[ექსკლუზივი] ჯანო ანანიძე: თუ მწვრთნელი დედას შემაგინებს, პასუხს იქვე გავცემ!

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე ახლა თბილისშია, 15 იანვარს კი დუბაიში ჩავა და "როსტოვთან" ერთად რუსეთის ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადებას დაიწყებს.

- 2013, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი იყო: გოლის გარდა, შვიდი საგოლე გადაცემაც ჩავიწერე აქტივში. კარგი სტარტის შემდეგ "როსტოვს" ჩავარდნა დაეწყო, მაგრამ ჩვენნაირი კლუბებისთვის ეს ბუნებრივიც არის. ძნელია, მთელი სეზონის განმავლობაში გაუწიო კონკურენცია გუნდებს, რომლებსაც 4-5-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვთ.

"როსტოვში" ჩემპიონატის დასრულებამდე, კიდევ ექვსი თვის განმავლობაში დავრჩები. ეს ჩემი სურვილიც იყო, რადგან ჩემპიონატის ბოლომდე მექნება სათამაშო პრაქტიკა, მერე კი ვნახოთ...

- ცნობილია,
რომ შენი გადაბირება არნემის "ვიტესსაც" სურდა. რამდენად სერიოზული იყო ეს ინტერესი?

- "ვიტესის" იმჟამინდელი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია და გიორგი ქინქლაძე იყვნენ ჩამოსულნი, "სპარტაკის" ვიცე-პრეზიდენტსაც შევახვედრე, მაგრამ... მოსკოველებმა უთხრეს, ჯანოს არ ვყიდითო!

რუსეთის პრემიერლიგა არ არის "საჩემო" ჩემპიონატი. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ალბათ წავიდოდი, მაგრამ კონტრაქტი მაქვს და რა შემიძლია?!

ფაქტია, რომ ხალხმა რუსეთში თამაშისას გამიცნო. თანაც, "სპარტაკიც" კარგი გუნდია, ევროთასებზეც სულ თამაშობს და მაჩანჩალა ევროპულ კლუბებს ნამდვილად სჯობს. ევროპაში თუ მიდიხარ, ისეთ კლუბში უნდა წახვიდე, ეროვნულ ჩემპიონატში მეხუთე-მეექვსე ადგილზე რომ მაინც არის...

Sportall.Ge

- სულ გვესმის, რომ "ჯანოს ჯანი აკლია". "სპარტაკიც" ხომ ცდილობდა შენთვის ფიზიკური კონდიციების მომატებას?
- "სპარტაკიც" ცდილობდა და "როსტოვიც", მაგრამ წონაში მომატება მიჭირს! სათანადოდ ვიკვებები, ვიტამინებსაც ვსვამ და კრეატინებსაც, მაგრამ ვერ ვიმატებ... მეუბნებიან - 23-24 წლის ასაკიდან "შეისხამ ხორცსო" და ვნახოთ.

თუ ვინმეს ჩემზე მეტად უნდა, რომ წონა და კუნთოვანი ქსოვილი მომემატოს?! ფიზიკური კონდიციებიო, რომ გაიძახიან, ზედიზედ ხუთი მატჩი სრულად ვითამაშე და "რივოკს" 89-ე წუთზეც ვაკეთებდი! შეუცვლელად ვითამაშე მთელი შეხვედრა და არ დავღლილვარ.

ზოგი ფეხბურთელი 25 წლის ასაკში იწყებს თამაშს და მე ჯერ 21-ის ვარ! მესი და რონალდუ ვერასდროს გავხდები, მაგრამ რაც შემეძლება, მაქსიმუმს გავაკეთებ კლუბის და საქართველოს ნაკრებისთვის. მესისავით რომ ვთამაშობდე, ახლა "ბარსელონაში" ვიქნებოდი!

- ჯერ მათსავით თამაშისა რა გითხრა, მაგრამ ამა თუ იმ ვარსკვლავს მართლაც ხშირად გადარებენ. ცოტა ხნის წინ sports.ru-ზე "ახალგაზრდა ჩავის" შეგადარეს... ასეთ რაღაცებს თუ აქცევ ყურადღებას?
- სიმართლე გითხრათ, ასეთი რაღაცები მაღიზიანებს... მანერით შესაძლოა მიმამსგავსონ რომელიმე ფეხბურთელს, მაგრამ სად მე, სად - ჩავი?! დაწერენ ასეთ რაღაცას და მერე კომენტარები მოჰყვება ხოლმე - ჩავი კი არა, ანანიძემ რუსეთში ვერაფერი დაამტკიცაო. თითქოს ამ კომენტარების ავტორებს ჩემზე მეტად სურდეთ, რომ დავამტკიცო...

რა ჩავი, რომელი მესი?! მე ჯანო ვარ და რაც შემიძლია, ვთამაშობ!

- რუსეთში "საჩემო" არ არისო... აბა, რომელი იქნებოდა საშენო ჩემპიონატი?
- თამაშისას ხელ-ფეხი რომ გეყინება და სავარჯიშოდაც ორი შარვლით გადიხარ, არასასიამოვნოა. თანაც, რუსული პრემიერლიგა ძალისმიერია, იშვიათად თუ გამოერევა თამაში, რომლისგანაც სიამოვნებას იღებ...

ვფიქრობ, ყველაზე კარგად ესპანეთში ან ჰოლანდიაში გამომივიდოდა თამაში. ისე, დავიდ სილვა და ხესუს ნავასიც ჩემი წონის არიან, მაგრამ ვერ თამაშობენ ინგლისში?!

Sportall.Ge

- პირველი წრის შემდეგ რამდენიმე რუსულმა გამოცემამ გამოგარჩია, მაგრამ "წლის კურიოზებშიც" მოხვდი - ცსკა-სთან მატჩში ცარიელ კარს რომ ააცილე ბურთი...
- თავს არ ვიმართლებ, უნდა გამეტანა, მაგრამ ბურთი მხოლოდ უკანასკნელ წამს დავინახე, თან, მინდორიც გაფუჭებული იყო და ბურთმა მიმართულება შეიცვალა... ასეთი რამ პირველად დამემართა და მაინცდამაინც პრინციპულ მეტოქე ცსკა-სთან, რომლისთვისაც არასდროს გამიტანია...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

- საკუთარ მოედანზე "კრილია სოვეტოვთან" წაგების შემდეგ როსტოველმა ფანებმა განსაკუთრებით შენ გაგაკრიტიკეს - წაგებული მატჩის შემდეგ ანანიძე ღამის კლუბში ჩილიმს აბოლებდაო...
- იმ ფოტოზე ჩილიმი კი არა, სადღესასწაულო მაშხალა მიჭირავს ხელში და ვინც ჩილიმს და მაშხალას ვერ არჩევს, მე ვერ დავეხმარები... ჩილიმი რომ მეჭიროს, იმ ფოტოს თავად ხომ არ გავავრცელებდი სოციალური ქსელით?!

არც წაგების შემდეგ "გვიგულავია", ჩემი თანაკლუბელის დაბადების დღე იყო, 22.00-ზე მივედით და პირველ საათზე წამოვედით...

ოჯახები ფეხბურთელებსაც გვყავს, წაგებული თამაშის შემდეგ ბაზაზე ჩავიკეტოთ და გარეთ აღარ გავიდეთ? თუ ვინმეს ჩემზე მეტად ეწყინა იმ მატჩის წაგება?! არც ჩილიმი და არც სიგარეტი არასდროს მომიწევია და 21 წლის ასაკში დავიწყებ?!

Sportall.Ge

- ნაკრებზეც ვთქვათ - თამაშით არა, მაგრამ შარშან საქართველოს ნაკრებმა სკანდალებითა და აჟიოტაჟით ნამდვილად დაგვამახსოვრა თავი...
- თუ ვინმეს პრობლემა აქვს, თვითონ მოაგვაროს, მე კი არანაირი პრობლემა არ მაქვს თემურ ქეცბაიასთან. "სპარტაკში" რამდენიმე წუთსაც არ მითმობდნენ, თემური კი იმ დროს ნაკრებში შეუცვლელად მათამაშებდა! თუ რამე მექნება სათქმელი, ინტერვიუთი კი არა, თემურს პირადად ვეტყვი!

წლებია, ქეცბაია და ხიზანიშვილი ერთად მოდიან და ურთიერთობასაც თავად გაარკვევენ; მე კი მომავალი თაობა ვარ, 21 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებში თამაში სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს...

ნაკრების შიდა "სამზარეულოში" მომხდარი გარეთ არ უნდა გამოდიოდეს, გუნდშივე უნდა მოგვარდეს. დავსხდეთ ნაკრების კაპიტანთან ერთად და ვისაც რაიმე პრობლემა აქვს, იქ ილაპარაკოს!

- ანუ თემურ ქეცბაია ფეხბურთელებს არ აგინებს?
- ცუდად არავინ გამიგოს, მაგრამ თუ მწვრთნელი დედას შემაგინებს, ინტერვიუთი ნამდვილად არ მოვაგვარებ საქმეს და პასუხს მაშინვე გავცემ! თამაშის დროს შეცდომას მე კი არა, მესი უშვებს და ამის გამო გინებას მოვითმენ?!

თემურ ქეცბაიას ჩემთვის არც არასდროს შეუგინებია და სხვისი არ ვიცი...

ისე, თამაშის დროს მწვრთნელმა შეიძლება შეიგინოს კიდეც, მაგრამ კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელს ხომ არ აგინებს?!

- აბა, რა არის საქართველოს ნაკრების პრობლემა?
- სანამ ეროვნული ჩემპიონატი არ გაძლიერდება, არაფერი გამოვა! თუ არადა, ხორვატიასავით უნდა ვიყოთ და ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობა ევროპის წამყვან კლუბებში თამაშობდეს, ქართველი ლეგიონერების უმეტესობა კი რუსეთ-უკრაინას ვერ გავცდით... ამიტომაც მხოლოდ ქეცბაიას დადანაშაულება არასწორად მიმაჩნია.

რამდენი მწვრთნელი გამოვიცვალეთ, მაგრამ სულ მეექვსე ადგილზე არ გავდიოდით? რატომ არ გადატყდა ჯოხი ტოპმიულერზე, ჟირესზე, კუპერზე?!

Sportall.Ge

- თუ არაფერ შუაშია, ყველა თემურ ქეცბაიას რატომ აკრიტიკებს?
- არ ვიცი. ალბათ, ჰგონიათ, რომ სხვა მწვრთნელი უკეთესად იმუშავებს... ნეტავ, ასე იყოს, მაგრამ ვინ უნდა მოვიდეს? გერმანელიც იყო, ფრანგიც, არგენტინელიც და ჰოლანდიელიც, მაგრამ რომელიმეს ჰქონდა შედეგი?!

- ეთანხმები თორნიკე ოქრიაშვილს, რომ დღეს საქართველოს ნაკრები არ არის ისეთი ერთიანი და შეკრული გუნდი, როგორც წინათ?
- უმეტესობა ახალგაზრდები ვართ, გვაკლია ისეთი ფეხბურთელები, კობი ან კალა რომ იყვნენ. ისეთები, რომ იტყვის და ერთ მუშტად შეკრავს გუნდს... დასრულდება შეკრება, დავიშლებით და ვითომც არაფერი. ნაკრებში ჩასვლა უნდა გიხაროდეს, ჩვენ კი ისე ვთამაშობთ, მერე კლუბში დაბრუნება კი არა, არავის დანახვა აღარ მინდა ხოლმე...

ესაუბრა რატი შელეგია
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ნუ გაუჭირეთ საქმე ჯანოს! ჩილიმი კი არა მართლა საახალწლო შაშხანა უჭირავს ხელში ეხლა რომ დავაკვირდი, და რამხელა ამბავი ატეხეს წარმოგიდგენიათ? ჯანო ვიღაცაში ეშლებათ!!!
zviad
01:30 09-01-2014
0
აქამდე ხო გაფასებდი ჯანო, მაგრამ ამ ინტერვიუს შემდეგ უფრო მეტად გაფასებ ! ძალიან მაგარი კაცი ხარ, ასე გააგრძელე !
beqa
04:20 09-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული