გიორგი ჭანტურია: შეცდომა იყო - "ბარსელონადან" არ უნდა წამოვსულიყავი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჭანტურია, რომელმაც რუმინული "კლუჟი" ცოტა ხნის წინ დატოვა, ამჟამად სამშობლოში იმყოფება. 22 წლის ფეხბურთელი საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ესტუმრა და ის გარემო და მწვრთნელ-ხელმძღვანელები მოინახულა, სადაც ბავშვობა გაატარა და პროფესიულ სპორტსმენად ჩამოყალიბდა

კლუბის ოფიციალურმა საიტმა ჭანტურიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელსაც მცირე ცვლილებით გთავაზობთ:

- ყველაფერი ძალიან კარგად და ლამაზად მახსენდება. რომელ გუნდშიც უნდა ჩავირიცხო, რასაც უნდა მივაღწიო, ვერაფრით დავივიწყებ იმ დროს, იმ წლებს, რომელიც "საბურთალოსთან" ერთად გავატარე.

ამ კლუბის ხელმძღვანელები ჩემი მეგობრები არიან - ტარიელ ხეჩიკაშვილი, კახა და
ქართლოს ჭუმბურიძეები, კახა კაშია
... სწორედ ამ ადამიანების დიდი დამსახურებაა, რომ ფეხბურთს ვთამაშობ. "საბურთალო" ჩემს გულში არის და მუდამ იქნება.

Sportall.Ge

- რამდენი წლის იყავით, როდესაც "საბურთალოს" სკოლაში მოხვდით?
- კარგად მახსოვს, 12 წლის ვიყავი, როდესაც ამ სკოლის კარები შემოვაღე. "საბურთალოში" სათამაშოდ საფეხბურთო აკადემია "ოლიმპიდან" გადმოვედი. აქ რამდენიმე წელი ვითამაშე, რომელიც მართლაც დაუვიწყარი იყო, შემდეგ კი ესპანურ გრანდში, "ბარსელონაში" აღმოვჩნდი.

რა თქმა უნდა, მოულოდნელი და სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი, კარგა ხანს ვერ ვაცნობიერებდი, თუ რა დონის კლუბში მოვხვდი. იშვიათად, რომ მოზარდი ჩაირიცხოს ისეთ დიდ, მსოფლიოს დონის კლუბში, როგორიც "ბარსაა".

- რახან ბარსელონაზე" საუბრობთ, აქვე შეგეკითხებით - ახლანდელი გადასახედიდან, შეცდომა ხომ არ იყო ესპანეთიდან წამოსვლა?
- ახლა რომ ვუკვირდები, ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო - არ უნდა წამოვსულიყავი და უნდა დავრჩენილიყავი "ბარსელონაში".

წარმოიდგინეთ, როგორ გარემოში მიწევდა თითოეული ვარჯიშისა თუ თამაშის გამართვა, რა პირობებში ვიყავი, როგორ ლეგენდებთან მქონდა ურთიერთობა. ამასთან ერთად, როცა თამაშის საშუალება მომეცა, გოლებიც შევაგდე და ურიგოდ არ გამოვიყურებოდი. თან მაშინ მართლაც პატარა ვიყავი...

ესპანეთის ჩემპიონატი მაღალი დონის პირველობაა, გახსნილ, სწრაფ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ.

- "ვიტესში", შემდეგ კი "კლუჟში ითამაშეთ. როგორ შეადარებთ ამ ორ გუნდს და რა სხვაობებია?
- ჰოლანდიაში ბევრად კარგი პირობებია, ვიდრე რუმინეთში, მაგრამ ძალიან დიდი სხვაობაა ჩემპიონატებს შორის. რუმინეთში ბევრად რთულია თამაში, იქ ძალისმიერ, შედარებით ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობენ. მაღალი დონის გუნდები არიან "სტიაუა", ბუქარესტის "დინამო", "კლუჟი" და კიდევ რამდენიმე. უბრალოდ, ახლა გარკვეული კრიზისია და ეს იქაურ ჩემპიონატსაც დაეტყო.

რაც შეეხება ჰოლანდიას, ბევრად იოლია თამაში, აქცენტი შეტევაზეა გადატანილი. ხშირად არის მატჩები, როდესაც 4-5 გოლი უპრობლემოდ გადის. ძირითადად, "აიაქსი" და პსვ ბატონობენ, იშვიათად, რომ ამ დიდ კლუბებს რომელიმემ გაუწიოს კონკურენცია.

- "კლუჟში" მეორედ რამდენიმე თვის წინ დაბრუნდით. ალბათ, ახლა უფრო გაგიადვილდებოდათ...
- დიახ, უკვე ნაცნობი ადგილი და გარემო იყო. ენის მხრივ, არც ადრე მქონია პრობლემა, რადგანაც ვფლობდი ინგლისურს, ახლა კი ოთხი ენა ვიცი. ახლანდელი სეზონი ურიგოდ არ ჩამიტარებია - გოლებიც გავიტანე, რამდენჯერმე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოვხვდი.

- ორივე კლუბს ფანების დიდი არმია ჰყავს. გვიამბეთ ჰოლანდიელი და რუმინელი გულშემატკივრების შესახებ...
- ისინი მართლაც გამორჩეულები არიან. ძნელია, ყველაფერი გადმოგცეთ, რაც თამაშის დაწყებამდე, მატჩის მიმდინარეობისას თუ დასრულების შემდეგ ხდება. ეს ყველაფერი ერთხელ მაინც უნდა ნახოს ადამიანმა, თუ როგორი ზეიმია და როგორ ემზადებიან კონკრეტული მატჩებისთვის. ჩათვალეთ, რომ თითოეული თამაში მათთვის დღესასწაულია.

- არნემის ნოსტალგია არა გაქვთ, სადაც რამდენიმე წელიწადი ითამაშეთ?
- "ვიტესშიც" სასიამოვნოდ მახსენდება ყველაფერი. შეიძლება ითქვას, ჰოლანდიაში შედგა ჩემი, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელის დებიუტი. არნემის ნოსტალგია არა მაქვს. რაც "ვიტესიდან" წამოვედი, ორჯერ თუ ვიქნები ნამყოფი, თუმცა გულშემატკივრები თბილად მხვდებიან.

Sportall.Ge

- ეროვნულ ნაკრებზეც შეგეკითხებით - ქვეყნის პირველ გუნდში პირველად რამდენიმე თვის წინ მოხვდით. როგორი იყო სადებიუტო შეკრება, მატჩი?
- ვფიქრობ, რომ ნაკრებში გამოძახებას მანამდეც ვიმსახურებდი, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს აზრი არა აქვს. მაშინ მწვრთნელმა ასე ჩათვალა საჭიროდ, თუმცა როცა გამომიძახა, ბუნებრივია, გამიხარდა. დებიუტის კვალობაზე, წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს - კარგად მახსოვს, "მიხეილ მესხზე" ლიხტენშტაინის ნაკრებს შევხვდით, 2:0 მოვიგეთ, ერთი გოლი კი მე გავიტანე. გოლი ლამაზი გამოდგა, რომელიც მუდამ დარჩება ჩემს მეხსიერებაში.

- ნაკრებზე რას იტყვით, რამდენად ჯანსაღი მდგომარეობაა გუნდში?
- მეგობრული სიტუაცია, კარგი გარემოა, თუმცა შედეგები არასახარბიელო გვაქვს. ვფიქრობ, ქვეყნის პირველ გუნდს გააჩნია იმის პოტენციალი, რომ შემტევი და ლაღი ფეხბურთი ითამაშოს, ისეთი, როგორიც ჩვენს გენშია. უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი, როგორიც გულშემატკივარს სიამოვნებს, როგორსაც მიჩვეულები ვართ.

- როგორც ვიცი, ჯერაც გუნდის ძიებაში ხართ. რაიმე კონკრეტულის თქმა ხომ არ შეგიძლიათ?
- ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, მოლოდინის რეჟიმში ვარ. იმედია, ეს ყველაფერი მალე კარგად დასრულდება. ახალ წელს სამშობლოში შევხვდები, მოვინახულებ იმ ადამიანებს, რომლებიც კარგა ხანს არ მინახავს. როცა კონკრეტული შემოთავაზება მექნება, ყველაფერს ავწონ-დავწონი, ოჯახთან ერთად განვიხილავ და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მივიღებ.

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ის მიხედვით
(საიტის ფოტოები)
მკითხველის კომენტარები / 7 /
ra gawuwunebt kide am fexburtelebs 2000 lariani telefonit ro dadixar kaci sacucuno arunda gqondes araferi
giorgi
12:05 18-12-2014
0
telefonis ra gitxra ?! me ufro mgonia aq ezebs es gunds saqartveloshi )))))
dato
15:17 18-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული