ლაშა დვალი: "რედინგის" შემოთავაზებულ ვარიანტს ისევ "სკონტო" ვამჯობინე

AutoSharing Option
შარშან, ზაფხულში, ლაშა დვალი ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ "რედინგის" ფეხბურთელი გახდა. ინგლისური კლუბი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების უნივერსალით (მცველი, საყრდენი ნახევარმცველი) 2012 წელს დაინტერესდა, როცა ლაშამ ითამაშა სლოვენიაში გამართულ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე, სადაც ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

"რედინგის" ხელმძღვანელობა დვალს 5-წლიან ხელშეკრულებაზე სიტყვიერად შეუთანხმდა. საქმე ისაა, რომ იმ დროისთვის ლაშა 17 წლის იყო და არასრულწლოვანი დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზას ვერ მიიღებდა.

დვალის აგენტი და "რედინგი" მორიგდნენ, რომ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ფეხბურთელი ერთი წლით რიგის "სკონტოში" გადავიდოდა.

18 წლის ფეხბურთელმა ბრიტანელებთან კონტრაქტი შარშან,
ლიტვაში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გააფორმა, მაგრამ დროებით ისევ "სკონტოში" თამაშობდა, სადაც 5 მატჩი ჩაატარა: 2 - ლატვიის თასზე, 2 - ევროპის ლიგაზე, ერთიც - ვირსლიგაში.

მერე ლაშა დაშავდა, მომჯობინებული კი "რედინგში" მიიწვიეს და ამ გუნდის 21-წლამდელებში ვარჯიშობდა.

დვალმა ჯერ კიდევ მაშინ იცოდა, რომ "რედინგი" ზაფხულამდე ისევ იჯარით გაუშვებდა და ამბობდა - ამ ეტაპზე "სკონტო" ჩემთვის მისაღები ვარიანტია, მერე კი, როგორც მითხრეს, ევროპის უკეთეს ლიგასა და გუნდში ითამაშებო. ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად ბელგია დასახელდა.

მაგრამ, საბოლოოდ, ის მაინც "სკონტოში" დაბრუნდა. ლაშას რიგაში დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით:

- უკვე ერთი კვირაა, რაც რიგაში ვარ და გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, - გვითხრა დვალმა მოკითხვის შემდეგ.

- ევროპაში იჯარა რატომ არ გამოვიდა?
- ბელგიის ვარიანტი იმიტომ გამოირიცხა, რომ ფორმალური საკითხების მოგვარება დროულად ვერ მოხერხდა. "სკონტოში" კი ყველაფერი გაცილებით ადვილად მოგვარდა.

- "რედინგში" თამაში გამორიცხული იყო?
- ასეთი რაღაც შემომთავაზეს - შეგიძლია ჩვენთან დარჩე, ივარჯიშო, ინგლისში თითქმის ყოველ კვირას ამხანაგური თამაშები იმართება და პრაქტიკა ამ სპარინგებში გექნებაო. მეორე ვარიანტი კი ისევ "სკონტოში" დაბრუნება და თამაში იყო. რა თქმა უნდა, ლატვიაში თამაში ვამჯობინე.

- კი მაგრამ, ინგლისში დარჩენით ხომ "რედინგს" და, ზოგადად, ინგლისურ ფეხბურთს გაუშინაურდებოდით?
- "სკონტოში" სათამაშო პრაქტიკაც მექნება და ცოტას არც ის ნიშნავს, რომ ნაცნობი გუნდია და საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ - ლაიზანსი, კლიმიაშვილი, შაბალა. მათ გვერდით ჩემი ასაკის მოთამაშე ბევრს ისწავლის და გაიზრდება.

- როგორც ვიცით, "სკონტოში" უკვე ითამაშეთ...
- დიახ, "ზამთრის თასზე" შევხვდით "იელგავას" და 3:2 მოვუგეთ. დაძაბული მატჩი იყო, მე და კლიმიაშვილმა 90-90 წუთი ვითამაშეთ.

- ახლა "სკონტოში" რამდენი ქართველი ხართ?
- კლიმიაშვილი, ჭაჭიაშვილი და მე. ლადო დათუნაშვილი კი წავიდა და ახალ კლუბს ეძებს.

- 19-წლამდელთა ნაკრებს ელიტრაუნდი უახლოვდება და ახლა გუნდის თითოეული წევრის მდგომარეობა საინტერესოა. მოსამზადებელი ეტაპი რომ არ გაგივლიათ, თავს როგორ გრძნობთ?
- "სკონტოს" რომ შევუერთდი, მოსამზადებელი პერიოდი, ფაქტობრივად, დამთავრებული იყო, მაგრამ "რედინგში" 5-6 თვის განმავლობაში საუცხოო რეჟიმში ვიყავი და ფიზიკურად თავს მშვენივრად ვგრძნობ.

- შვეიცარიულ ელიტრაუნდში ნაკრებს ურთულესი მატჩები ელის. როგორ ფიქრობთ, გაიმეორებს გუნდი ორი წლის წინანდელ შედეგს და მოხვდება ევროფინალში?
- მეც და თითოეული ფეხბურთელიც მოუთმენლად ველით, როდის დაიწყება ელიტრაუნდის მატჩები. იმედიანად ვარ. ტრავმის გამო შესარჩევ ეტაპზე გუნდს ვერ დავეხმარე. მოედანზე ნაკრების ფორმით გასვლა ძალიან მენატრება. მადლობა ღმერთს, ტრავმის მერე ყველაფერი კარგად არის და თავს ჯანმრთელად ვგრძნობ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯაბა, უფალმა სულ გამარჯვებით გატაროს. შრომი უნდა მიაღწიოთ უნდა ყველაფერს სხვა გზა არარსებობს.
gizog
20:10 01-03-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული