ნუკრი რევიშვილი: უბედურება ისაა, რომ აქ თამაშს მალტაში წასვლაც ჯობია

AutoSharing Option
ნუკრი რევიშვილი კარიერას მალტურ კლუბში გააგრძელებს.

საქართველოს ნაკრებისა და გორის "დილას" მეკარის ამბავი, რბილად რომ ვთქვათ, მოულოდნელი იყო. მოულოდნელი იმიტომ, რომ მეკარე, რომელიც ცოტა ხნის წინათ რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობდა, მერე ეროვნულ ნაკრებშიც მშვენივრად გამოიყურებოდა და გორის "დილას" საევროპო მატჩებშიც გამოიჩინა თავი, სულ ცოტა, უკეთესი ლიგისთვის გვემეტებოდა...

რევიშვილს ინტერვიუსთვის დავუკავშირდით...

- მართალია, რომ კარიერას მალტაში გააგრძელებთ?
- რატომ გიკვირთ? ცუდ ქვეყანაში მივდივარ? ხუმრობა იქით იყოს და, მესმის, რომ მალტა საუკეთესო ვარიანტი არ არის, მაგრამ უბედურება ისაა, რომ დღეს საქართველოში თამაშს იქ
წასვლაც ჯობია.

- შარშან აზერბაიჯანის ჩემპიონატის ლიდერებზე თქვით უარი და ამიტომ გვიკვირს, მალტის ჩემპიონატში თამაშს რომ დათანხმდით...
- აზერბაიჯანში 2-3-წლიან კონტრაქტს მთავაზობდნენ, რაც მიუღებელი იყო. მაშინ იმედი მქონდა, რომ რუსეთში მალე დავბრუნდებოდი და ამ ვადით ხელშეკრულების გაფორმება არ მაწყობდა. სამწუხაროდ, წასვლა ვერ მოვახერხე.

- რუსეთის ვარიანტი კვლავ გამორიცხულია?
- რეალური იქნება მაისის შემდეგ, მანამდე კი ყველაზე კარგი ვარიანტი მალტა იყო.

- მეტ-ნაკლებად დალაგებულ ქართულ გუნდში თამაში არ სჯობდა?
- სად? რომელ გუნდში? "დინამოში" გიორგი ლორია დგას და ვერ მივიდოდი. ჭიდაობას ხომ არ დავუწყებდი?! სხვაგან სად გეგულებათ კარგი პირობები? ან თუ გგონიათ, რომ მალტის ჩემპიონატი საქართველოსაზე დაბალი დონისაა, ძალიან ცდებით. ეს დიდი ხნის წინათ იყო, ახლა მათაც გაგვისწრეს.

დიდი სიხარულით არ მივდივარ. მეც მირჩევნია, საქართველოში ძლიერი კლუბები იყოს და ასარჩევად მქონდეს საქმე, მაგრამ, რომ არ არის?! გორის "დილაშიც" სიამოვნებით დავრჩებოდი, თუმცა ძველი შემადგენლობა დაიშალა და გუნდმა ამბიცია დაკარგა.

ყველაფერი ისე არ არის, ჩვენ რომ წარმოგვიდგენია. მალტის ჩემპიონატს სელექციონერები ესწრებიან და საუკეთესო ფეხბურთელებს სერია B-ს გუნდებში იწვევენ. ამაზეც ვფიქრობ. საქართველოში კი უცხოელი სკაუტები თითქმის არ ჩამოდიან. რაც უნდა უცნაური იყოს, მალტაში მეტი პერსპექტივაა.

- რომელ გუნდში მიდიხართ?
- ახლა ჩემპიონატში მეორე ადგილზეა ("ვალეტა", ქვეყნის 21-გზის ჩემპიონი - რედ).

- შეიძლება უხერხული კითხვაა, მაგრამ ასეთი კარგი პირობები შემოგთავაზეს?
- ჩემდა გასაოცრად, მართლა მშვენიერი პირობებია. საქართველოს საუკეთესო გუნდები ახლოსაც ვერ მივლენ. 6 თვე გავძლებ, მაისში კი, იმედია, ისევ რუსეთში გადავალ და "დიდ ავიაციას" დავუბრუნდები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ირაკლი მაისურაძე: არავინ თქვას, მალტაში რატომ მიდიანო...
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვაი რომ მარტალს ამბობს.რა გვეშველება?
achikozk
22:29 22-01-2014
0
Mართალი ხარ,აქ არანაირი პერსპექტივა არაა.ჯობია ყველა წავიდეს აქედან.იქიდან უფრო მეტს გაუკეტებენ თავიანთ ქვეყანას,ხალხს და სპორტსაც.
Nukrishka!
13:55 22-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული