მოგეხსენებათ, თარგამაძისა და თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერი დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის. "ილიჩევეცში" ისინი იჯარით თამაშობდნენ.
დონბასური კლუბის გენერალური დირექტორი სერგეი პალკინი ამბობს - ქართველებს მარიუპოლში იჯარა სეზონის ბოლომდე აქვთ, მაგრამ სხვა კლუბების მოთხოვნის შემთხვევაში, საკითხს განვიხილავთო.
"ილიჩევეცში" ქართველთა მდგომარეობასა და მათ სურვილზე, დაეტოვებინათ გუნდი, ბევრი დაწერილა. რა ხდება რეალურად, რატომ ჩაუვარდა 2013 წელი, რა გეგმები აქვს და
- ჯერ სიახლეზე გკითხავთ. მართალია, თითქოს თქვენით ოდესის "ჩერნომორეცი" დაინტერესდა?..
- ალბათ, რეალურია. გადასვლა მეც მსურს.
- დონეცკის "შახტარი" თანახმაა?
- წინააღმდეგი რატომ უნდა იყოს? დონეცკელებს თავადაც სურთ ჩემი განათხოვრება. სამი დღის წინათ "ჩერნომორეცის" ვიცე-პრეზიდენტმა და მწვრთნელმა დამირეკეს და ეს მათ მითხრეს. მოლაპარაკება მიმდინარეობს და იმედიანად ვარ.
მჯერა, ყველაფერი საჩემოდ დასრულდება. თუ ეს საქმე მოგვარდა, 10 იანვარს შეკრებაზე ოდესელებთან ერთად წავალ.
- ეს იმას ნიშნავს, რომ "შახტარს" თქვენი დაბრუნება არ აინტერესებს?
- არ ვიცი, ყველაფერი იანვრის დასაწყისში გაირკვევა. შესაძლოა, შეკრებაზე "შახტარსაც" გავყვე, შესაძლოა - არ მოხდეს ასე და ჩერნოგორიაში "ჩერნომორეცთან" ერთად მოვემზადო. სიმართლე გითხრათ, ეს მეც მინდა, რადგან ოდესაში სათამაშო პრაქტიკაც მექნება და თან კარგი გუნდიცაა, ევროპალიგის ჯგუფიდან პლეი ოფში გავიდა.
- მართალია, თითქოს "ილიჩევეციდან" წამოსვლა იმიტომაც გსურდათ, რომ მარიუპოლში ცხოვრება გიჭირდათ?
- გავლენას ესეც ახდენდა, მაგრამ დონეცკამდე მარიუპოლიდან ზუსტად ნახევარი საათის გზაა და ხან ერთ ქალაქში ვართ და ხან - მეორეში. მთავარი მაინც თავად კლუბია, მე იქ გაჩერება არ მსურს.
- უკრაინაში ძალიან კარგად დაიწყეთ, "ოლექსანდრიის" სული და გული იყავით, პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელებში გასახელებდნენ და, რაც მთავარია, ნაკრების გულშემატკივრებს თქვენი ეიმედებოდათ, მაგრამ გადახვედით "ილიჩევეცში" და 2013 წელი აშკარად ჩაგივარდათ, ვეღარც ნაკრებში გამოირჩეოდით. მაინც რა მოხდა ასეთი?
- ასეთი რამ ნებისმიერ მოთამაშეს მოსდის. ბოლო პერიოდში ვეღარ ვთამაშობდი, რადგან ტრავმები მაწუხებდა. რამდენი ხანია, მუხლი და წელი მაწუხებს, მაგრამ უკვე მოვმჯობინდი და მომავალი წლიდან სრული დატვირთვით ვივარჯიშებ.
- ზარმაცი ფეხბურთელის სახელი არ გქონიათ, მაგრამ 2013 წელს "ილიჩევეცის" მწვრთნელმა თქვენ და ოქრიაშვილი იმდენი გაკრიტიკათ, ასეთი იმიჯი ჩამოგიყალიბდათ...
- იცით, რა მიკვირს?! ეს ყველაფერი იმ ფოტოთი დაიწყო, ბევრჯერ უადგილოდ რომ გამოიყენეს, სადაც მე და თორნიკე წვეულებაზე ვცეკვავთ. ხალხმა ისეთი კომენტარები გააკეთა, გამიკვირდა. საიდან ამდენი აგრესია? მეგობრულ გარემოცვაში ცეკვა დანაშაულია? ან ეს ფოტო იმაზე მეტყველებს, რომ ზარმაცი ვარ და არ ვვარჯიშობ?
კარგად ვიცი, რომ საკუთარ სინდისთან მართალი ვარ და რა ვქნა? ხალხს რაც უნდა, ილაპარაკოს. ვერ ვხვდები, ტყუილებს რატომ მიგონებენ. ან ტრავმირებული ნორმალურად როგორ ვითამაშებდი? ისიც საწყენია, რომ ეს ბევრს არ ესმის ან რატომღაც ანგარიშს არ უწევს და ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს, გულით აღარ ვთამაშობ.
- თქვენ და ოქრიაშვილს "ილიჩევეცის" მწვრთნელთან კონფლიქტი გქონდათ?
- ჩვენზე ძალიან გაბრაზებულია, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ. ამის საფუძველი არ მიგვიცია.
- ტყუილად ხომ არ გაგაკრიტიკებდათ? მათი პოტენციალი გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენთან გამოავლინესო, ასე თქვა...
- პავლოვი ხშირად ამბობდა უცნაურს რაღაცებს. ყაზახეთთან მატჩის შემდეგ თქვა, თარგამაძე და ოქრიაშვილი სანაკრებო მატჩის შემდეგ კლუბში სამი დღე არ გამოჩენილან და "ილიჩევეცს" თამაშამდე ერთი დღით ადრე დაუბრუნდნენო. ეს საქართველოსა და ყაზახეთის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომელიც 14 აგვისტოს გაიმართა.
უკრაინაში მეორე დღეს, 15 აგვისტოს, გვიან დავბრუნდით, 17 აგვისტოს კი თამაში გვქონდა დონეცკის "მეტალურგთან". ანუ ორი დღის შემდეგ დავბრუნდით და ისიც იმიტომ, რომ ბილეთებზე გაუგებრობა მოხდა და 14 აგვისტოს გამგზავრება ვერ მოვახერხეთ.
მერე თქვა, ქართველები ნაკრების შემდეგ აღარ მინახავსო და შემდეგ ეს თავადვე უარყო - აქ კი არიან, მაგრამ ტრავმირებულები ჩამოვიდნენო. წელი მაწუხებდა და გუნდთან ერთად როგორ ვივარჯიშებდი?
ახლა ვიმკურნალე და მეორე წრისთვის ჩვეულებრივ მოვემზადები. სხვათა შორის, გაუგებრობა საქართველოშიც წარმოიშვა. იმის გამო, რომ ესპანეთთან მეორე შეხვედრის წინ შეკრებაზე არ გამოვცხადდი, დაწერეს - ნაკრებში არ ჩამოვიდაო. წინა მატჩებში ორი ყვითელი ბარათი დამიგროვდა და როგორ ვითამაშებდი? მით უფრო, ტრავმირებული?
- პავლოვმა ისიც თქვა, თითქოს, თქვენ და ოქრიაშვილს სერია A-ში თამაშს გპირდებიან და "ილეჩევეციდან" წასვლა ამიტომაც გსურთ...
- არა, რა სერია A?! საერთოდ, ჩემთვის გაუგებარია, ასეთ რამეს რატომ ამბობდა, მსგავსი არაფერი მითქვამს, იტალია საერთოდ არ მიხსენებია - არც მე და არც ოქრიაშვილს.
საერთოდ, მიკვირს, რაში სჭირდებოდა ჩვენზე ასეთი ინფორმაციის გავრცელება? როგორ გგონიათ, სერია A-ში რომ მიწვევდნენ, შემრცხვება და დავმალავ? არც ის მითქვამს, რომ "ილიჩევეცისთვის" უკვე გადავიზარდე-მეთქი. მხოლოდ იმაში იყო მართალი, რომ მარიუპოლში დარჩენა მართლაც არ მსურს.
ასეა თუ ისე, იმედი მაქვს, რომ 2014 წელი გაცილებით წარმატებული და ბედნიერი იქნება ჩემთვისაც, ნაკრებისთვისაც და ეს უსიამოვნებები წარსულს ჩაბარდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"