თორნიკე ოქრიაშვილი: მომცეს მირჩა ლუჩესკუმ შანსი და დავუმტკიცებ

AutoSharing Option
უკრაინულმა საიტმა terrikon.com-მა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს თორნიკე მარიუპოლის "ილიჩევეცს" დაემშვიდობა და ახლა ახალი გუნდის ვარიანტებს განიხილავს. საერთოდ კი, ქართველი ფეხბურთელი დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის.

თორნიკე ინტერვიუში ბურთთან თავის პირველ შეხებასა და განვლილ წლებს იხსენებს. ასევე, საუბრობს მარიუპოლელ "ნათლიმამებზე", თავის საფეხბურთო კერპზე, სასურველ პოზიციასა და საოცნებო გუნდზე.

კუმირი გიორგი ქინქლაძე
- "ოქრიაშვილი - ქართველი ნახევარმცველი - უნივერსალი, ფეთქებადი, ტექნიკური", - ასე ახასიათებს თორნიკე ოქრიაშვილს ერთ-ერთი ავტორიტეტული უცხოური სატრანსფერო საიტი. თორნიკე, ამ დახასიათებას კიდევ რას
დაამატებ?
- კიდევ იმას, რომ მეხერხება ართმევა და შეტევის წამოწყება.

- თორნიკე, ინტერნეტში შენზე წერია, რომ რუსთავში დაიბადე - საქართველოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქში. როგორ დაახასიათებ მშობლიურ ქალაქს რამდენიმე სიტყვით?
- სინამდვილეში თბილისში დავიბადე. ეს ყველაზე ლამაზი და თბილი ქალაქია მსოფლიოში.

- გაიხსენე ბავშვობა და ფეხბურთში პირველი ნაბიჯები...
- ალბათ ისე, როგორც ყველა ბიჭუნა საქართველოში - მეც დავუწყე ბურთს დევნა მანამ, სანამ ფეხს ავიდგამდი - ხოხვით (იცინის). 6 წლისა მამამ გრიგოლ ცაავას სკოლაში შემიყვანა. ჩემი პირველი მწვრთნელი მამუკა ფანცულაია იყო - 80-იანი წლების ბოლოს თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.

- თუ საიდუმლო არაა, რომელი დიდი ქართველი ფეხბურთელი იყო შენი კუმირი?
- ასეთი იყო და დარჩება გიორგი ქინქლაძე.

ელვისებურად "შახტარში"
- საქართველოს ჩემპიონატში შენმა თამაშმა თავის დროზე სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი", ბელგიური "ანდერლეხტი", ჰოლანდიური, თურქული და გერმანული კლუბები დააინტერესა, მაგრამ შენ დონეცკის "შახტარი" არჩიე. რატომ?
- ასევე შემეძლო "მეტალისტში" მოხვედრა - მირონ მარკევიჩსაც ველაპარაკე, მაგრამ იმ მომენტში ცალი ფეხით "ზენიტში" ვიყავი... თუმცა, ჩემთვისაც მოულოდნელად, პეტერბურგელთა ავსტრიული შეკრებიდან დონეცკში აღმოვჩნდი.

როგორც მოგვიანებით გავიგე, "შახტარის" პრეზიდენტს უცებ მიუღია ჩემს ტრანსფერზე გადაწყვეტილება. ამბობენ, სულ რამდენიმე წუთშიო... მეც ელვისებურად მივიღე გადაწყვეტილება - ეს ხომ "შახტარია"!

- და აი, გავიდა ორი წელი. შენ იჯარით ითამაშე მარიუპოლის "ილიჩევეცში" (60 მატჩი უკრაინის ჩემპიონატში) და გახდი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი - რა შეგძინა ამ პერიოდმა?
- პირველ რიგში, დიდი ფეხბურთის ორი "ნათლიმამა" - ვალერი იარემჩენკო და ნიკოლაი პავლოვი. მათ ფეხბურთში ბევრი რამ მასწავლეს. სწორედ მათი და გუნდის დამსახურება იყო ის, რომ მე საქართველოს ნაკრებში დავმკვიდრდი.

- ბოლო დროს ნიკოლაი პავლოვმა და ვლადიმირ ბოიკომ არაერთხელ გაგაკრიტიკეს. რა მოხდა ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ და რატომ არ ჩანდი მოედანზე ამდენ ხანს?
- პირველ რიგში, მინდა "ილიჩევეცის" ხელმძღვანელობის, კლუბის მთელი პერსონალისა და გუნდის მისამართით მადლიერება გამოვხატო. ვაფასებ ყველაფერს, რაც მათ ჩემთვის გააკეთეს.

რაც შეეხება სანაკრებო მატჩების შემდეგ კლუბში დაგვიანებას, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მაგრამ, მერწმუნეთ, მას ნაკრების იმ მენეჯერებსაც ვუზიარებ, რომლებიც ტექნიკურ საკითხებს განაგებენ.

არ ვთამაშობდი იმის გამო, რომ საფრანგეთთან თამაშის შემდეგ მუხლის დაზიანება მქონდა და მარიუპოლში დიდი ხნის განმავლობაში ვმკურნალობდი.

- ახლა ყველაფერი წესრიგშია?
- დიახ, გმადლობთ. უკვე თვეზე მეტია, ვვარჯიშობ და თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ.

დაიჭირე შანსი
- მართლა მიიჩნევ, რომ "ილიჩევეცის" დონისთვის გადაზრდილი ხარ?
- ეს ნიკოლაი პავლოვმა თქვა. მე მსგავსი არასდროს არაფერი მითქვამს.

- მაგრამ ხომ ასე ფიქრობ?
- "ილიჩევეცში" ძალიან ბევრი მაღალი კლასის, პროფესიონალი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა ბოლო წელს გუნდი რამდენიმე ძლიერმა მოთამაშემ დატოვა, ზოგიერთები კი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში წავლენ. ერთი სიტყვით, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გუნდს ძალიან გაუჭირდება.

მსურს, რომ კონკურენტულ გარემოში გავიზარდო - გუნდში, რომლის წინაშეც ყველაზე ამბიციური მიზნებია დასახული, როგორც ჩემპიონატში, ისე ევროთასებზე.

- შენი ნათქვამიდან გამომდინარე, უკრაინაში არ იქნებოდი "შახტარში", "დინამოში", "მეტალისტში" ან "დნიპროში" თამაშის წინააღმდეგი.
- რა თქმა უნდა, ჩემი უახლოესი მიზანიც და ოცნებაც - დონეცკის "შახტარია". ძალიან მინდა, მომეცეს შანსი, რათა დავუმტკიცო ლუჩესკუს, რომ შემიძლია გუნდის გაძლიერება და კონკურენციაში ჩაბმა ნებისმიერ პოზიციაზე, გარდა მეკარისა. თუკი შანსი მომეცემა, ამას დავამტკიცებ.

- თუკი ასეთი შანსი არ მოგცეს ან თუ ვერ შეძლებ მის გამოყენებას, რომელ კლუბში ისურვებდი კარიერის გაგრძელებას?
- წეღან გუნდების დასახელებისას "ჩერნომორეცი" გამოგრჩათ. ძალიან მომწონს ისეთი ფეხბურთი, როგორსაც ეს გუნდი ბოლო დროს თამაშობს. უწინ ამ გუნდში გადასვლის რეალური შესაძლებლობა მქონდა, მაგრამ "შახტარის" ხელმძღვანელობამ და ნიკოლაი პეტროვიჩმა მთხოვეს, კიდევ ექვსი თვე "ილიჩევეცში" მეთამაშა.

- ყოველ შემთხვევაში, დღეს შენ ხელს არაფერი უნდა გიშლიდეს იქ გადასვლაში...
- საამისოდ სამი წინაპირობაა: თუ მისტერ ლუჩესკუ არ მომცემს შანსს; თუ იქნება დაინტერესება "ჩერნომორეცისა" ან სხვა რომელიმე ამბიციური კლუბისგან; და თუ კლუბი ამის ნებას დამრთავს.

ვცდილობ, ბევრი გავიტანო!
- საქართველოს ნაკრებთან ერთად ბრწყინვალედ ითამაშე ესპანეთსა და საფრანგეთთან და გაუტანე ბელორუსს. გოლი ძალიან ლამაზია, მაგრამ ის ერთადერთია მთელ შესარჩევ ციკლში. რატომ იტან ასე ცოტას - ნაკრებშიც და კლუბშიც?
- პირველ რიგში, თავდამსხმელი არ ვარ; მეორეც, ეს ჩემი პირველი მატჩები იყო ნაკრებში და მესამეც, მე არც ესპანეთის ნაკრებში ვთამაშობ და არც "ბარსელონაში", სადაც სათამაშო დროის 60-70%-ს შეტევაში ატარებენ.

უფრო მეტად ართმევაზე ზრუნვა, ბურთისთვის ბრძოლა და შეტევის სიღრმიდან წამოწყება მიწევს, თუმცა საგოლე მომენტები, პრაქტიკულად, ყველა თამაშში მაქვს და ძალას არ ვიშურებ, რათა მეტი გავიტანო.

- ოქრიაშვილი-თარგამაძის წყვილს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულსა და არაპროგნოზირებადს უკრაინის ჩემპიონატში. რას იტყვი დავითთან ერთად თამაშზე?
- დავითი ჩემი მეგობარი და ძალიან კარგი ფეხბურთელია. შესაბამისად, მოედანზე არცთუ ურიგოდ ვართ შეთამაშებულნი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ერთად არცთუ ბევრი გვითამაშია.

- თორნიკე, ერთ-ერთი თამაშის წინ, როდესაც ფეხბურთელები მსაჯთა ბრიგადას ესალმებოდნენ, შენ არბიტრის ასისტენტ ნატალია რაჩინსკას ხელზე ეამბორე... რა იყო ეს, ჭეშმარიტი ქართველის გალანტური ქცევა?
- დიახ, ეს ჩვენ სისხლში გვაქვს (იცინის).

- რომელია შენთვის საოცნებო ტოპ-კლუბი და ტოპ-ჩემპიონატი?
- ჩემი ოცნება დონეცკის "შახტარში" თამაში და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, მერე კი, როგორც ღმერთი ინებებს!
მკითხველის კომენტარები / 3 /
შანსი არის ის რომ შახტარმა ეს ფეხბურთელი შეიძინა. შანსი არის ის რომ შემდეგ , როგორც სხვა ბევრი ძლიერი კლუბი იქცევა, გაანათხოვრა ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელი და აკვირდება მის კარიერულ ზრდას, ქცევას და აშ. მირჩა ლუჩესკუს არამგონია გამოეპაროს ის, რომ შახტარის რომელიმე განათხოვრებული ფეხბურთელი საკუთარ კლუბში წარმატებას აღწევს. აი მანდ არის შანსი შეგამჩნიონ და დაგაწინაურონ, მაგრამ ჯერ ამ შანსს უნდა გამოყენება. ამიტომ უმჯობესია სადაც იქნება ფეხბურთელი იქ იშრომოს, მიაღწიოს წარმატებას და შესამჩნევს ადრე თუ გვიან საფეხბურთო სამყარო შეამჩნევს ისე როგორც თავის დროზე მანჩესტერ სიტიმ შეამჩნია გიორგი ქინქლაძე !
George
10:51 09-01-2014
0
ლოთობას და დროის ტარებას მორჩი და შანსსაც მოგცემენ!
თემო
18:00 08-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული