17 წლის ახალგაზრდამ ზამთრის შესვენება სამშობლოში გაატარა და "ბენდელას" სტადიონს ეწვია, სადაც მეგობრები და მწვრთნელ-ხელმძღვანელები მოინახულა.
"მართალია, "ქასიმფაშაში" ვვარჯიშობ, მაგრამ მე ისევ საბურთალოელი ვარ, რადგანაც კლუბს, ხელმძღვანელებს, მწვრთნელებსა და პერსონალს ჩემთვის ძალიან ბევრი რამ აქვთ გაკეთებული. აქ ჩამოვყალიბდი და გავიზარდე, როგორც ადამიანი და როგორც ფეხბურთელი.
მჯერა, გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავა. ძალიან გამიხარდა, "საბურთალომ" დათო ჯიქია რომ დაიმატა - "პელე" წარმატებული და საინტერესო ფეხბურთელია და მჯერა, კლუბს სარგებლობას მოუტანს", -
ნახევარი წელიწადია, რაც ახალგაზრდა მეკარე "ქასიმფაშას" ძირითად გუნდში ვარჯიშობს, დუბლშემადგენლობაში კი - თამაშობს. მან გუნდთან დაკავშირებულ საკითხზე ილაპარაკა:
"18 წლის რომ გავხდები, ჩემი ამბავი ამის შემდეგ გადაწყდება. თავის გამოჩენის შანსი ამხანაგურ და ორმხრივ შეხვედრებში მეძლევა. ახლაც შეკრებაზე ძირითად გუნდს მივყვები.
თურქებს რომ არ მოვწონდე, ვფიქრობ, ამდენი ხანი არც გამაჩერებდნენ. პროგრესს კი ნამდვილად ვგრძნობ, რადგან კლუბში ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები მუშაობენ.
შოთა არველაძეს ფიზმომზადებაში ეხმარება ლასლო, რომელსაც "აიაქსში" უმუშავია. თავიდან მის ვარჯიშებთან შეგუება მიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა მივეჩვიე, ახლა კი არანაირი პრობლემა აღარ მაქვს. ვგრძნობ, რომ უფრო ათლეტური გავხდი და ფეხებში ძალა მომემატა.
არველაძე დიდ ყურადღებას აქცევს მეკარეების ფეხით თამაშს და ვარჯიშებზე აქცენტს აკეთებს პოზიციის შერჩევაზე, ტექნიკაზე, ფეხით სწორ და სუფთა თამაშზე. ასევე, დიდი დრო ეთმობა თამაშში ბურთის სწრაფად შეყვანას, ფეხბურთელმა დრო რომ არ დაკარგოს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით კლუბთან კონტრაქტი არ გამიფორმებია, თავს "ქასიმფაშას" ფეხბურთელად მივიჩნევ".
ახალგაზრდა მეკარემ ელიტრაუნდში 19-წლამდელთა ნაკრების შანსებზეც ილაპარაკა:
"ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი რთული მეტოქეები არიან, მაგრამ გასულმა წლებმაც დაგვანახვა, რომ ასაკობრივი ნაკრებები დიდ გუნდებს, მინიმუმ, თანაბრად მაინც ვეთამაშებით - ეს ვასილ მაისურაძისა და გია ცეცაძის ნაკრებებმა დაამტკიცეს.
ჩვენც გვყავს კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რატომ არ შეიძლება, წარმატებაზე ვიფიქროთ?
ელიტრაუნდში ჩვენი ერთ-ერთი მეტოქე თურქეთია, სადაც კანდიდატები "ქასიმფაშადანაც" არიან. სავარაუდოდ, ნაკრებში ჩემი 2-3 თანაგუნდელი მაინც მოხვდება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"