთ?
- ძალიან მინდა, მაგრამ არ ვიცი, როგორ მომიხერხდება.

ასევე იხილეთ:
შოთა არველაძე: რვა ენას ვფლობ, მაგრამ ამას რა ჰქვია, არ ვიცი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული