ლევან კობიაშვილმა ზედიზედ მეორე ტურში გაიყვანა ბერლინის "ჰერტა" კაპიტნის სამკლავურით. ამჯერად მეტოქე "ვოლფსბურგი" იყო. ჩვენებური კვლავ დაცვის ცენტრში იყო და 90 წუთი ითამაშა, "ჰერტა" კი უშუალო კონკურენტთან ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
ლევან ყენია "ფორტუნას" დუბლებში თამაშობს, მეორე ბუნდესლიგის მატჩის განაცხადში კი ქართველი ვერ ხვდება.
III ბუნდესლიგაში ლუკას ჰუფნაგელის "უნტერჰახინგი" სტუმრად "ზაარბრიუკენთან" დამარცხდა -
იტალიის სერია B-ში "ემპოლი" "კარპის" დაუზავდა - 1:1. ლევან მჭედლიძე, ტრადიციულად, მატჩის მიწურულს შევიდა, თუმცა 10 წუთამდე დროში ვერაფერი მოასწრო. ირაკლი შეყილაძე ტრავმირებულია. "ემპოლი" 42 ქულით მეორე ადგილზეა.
პირველი წითელი კარიერაში
პოლონეთში ჩემპიონატი "ლეგიას" ლეგიონერ ლადო დვალიშვილისთვის ყველაზე ცუდად განახლდა: ახალი მწვრთნელის თავკაცობით, პირველივე მატჩში ჩვენებური 0:0-ზე გააძევეს განზრახ უხეშობისთვის.
"კორონასთან" მატჩის 53-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ლადომ მეტოქეს ჩაარტყა. იმანაც ეს ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააფორმა. ჩემპიონატის ლიდერი სიტუაციიდან მაინც "გამოძვრა", 1:0 მოიგო.
"კორონას" ფეხბურთელი პაველ გოლანსკი ამტკიცებს, რომ ლადომ მას დაარტყა და სამართლიანად გააძევეს. თუმცა სხვა აზრისაა ჰენინგ ბერგი. "ლეგიას" ნორვეგიელი თავკაცი მიიჩნევს, რომ გოლანსკიმ გააფორმა და ლადო გაძევებას არ იმსახურებდა.
წესით, ჩვენებურს ორი მატჩის გამოტოვება მოუწევს. აღსანიშნავია, რომ ლადოს პროფესიულ კარიერაში ეს გაძევება პირველი იყო.
"იაგელონია" "რუხს" ესტუმრა (0:1). სტუმართა რიგებში სათადარიგო იყო გიორგი ფოფხაძე, ნიკა ძალამიძე კი ჯერ არ არის მზად სათამაშოდ.
კაშია: უკმაყოფილო ვარ
არნემის "ვიტესი" ხელიდან წავიდა - "ტვენტესთან" მარცხით (0:2) ქართველთა გუნდმა ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია გაიფორმა და საჩემპიონო ამბიციები დაიცხრო.
უშუალო კონკურენტთან თამაშში ჩვენებურთაგან მხოლოდ კაპიტანი გურამ კაშია ვიხილეთ, ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგო იყო, ხოლო გიორგი ჭანტურია ცალი ფეხით სხვა გუნდშია.
"ძალიან გულდასაწყვეტი მარცხია. ჩვენი მეტოქე მეტად სოლიდურად და კომფაქტურად გამოიყურებოდა, რამაც საქმე გაგვირთულა. ნახევარდაცვას ბურთი თითქმის არ ჰქონდა, საკუთარი თამაშითაც ძალიან უკმაყოფილო ვარ", - განაცხადა კაშიამ მატჩის მერე.
ქართული დუელი ცხადაძემ მოიგო
აზერბაიჯანში ქართველ მწვრთნელთა დუელი შედგა - ზაქათალაში გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" კახა ცხადაძის "ინტერთან" 0:1 დამარცხდა. ცხადაძემ ძირითადში ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე იაშვილი და ბაჩანა ცხადაძე ათამაშა. გამარჯვების გოლი იაშვილის შემცვლელმა მადრიგალმა გაიტანა, გიორგი ლომაია სათადარიგო იყო.
"გაშვებული ბურთი მთლიანად ჩვენი ბრალი იყო. სამწუხაროა, რომ ქულებს ვკარგავთ, მაგრამ მომდევნო ტურებში შევეცდებით, დანაკლისი ავინაზღაუროთ", - განაცხადა ჩიხრაძემ თამაშის შემდეგ.
"აქ თამაშები მუდამ დაძაბულია. მართალია, მოვიგეთ, მაგრამ ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. არ გამოგვდიოდა ბოლო პასი. ახლა წინ სამი მნიშვნელოვანი მატჩია, რომელთა შედეგებზეც არის დამოკიდებული "ინტერის" ამბიცია სამეულში შესვლაზე", - ეს უკვე კახა ცხადაძის სიტყვებია.
ჩემპიონატში 4-ქულიანი უპირატესობით გაიჭრა წინ ქართველთა "ყარაბაღი", რომელმაც აზალ-ს 2:1 მოუგო. გამოჯანმრთელებული ნიკოლოზ გელაშვილი და ჯაბა დვალი სათადარიგოები იყვნენ. დვალს ბოლოს თამაშიც მოუწია. აზალ-ის რიგებში ითამაშა ლაშა კასრაძემ.
არველაძის მორიგი მარცხი
თურქულ სუპერლიგაში, როგორც იქნა, მოიგო "ქაისერიმ". ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა "გენჩლერბირლიგი" 1:0 დაამარცხა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. პირველ ტაიმში მან ყვითელი ბარათი მიიღო. "ქაისერი" 16 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა. ამ კლუბს 8 ტური გამარჯვება არ ჰქონდა ჩემპიონატში.
შოთა არველაძის "ქასიმფაშა" კვლავ დამარცხდა, ამჯერად სტუმრად "ფენერბაჰჩესთან" - 1:2. ქართველი სპეციალისტის გუნდმა მეორე ტაიმში 10 კაცით გაიბრძოლა, მაგრამ ვერაფერს მიაღწია.
ხორვატიაში სპლიტის "ჰაიდუკი" კვლავ ტრავმირებული გიორგი ილურიძის გარეშე გადის ფონს. ქართველის გუნდმა 2:1 მოუგო "დრაგოვოლიაცს". "ჰაიდუკი" 44 ქულით მეორე ადგილზეა და ხუთი ქულით ჩამორჩება ზაგრების "დინამოს", რომელსაც ერთი მატჩი რეზერვში აქვს.
"ანორთოსისს" ცუდი დროება უდგას, შოთა გრიგალაშვილის გუნდმა შინ აელ-თან წააგო 0:2. ჩვენებური 79-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე.
ლევან მაღრაძის "ერმისმა" ლარნაკას აეკ-ს უმასპინძლა და 2:1 მოუგო. ქართველი ვეტერანი სათადარიგო იყო.
ფინეთის ლიგის თასზე ტურკუს "ინტერმა" 2:1 მოუგო "მარიეჰამნს". ირაკლი სირბილაძის (90 წუთი) გუნდი ჯგუფში 9 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.
საკონტროლო მატჩები
უკრაინულმა "დნიპრომ" ესპანური შეკრება ორი მატჩით დაასრულა, ჯერ რუსული ცსკა დაამარცხა - 1:0, შემდეგ რუმინული "კლუჟი" - 2:1.
რუსებთან მატჩში შეუცვლელად ითამაშა ჯაბა კანკავამ (გააფრთხილეს), მეორე ტაიმში კი უჩა ლობჟანიძეც ვიხილეთ. რუმინელებთან კანკავამ დაისვენა, ლობჟანიძემ სრულად ითამაშა, ხოლო სანდრო კობახიძემ - მეორე ნახევარი.
71-ე წუთზე სანდრომ გამარჯვების გოლი გაიტანა - კუთხურიდან ჩამოწოდებული ლობჟანიძემ თავით დაუგდო კობახიძეს, რომელმაც ახლო მანძილიდან გაიტანა.
* * *
ალექსანდრე ამისულაშვილის "კრილია სოვეტოვმა" 0:0 ითამაშა უკრაინულ "ვოლინთან". თურქულ შეხვედრაში ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
* * *
ნალჩიკის "სპარტაკმა" თურქული შეკრება "რუჟომბეროკის" დამარცხებით დაასრულა - 2:0. მეორე გოლი ახალგაზრდა ფორვარდ ნიკა ჩხაპელიას ანგარიშზეა. ჩხაპელიამ შესვენებაზე გუჯა რუხაია შეცვალა, გიორგი ჯიქიამ სრულად ითამაშა, ხოლო დავით სირაძემ - მეორე ტაიმი.
* * *
უკრაინულმა "ზორიამ" მაკედონიურ "ჰორიზონტს" 3:1 მოუგო. გამარჯვებულთა რიგებში მე-60 წუთზე გამოჩნდა ჯაბა ლიპარტია.
* * *
დანიურმა "ორჰუსმა" საკონტროლო მატჩში 2:1 მოუგო "ზესტაფონს". დანიელთა მეორე გოლი 51-ე წუთზე დავით დევდარიანმა გაიტანა. დავით სხირტლაძემ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშა, დევდარიანმა მარჯვენა ნახევარმცველად, მათე ვაწაძე ტრავმირებულია. ეს იყო "ორჰუსის" უკანასკნელი რეპეტიცია ჩემპიონატის განახლების წინ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"