ლეგიონის უქმეები: კობის მარცხიანი სტარტი და ქართული გოლი საფრანგეთში [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგა განახლდა და მწვრთნელს ლევან კობიაშვილი კვლავ დასჭირდა, თუმცა ამჯერად ვეტერანი ქართველი ვეღარ დაეხმარა "ჰერტას" ქულების გადარჩენაში.

პირველი ლეგიონური გოლი გაიტანა 24 წლის ამირან სანაიამ.

კობიაშვილმა ბუნდესლიგა მარცხით განაახლა
გერმანული ბუნდესლიგა მარცხით განაახლა ბერლინის "ჰერტამ", რომელიც ფრანკფურტში "აინტრახტთან" დამარცხდა - 0:1.

73-ე წუთზე ჰოსოგაის ნაცვლად მოედანზე ქართველი ვეტერანი ლევან კობიაშვილი გავიდა. 17 წუთში ლევანმა 11 პასი გააკეთა და ერთი საჰაერო დუელი მოიგო. "შპორტალს" მისთვის შეფასება არ დაუწერია.

ქართველთა გარეშე
ჰოლანდიის ჩემპიონატში "ვიტესს" ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი ელოდა - დერბი "ნეიმეგენთან". აკი დაკარგა კიდევაც
ჩემპიონობისთვის მებრძოლმა გუნდმა ქულები - 1:1.

კარგა ხანია, ასეთი რამ არ მომხდარა - "ვიტესმა" ქართველების გარეშე ითამაშა. გურამ კაშია დისკვალიფიცირებული იყო, მასპინძელთა ერთადერთი გოლი კი მისმა შემცვლელმა ებრაელმა მორიმ გაიტანა.

ვალერი ყაზაიშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე გასვლა არ ეღირსა. რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას... ის საერთოდ არ ყოფილა მატჩის განაცხადში.

"აიაქსმა" მოიგო და "ვიტესს" უკვე 2 ქულით გაუსწრო.

ფრე "კუკლიონთან"
კვიპროსზე "ანორთოსისი" შინ დაუზავდა "კუკლიონს". მასპინძელთა რიგებში შოთა გრიგალაშვილი მინდორზე 61-ე წუთზე გამოჩნდა. "ანორთოსისი" 34 ქულით მეხუთე ადგილზეა.

განახლდა სერია B-ს ასპარეზობაც. ქართველთა "ემპოლი" "ლატინას" ესტუმრა და 1:2 წააგო. ჩვენებურებს არ უთამაშიათ: ირაკლი შეყილაძე დისკვალიფიცირებული იყო, ხოლო ლევან მჭედლიძე - სათადარიგო.

თურქეთის სუპერლიგაში ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერი" "სივასს" ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. ხიზანიშვილმა 90 წუთი ითამაშა. მისი გუნდი 12 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

"ქასიმფაშა", რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, შინ "ქარაბუქს" დაუზავდა - 0:0. არველაძის გუნდი 32 ქულით მე-4 ადგილზეა.

სანაიას პირველი ფრანგული გოლი
საფრანგეთის რანგით მესამე ლიგაში (ნასიონალ ლიგა) "ლუზენაკმა" სტუმრად 2:0 მოუგო "პერონასს". ამ შეხვედრაში სტუმართა მეორე გოლი მცველ ამირან სანაიას ანგარიშზეა.

ეს 57-ე წუთზე მოხდა. "ლუზენაკი" 38 ქულით პირველ ადგილზეა და ლიგა 2-ში გადასვლის სერიოზული კანდიდატია. რაც შეეხება სანაიას, ეს ქართველი მცველის პირველი გოლია ფრანგულ კარიერაში. აქამდე ის "ლე მანსა" და "ბასტიაში" თამაშობდა.

ავთო სასტარტოში დაბრუნდა
პორტუგალიის ლიგის თასზე ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" ლისაბონის "ბენფიკას" ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ ჟორჟე ჟესუსმა ბევრი მოწინავე ფეხბურთელი დაასვენა, 0:1 წააგო.

ავთომ საკმაო ხნის პაუზის მერე, პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში და მოედანზე 90 წუთი იყო, თუმცა გამორჩეული არ ყოფილა. ჯგუფს "ბენფიკა" ქულათა მაქსიმუმით - 9 - ლიდერობს, "ჟილ ვისენტეს" კი ორი ქულა აქვს.

აღსანიშნავია, რომ ებრალიძის გუნდი ახლა ძალიან ცუდ ფორმაშია - 3 ნოემბრის მერე არ მოუგია. არადა, ყველა ტურნირში 12 მატჩი გამართა.

ჯანოს ორი საგოლე
ესპანურ შეკრებაზე მყოფმა "დნიპრომ" "კაზინო მარბელიას თასი" მოიპოვა. ფინალში უკრაინულმა გუნდმა 4:0 გაანადგურა უნგრული "ვიდეოტონი".

ამ შეხვედრაში ჯაბა კანკავამ 63-ე წუთამდე ითამაშა, ზუსტად ამ წუთზე შევიდა მოედანზე უჩა ლობჟანიძე, ხოლო სანდრო კობახიძე მცირე ტრავმის გამო არ გამოჩენილა.

თურქულ შეკრებაზე მყოფმა "ჰაიდუკმა" ამხანაგური მატჩი გამართა კორეულ "გიეონგნამთან" და 2:3 წააგო. გიორგი ილურიძემ 90 წუთი ითამაშა ხორვატთა შემადგენლობაში და 67-ე წუთზე კორეელებს გოლი გაუტანა.

ილურიძე მეკარესთან მარტო მაგლიცამ დატოვა, თუმცა ამ გოლში უდიდესი დამსახურება კუასის მიუძღვის, რომელმაც კორეელთა ნახევარი გუნდი მოატყუა. "ჰაიდუკს" რუსულ "ამკართან" უნდა ეთამაშა, მაგრამ შტორმმა ეს შეხვედრა ჩაშალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლაშა გვალიამ "ურალის" შემადგენლობაში უზბეკურ "ლოკომოტივთან" მატჩში (1:2) ითამაშა.

გერმანულ "პადერბორნთან" 1:2 წააგო საბა კვირკველიას "რუბინმა". საბამ პირველი ტაიმი ითამაშა, რომელიც "რუბინმა" 1:0 მოიგო.

მათე ღვინიანიძემ
"ლუჩ ენერგიასთან" საკონტროლო მატჩში მცირე ტრავმა მიიღო და შესვენებაზე შეცვალეს.

"როსტოვმა" იორდანიის ნაკრები დაამარცხა - 3:2. დუბაიში ჯანო ანანიძემ პირველი ტაიმი ითამაშა. როსტოველთა პირველი და მეორე გოლები ჯანოს პასებით გავიდა.

აკაკი ხუბუტიას "მორდოვია" "კრასნოდარს" დაუზავდა - 0:0, ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა.

ისრაელში მე-4 საკონტროლო მატჩი გამართა "სკა ენერგიამ". რუსულმა კლუბმა "ტოსნო" დაამარცხა - 1:0. გიორგი ნავალოვსკი მე-60 წუთზე შეცვალეს. ალექსანდრე ვერულიძე მე-80 წუთზე ჩაერთო თამაშში.

ლუგანსკის "ზორია" ყარაღანდის "შახტიორს" დაუზავდა - 2:2. უკრაინელთა რიგებში პირველი ტაიმი ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ.

გიორგი ჩიხრაძის "სიმურგმა" 2:0 მოუგო ხორვატიულ "დრაგოვოლეცს".

ნორვეგიულ "ოდს" 0:0 დაუზავდა "ფორტუნა", რომლის რიგებშიც მე-80 წუთზე გამოჩნდა ლევან ყენია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი ინფორმაცია საეთოდ რომ გააჟღეროთ მემგონი აჯობებს
დავითი
14:52 27-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული