სტიმულიც მეტია და ფასიც - გაოცებული გიორგი აბურჯანია კვიპროსულ სიმბოლურში

AutoSharing Option
ფამაგუსტას "ანორთოსისში" ქართველი ფეხბურთელი ერთგვარ ბრენდად იქცა: კვიპროსელი ლტოლვილების გუნდის ღირსებას, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენი ფეხბურთის ვარსკვლავები - თემურ ქეცბაია და გიორგი ქინქლაძე იცავდნენ.

შესაძლოა, ქართველ მოთამაშეებს ეს ფაქტი ამ გუნდში მისასვლელ გზას უხსნის, მაგრამ მეორე მხრივ, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა.

გიორგი აბურჯანია (ისევე, როგორც ირაკლი მაისურაძე) "ანორთოსისში" ამ ზაფხულს წარადგინეს. მან კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. მაშინ ვერც თავად ფეხბურთელი და ვერც კლუბის მესვეურები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ 19 წლის ქართველს პირველივე კვიპროსულ სეზონში ელოდა აღიარება. იქაურმა ინტერნეტგაზეთმა kerkida.net-მა პირველივე
ტურების შემდეგ დაწერა, რომ ქართველებმა "ანორთოსისის" ნახევარდაცვას სისწრაფე, ჟინი და ხარისხი შემატეს.

ამ დროისთვის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი "ანორთოსისის" შეუცვლელ მოთამაშედ ყალიბდება და ტყუილად არ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია: კვიპროსის ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ ის განვლილი ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

"ჩემდა გასაოცრად, კვიპროსის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დამასახელეს. მე ბერძნული არ ვიცი და ეს ამბავი ჩემმა მეგობარმა, კოკა დარსანიამ მითხრა. ის კვიპროსში ცხოვრობს, მენეჯერია, ბერძნულს ფლობს...

ერთ დღესაც ის დამიკავშირდა და მკითხა - Sigmalive თუ ნახეო? სიმბოლურში სწორედ ამ გაზეთს დავუსახელებივარ და ძალიან გამიხარდა.

ეს ჩემთვის დიდი ნაბიჯი და დიდი სტიმულია", - გვითხრა აბურჯანიამ, რომელმაც "ანორთოსისის" ფორმა 13-ჯერ მოირგო და 2 გოლი გაიტანა. ამას გარდა, ის 13-ვე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო.

გასული წლის იანვარში აბურჯანიას მიახლოებითი სატრანსფერო ფასი 50 ათასი ევრო იყო, "ანორთოსისში" გადასვლის შემდეგ კი გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო "ტრანსფერმარკტმა" მისი ღირებულება 200 ათასამდე გაზარდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული