მართალია, ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა 32 წლის გამოცდილი ნახევარმცველისადმი ინტერესი დაადასტურა, მაგრამ იქვე დასძინა - ჩვენთან არ ვარჯიშობსო.
გუნდები სეზონის საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადებას ამთავრებენ, ბოლქვაძე კი არც "ტორპედოშია" და არც - "დილაში". როგორც შევიტყვეთ, ის თურმე ბელორუსში იმყოფებოდა.
"ბელორუსის ჩემპიონატში ერთ-ერთი აუტსაიდერია ნოვოპოლოცკის "ნაფტანი". ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტია ტარას ჩოფიკი, რომელთან ერთადაც აზერბაიჯანში, ზაქათალის "სიმურგში" ვთამაშობდი.
ზამთარში სწორედ ჩოფიკი დამიკავშირდა, გუნდის გაძლიერება სურდა და კონტრაქტი შემომთავაზა - არანაირი გასინჯვა, ერთწლიანი ხელშეკრულება უნდა გამეფორმებინა.
ჩავედი, დოკუმენტები გადმომიღეს და აღმოვაჩინე, რომ წინასწარ შეთანხმებული თანხის ნაცვლად, ოთხჯერ ნაკლები ეწერა. დაიწყეს ახსნა, რომ ფინანსური პრობლემები ჰქონდათ და იძულებულები იყვნენ, ხელფასები შეემცირებინათ, მაგრამ მე ეს რაში მაინტერესებდა?
მოკლედ, საქართველოში დავბრუნდი და, სავარაუდოდ, ისევ გორის "დილაში" ვითამაშებ. მომწონს იქაურობა, მეგობრული გუნდია და ერთმანეთისადმი პატივისცემა იგრძნობა. ბელორუსიდან მაშინ ჩამოვედი, როცა "დილა" უკვე თურქეთში იყო. ველოდები, როდის დაბრუნდება გუნდი შეკრებიდან.
რაც შეეხება ქუთაისის "ტორპედოს", ამ კლუბთან ტრანსფერზე მოლაპარაკება არ მქონია", - ამბობს ბოლქვაძე.
სხვათა შორის, ბოლქვაძის მსგავსი ისტორია შარშან კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს, ზვიად ქანთარიას შეემთხვა. ბრესტის "დინამოში" გასინჯვაზე წასულს კონტრაქტი შესთავაზეს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ხელშეკრულებაში შეპირებულზე სამჯერ ნაკლები თანხა ჩაუწერეს, რაზეც უარი თქვა და საქართველოში გამობრუნდა.
ეტყობა, ეს ჩვეულებრივი ბელორუსული აფერისტობაა - ერთგვარი საფირმო ნიშანი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"