ლევან მჭედლიძე: ამ თემაზე ლაპარაკი მიჭირს, თავს უხერხულად ვგრძნობ...

AutoSharing Option
ჭეშმარიტად, დრონი მეფობენ და არა მეფენი. და მართლაც იყო დრო, როცა ევროპის წამყვან საფეხბურთო ლიგებში არაერთი ქართველი ჩაუქობდა, სადღეისოდ კი ტოპდივიზიონებში ორი ჩვენებურიღა შემოგვრჩა - "ემპოლის" 24 წლის ფორვარდი ლევან მჭედლიძე და ფრანგული "ბასტიას" ახალგაზრდა ნახევარმცველი ლუკა კიკაბიძე, რომელსაც ჯერ არ მისცემია თავის გამოჩენის შანსი...

გუშინ "ლელო" იტალიური კლუბის ქართველ შემტევს დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა, რაზეც მჭედლიძე სიამოვნებით დაგვთანხმდა...

- ლევან, პირველ რიგში შეაფასეთ მიმდინარე სეზონი თქვენთვის და "ემპოლისთვის"...
- მე ვფიქრობ, სერია A-ში ნორმალურ პოზიციაზე ვართ. ჩვენი მდგომარეობა უკეთესი
იქნებოდა, რამდენიმე შეხვედრაში დასანანი ქულები რომ არ დაგვეკარგა. მაგალითად, ავიღოთ "ნაპოლსა" და "მილანთან" მატჩები. იმ შეხვედრებში, თავიდან 2 ბურთით დავწინაურდით, თუმცა ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ და ჩვენივე შეცდომებმა განაპირობა ის, რომ ეს მატჩები ფრედ დავასრულეთ.

რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს თამაშს მიმდინარე სეზონში, თავიდან ძირითადში დავიწყე, მაგრამ მერე ტრავმამ შემიშალა ხელი. ამის გამო, რამდენიმე მატჩი გამიცდა. უკეთესი მომავლის იმედი მაქვს - მთავარია, თავს კარგად ვგრძნობ.

- ალბათ, უპრიანი იქნებოდა, "ემპოლიში" მეტი გეთამაშათ, თუმცა ფაქტს ვერსად გავექცევით - გუნდში დიდი კონკურენციაა, განსაკუთრებით - თავდასხმის ხაზში. დაიწერა, რომ ზამთარში კლუბს არ გამოიცვლით. გადაწყვეტილია, რომ "ემპოლიში" რჩებით?
- რა თქმა უნდა, მეტ სათამაშო დროს ვითხოვ, თუ არა და, არანაირი პრობლემა არ არის - გუნდიდან წავალ. თუ კლუბი გადაწყვეტს, რომ არ ვარ შესაბამისი დონის ფეხბურთელი, მათ შეუძლიათ, უპრობლემოდ გამიშვან, თუმცა... არ მიშვებენ. გამოდის, რომ გუნდს ვჭირდები. იმედია, სულ მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება და მეტს ვითამაშებ. "ემპოლიმ" ასე გადაწყვიტა - უნდა დავრჩე. ეს ფაქტია, მაგრამ ისიცაა, რომ მეტი პრაქტიკა მჭირდება.

- გულახდილად გვითხარით, მზად ხართ 90 წუთის სათამაშოდ?
- მზად ვარ. აქ ერთი დეტალია - უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა სულ სხვაა და ვარჯიში - სულ სხვა. რაც უნდა ირბინოს და ივარჯიშოს ფეხბურთელმა, თავიც რომ მოიკლას, ვარჯიში თამაშს ვერასდროს შეცვლის. სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთმა თამაშმა, შესაძლოა, ერთი თვის ვარჯიში გადაწონოს.

ამ ეტაპზე ფიზიკური თვალსაზრისით თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და შემიძლია, 90 წუთი სტაბილურად ვითამაშო. არანაირი პრობლემა არ მაწუხებს.

- როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ მორჩა ტრავმების ეპიდემია თქვენს კარიერაში? რომ არა ტრავმები, დღეს, ალბათ, სულ სხვა დონეზე იქნებოდით...
- მართალი ხართ, თუ რამემ ცუდად იმოქმედა ჩემს კარიერაზე, ეს ტრავმებია. თავს პირობა მივეცი, რომ აღარ ვიფიქრებ იმაზე, რაც გამოვიარე. აღარასოდეს ვიფიქრებ ნეგატიურზე. ამდენი წვალების მერე ჯანმრთელად ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და ამაში ვპოულობ პოზიტივს. მინდა, სულ წინ ვიარო.

24 წლის ვარ და ეს არ არის ის ასაკი, რომ ხელები ჩამოვუშვა და ჩავთვალო - აწი ვეღარაფერს მივაღწევ. არაფერია დაგვიანებული - ამის მჯერა.

- ლევან, გაიხსენეთ "ჯენოას" კარში გატანილი გოლი, რომელიც იტალიურმა მედიამ სეზონის მშვენებად მონათლა...
- საკმაოდ ლამაზი გოლი გამოვიდა. გოლი რომ გავიტანე, მოსალოცად მოსულმა პარტნიორებმა პირველი ის მითხრეს, ვარჯიშის დროსაც ხომ შეაგდე ასეთი ბურთიო. ძალიან მიყვარს ეფექტური გოლები და ვცდილობ, ვარჯიშზეც გავიტანო. სწორედ ვარჯიშზე ვაკეთებ ისეთ რამეებს, რის გადმოტანასაც მერე თამაშში ვცდილობ.

- გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრებს კახა ცხადაძე გაწვრთნის. ეროვნულ გუნდს დღეს არ უდგას არსებობის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი. რას იტყვით ზოგადად საქართველოს ნაკრებზე?
- იმედი მაქვს, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი დალაგდება. ჩვენ ვალში ვართ ქართველი გულშემატკივრის წინაშე. ამ თემაზე ლაპარაკი მიჭირს, თავს უხერხულად ვგრძნობ...

ერთს ვპირდები ყველას: საქართველოს ნაკრებში ნებისმიერ დაძახებაზე ჩამოვალ და მაქსიმუმს დავდებ ქვეყნისთვის.

კახა ცხადაძეს პირადად ვიცნობ, თუმცა მასთან, როგორც მწვრთნელთან, არ მიმუშავია. სხვა ფეხბურთელებისგან გადმოცემით ვიცი, რომ ძლიერი სპეციალისტია. დიდი იმედი მაქვს, რომ მისი სამწვრთნელო თვისებები საქართველოს ნაკრებს გამოადგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ლევანს წარმატებებს ვუსურვებ!!!!

ზოგადად ქართველი ფეხბურთელების ევროპის წამყვან საფეხბურთო ლიგებში ადგილის დამკვიდრებას კი სჭირდება:ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ თავს გამოუტყდება, რომ კითხულობს ცოტას ან საერთოდ არ კითხულობს, სჯერა ავტორიტეტების და ვერ იტანს განსხვავებულ აზრს, ცდილობს იცხოვროს ამაყად თავაწეულმა და მალავს რომ არ იცის როგორ მიაღწიოს წარმატებას, არ იცის რა მოუხერხოს წვრილმანებზე გაფლანგულ ცხოვრებას და არცოდნის დასამალად „ყველაფრისმცოდნეობას“ იბრალებს.
გუჯა კახაძე
13:44 27-12-2014
0
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ ამას წელიწადში 1 გოლი გააქვს, 2016 წლამდე აწი სულ ჯენოას კარში გატანილ გოლზე იქნება საუბარი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული