გიორგი აბურჯანია: ვისაც არ სჯერა, გადახედოს სტატისტიკას

AutoSharing Option
ერთხელ "ზესტაფონში" დაბრუნებულმა გია გეგუჩაძემ თქვა - ყველაზე მეტად გული იმაზე დამწყდა, გიორგი აბურჯანია რომ ვერ დავიმატე, ამ ბიჭს გუნდის თამაშის დალაგება შეუძლიაო.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, აბურჯანიამ უკვე მე-4 გუნდის ფორმა მოირგო. მას უმაღლეს ლიგაში დებიუტი 2010 წელს, რუსთავის "მეტალურგში" ჰქონდა, რომელსაც მაშინ ახალგაზრდა სპეციალისტი თორნიკე მაისურაძე ავარჯიშებდა, აბურჯანიამ კი უმაღლეს ლიგაში 15 წლისამ ითამაშა. მერე ის გორის "დილასა" და თბილისის "ლოკომოტივში" ჩაირიცხა, გასულ ზაფხულს კი ევროპას მიაშურა და ფამაგუსტას "ანორთოსისის" მაისურა მოირგო.

უთამაშია 17-წლამდელთა ევროპის
ჩემპიონატსა და 19-წლამდელების ელიტრაუნდში; ასევე, ევროპის ლიგაზე და ეროვნული ნაკრების კანდიდატადაც მოიაზრება.

ვიდრე ინტერვიუზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ აბურჯანია კვიპროსის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

- პირველ რიგში, საქართველოს ახალ წელს მივულოცავ და ყოველივე კარგს ვუსურვებ. ყველასთვის ისეთივე სიხარულით სავსე ყოფილიყოს 2015 წელი, როგორითაც ჩემთვის დაიწყო. წლის ბოლოს გავიგე, რომ კვიპროსის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დამასახელეს, რაც ჩემთვის ძალიან დიდი ნაბიჯი და სტიმულია.

- საქართველოდან ევროპის საშუალო დონის ჩემპიონატში წასვლაც კი არ არის ადვილი, არათუ სიმბოლურში მოხვედრა ან ამა თუ იმ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება. ეტყობა, "ანორთოსისში" დრო არ დაკარგეთ, განსხვავებით უცხოეთში მოთამაშე ბევრი ქართველი ფეხბურთელისგან...
- გეთანხმებით. საქართველოს შემდეგ არც ერთ ქვეყანაში წასვლა ადვილი არ არის, მაგრამ მეც და ირაკლი მაისურაძესაც "ანორთოსისის" ხელმძღვანელებისა და მთავარი მწვრთნელის ნდობა გვქონდა. ორივეს ძალიან დაგვეხმარნენ. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც ვცდილობთ, ნდობა გავამართლოთ და შესაძლებლობები სრულად გამოვავლინოთ.

- წასვლამდე იმედოვნებდით, რომ კვიპროსს ტრამპლინად გამოიყენებდით? ნახტომისთვის უკვე გამზადებული ხართ თუ ჯერ არავინ შეგხმიანებიათ?
- კვიპროსი ჩვენს ფეხბურთელებს დიდ შანსს აძლევს საიმისოდ, რომ უფრო ძლიერ ევროპულ ლიგებში გადავიდნენ. ვგრძნობ, რომ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებ. არ დავმალავ - რამდენიმე გუნდი დაინტერესდა და კონკრეტული მოლაპარაკებაც მქონდა, თუმცა ჯერ მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რაც შეიძლება მეტჯერ ვითამაშო კვიპროსის ჩემპიონატში, "ანორთოსისს" კი წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

- მიწვევებზე ზოგადად გვიპასუხეთ. ამ ეტაპზე მეტის თქმას არ აპირებთ?
- რაღაც ვარიანტები მართლაც მაქვს, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ. ერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ სეზონს "ანორთოსისში" ჩავამთავრებ. მერე კი არ ვიცი, რა მოხდება. დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩემით სერიოზული გუნდია დაინტერესებული.

წინსვლის და გრანდში მოხვედრის სურვილი მაქვს. თუ ეს რეალური იქნება, უარს რატომ ვიტყვი? მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემთვის მნიშვნელოვანი სათამაშო პრაქტიკაა და არა ის, რომ უბრალოდ სახელოვან გუნდში ვირიცხებოდე.

- კვიპროსის ჩემპიონატი ევროპულ ტოპ-ლიგებს არ განეკუთვნება, მაგრამ ბოლო წლებში საკმაოდ გაძლიერდა და იქ თავის დამკვიდრება ბევრმა ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმაც ვერ მოახერხა. ასეთი რთული ჩემპიონატია კვიპროსში?
- ვისაც არ სჯერა, რომ საქართველოზე მაღალი დონის ჩემპიონატია, გადახედოს სტატისტიკას: კვიპროსული გუნდები სისტემატურად ხვდებიან ჩემპიონთა თუ ევროპის ლიგებზე. ჩართონ ტელევიზორი და უყურონ თამაშებს - აქ ტრიბუნები თითქმის ყოველთვის შევსებულია. დონეც საკმაოდ მაღალია და ევროპული კლუბებიც ინტერესით ადევნებენ თვალს.

საქართველოსთან შედარებით, გაცილებით მაღალ ტემპში თამაშობენ და ამას შეგუება სჭირდება. მაგრამ იმას კი ვერ ვიტყვი, რომ ქართველებისთვის აქ თამაში ძნელია. ჩვენ ფეხბურთი არავისზე ნაკლებად არ ვიცით და ეს ახალი ამბავი არ არის. აქაური პირობები საქართველოში რომ გვქონდეს, არანაკლები ჩემპიონატი გვექნებოდა.

- 2014 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა. თქვენ სამეულშიც ვერ მოხვდით. რა რეაქცია გქონდათ?
- ამას მეც ბევრი მეკითხება. არ ვიცი, გამოკითხვა რა ფორმატით ჩატარდა. თუმცა საუკეთესოდ ჩემი მეგობარი გიორგი პაპუნაშვილი დაასახელეს, რომელმაც ეს პრიზი დაიმსახურა - მარტო იმიტომ, რომ საქართველოს ჩემპიონატში დიდი პროგრესი მოახერხა და ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ჩემი აზრით, გიორგი იმასაც იმსახურებს, ევროპაში წასვლის შანსი მისცენ. მას შეუძლია ძალიან დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

- კვიპროსში თამაში და აღიარება იმედს გაძლევთ, რომ ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე თქვენით დაინტერესდება?
- იმედია, ამის დროც მოვა. თუ სანაკრებო მატჩებამდე ოპტიმალურ ფორმაში ვიქნები და ნაკრებს გამოვადგები, რატომ არ გამომიძახებს? თუმცა ყველაფერი მაინც ჩემზეა დამოკიდებული. მე კი მჯერა, რომ 2015 წელი ჩემთვისაც წარმატებული იქნება და ქართული ფეხბურთისთვისაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ბიჭი მართლაც ნიჭიერია და იქნებ სადმე კარგ ჩემპიონატში მოეწყოს.კვიპროსში სულ ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მათი ჩემპიონატი ფაქტიურად გლდანი-დიღომის ჩემპიონატია.მაგათი ფეხბურთი არ გაიშვა..
0
ამ ახალგაზრდას პატრონი სჭირდება,რომ სჭორად გაიზარდოს და სხვა ნიჭიერი ქართველებივით არ დაიკარგოს.ვუსურვებ ჭარმატებებს
vaxvax
17:08 07-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული