ბაჩანა ცხადაძემ ჰოლანდიურ გუნდთან სპარინგ-მატჩში პოკერი შეასრულა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფმა აზერბაიჯანის ყველაზე "ქართულმა კლუბმა", ბაქოს "ინტერმა" შაბათს პირველი სპარინგ-მატჩი გამართა.

ქართველი სპეციალისტების, კახა ცხადაძისა და ზაურ სვანაძის დამოძღვრილი გუნდის მეტოქე ჰოლანდიის ქვედა ლიგის წარმომადგენელი "ასტენი" იყო და "ინტერმაც" დიდი ანგარიშით, 8:0 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ამ სპარინგ-მატჩში თავი გამოიჩინა "ინტერის" ქართველმა ლეგიონერმა, 26 წლის ბაჩანა ცხადაძემ, რომელმაც მეტოქის კარში 4 გოლი გაიტანა. ეს იყო ქართველი ფორვარდის პირველი მატჩი 2013 წლის 30 ნოემბრის შემდეგ: "ბაქისთან" მატჩის ბოლო წამზე ცხადაძემ თავისა და სახის არეში უმძიმესი ტრავმა მიიღო და მას შემდეგ
მკურნალობდა.

ცხადაძის გარდა, "ინტერის" ძირითადში დაიწყეს თამაში ცენტრალურმა მცველმა ლაშა სალუქვაძემ, გარემარბმა ალექსანდრე იაშვილმა და ახლო წარსულში თბილისის "დინამოს" ყოფილმა ნახევარმცველმა მიკელ ალვარომ. მოგეხსენებათ, რომ ალვაროც დიდი ხნის განმავლობაში ტრავმირებული იყო და ნელ-ნელა იკრეფს ოპტიმალურ ფორმას. სხვათა შორის, ამ საკონტროლო მატჩში ალვარომ ერთი გოლის გატანაც შეძლო.

მომდევნო სპარინგ-მატჩს ბაქოს "ინტერი" 15 იანვარს გერმანიის III ბუნდესლიგის წარმომადგენელთან, "კილთან" ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული