გიორგი ყიფიანი ისრაელის "ჰაპოელ-ირონის" მეორე მწვრთნელად დაინიშნა

AutoSharing Option
ამ რამდენიმე დღის წინათ კიდევ ერთმა ქართველმა სპეციალისტმა დაიწყო უცხოეთში მუშაობა: ისრაელის ჩემპიონატის რანგით მეორე ("ლიგა ლეუმიტი") ლიგის გუნდის, "ჰაპოელ-ირონის" მეორე მწვრთნელად გიორგი ყიფიანი დაინიშნა.

35 წლის ყიფიანი ბოლოს რუსთავის "მეტალურგში" მუშაობდა - წინა სეზონში გუნდი VIII ტურის მერე ჩაიბარა და თასის ნახევარფინალშიც გაიყვანა, თუმცა თბილისის "დინამოსთან" ორრაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა.

იმავე, 2012/13 წლების სეზონი კი ყიფიანმა "ზესტაფონში" დაიწყო, სადაც საწყისი სამი ტურის განმავლობაში გია ჭიაბრიშვილის ასისტენტი გახლდათ, IV ტურში
კი იმერული კლუბი უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში გამოიყვანა მოედანზე. სამწვრთნელო დებიუტი კი ახალგაზრდა სპეციალისტს 2010/11 წლების სეზონში ჰქონდა, როცა პირველ ეტაპზე ბოლნისის "სიონის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

სხვათა შორის, გიორგი ყიფიანს აქტიური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში რამდენიმე სეზონი გაუტარებია ისრაელში: სხვადასხვა დროს წარმატებით თამაშობდა კირიათ-განის "მაკაბიში", იერუსალიმის "ჰაპოელსა" და ბეერ-შევას "ჰაპოელში".

ისრაელის გუნდების გარდა, ამპლუით შემტევ ნახევარმცველ გიორგი ყიფიანს საბერძნეთისა და ლატვიის ჩემპიონატშიც უასპარეზია.

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, ყიფიანს ბოლნისის "სიონში", რუსთავის "მეტალურგსა" და ქუთაისის "ტორპედოში" უთამაშია.

თუმცა, ყველაზე წარმატებულად მაინც "ვიტ ჯორჯიაში" გატარებული პერიოდი უნდა მივიჩნიოთ, რომლის შემადგენლობაშიც 1999-2000 წლების სეზონში ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო 2002-03 წლების სეზონში - ბრინჯაოს. განსაკუთრებით კი 1999-2000 წლების სეზონი გვინდა გავიხსენოთ, როცა გაზეთ "სარბიელის" გამოკითხვის შედეგად (რომელშიც ქართველი სპორტული ჟურნალისტები იღებდნენ მონაწილეობას), "საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის" ნომინაციაში გიორგი ყიფიანი მესამე ადგილზე გავიდა ზურაბ იონანიძისა და ვარლამ კილასონიას შემდეგ.

გიორგი ყიფიანს ორი მატჩი აქვს ჩატარებული საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ორივეჯერ აზერბაიჯანის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში (1998 და 2001 წლებში).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული