ლევან ყენია: "სლავიაში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ, პრაღა კი ევროპული თბილისია

AutoSharing Option
ამ დღეებში პრაღის "სლავიას" ოფიციალურმა საიტმა ლევან ყენიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

- "სლავიაში" უკვე სამი თვეა ხართ. შეიძლება ითქვას, რომ ახალ კლუბში აკლიმატიზაცია გაიარეთ?
- უკვე სამი თვეა, აქ ვარ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ "სლავიაში". გუნდი საუცხოოა და რაც მთავარია, აქ თამაშობს ჩემი მეგობარი მარტინ ლატკა, რომლის წყალობითაც პრობლემა, ფაქტობრივად, არ შემქმნია.

გუნდი მეგობრულია, რჩევას არავინ დაგამადლის, ფეხბურთელები ყოველთვის მზად არიან, დასახმარებლად ხელი გამოგიწოდონ.

- შემოდგომის ბოლოს ჩეხეთის ლიგაში ორი მატჩის ჩატარება მოასწარით. როგორ მოგეწონათ ტურნირის დონე?
- რაც შევამჩნიე, ფიზიკურად
მომზადებული გუნდებია. ტაქტიკურად კი აქ თამაში უფრო ადვილია, ვიდრე პირველ ან მეორე ბუნდესლიგებში. შემიძლია შევადარო უკრაინის ჩემპიონატს, რომელსაც ძალიან ჰგავს ჩეხეთის ლიგა.

- თქვენს კარიერაში ყველაზე დიდი კლუბი უდავოდ "შალკეა". რა მოგონებები დაგრჩათ ამ კლუბში თამაშიდან?
- "შალკეში" თამაში 17 წლის ასაკში დავიწყე, ეს უდიდესი მომენტი იყო ჩემს კარიერაში. მაშინ ფელიქს მაგათის ხელმძღვანელობით ვვარჯიშობდი. სამწუხაროდ, ცუდიც მახსოვს - სწორედ მაშინ მივიღე ვარჯიშზე მძიმე ტრავმა, რომლის გამო სამი ოპერაციის გაკეთება მომიწია და სამი წელიწადი დავკარგე.

- მანამდე კი, 14 წლის ასაკში "ბარსელონაში" სინჯებზე იყავით, იქ თამაში ხომ ყველას ოცნებაა...
- დიდებული იყო და ამაზე მეც ვოცნებობდი. იქ ორი კვირა გავატარე. ბევრს ვვარჯიშობდით. ვფიქრობ, მცირე დროის მიუხედავად, იქ ბევრი რამ ვისწავლე.

- ვისთან ერთადაც ვარჯიშობდით, ვინმე მოხვდა "ბარსელონას" მთავარ გუნდში?
- როცა ვარჯიშები არ გვქონდა, პირველი გუნდის ვარჯიშებს ვესწრებოდით ხოლმე. ბოიან კრკიჩი ჩემხელაა და მასთან ერთად მივარჯიშია.

- შარშან დიუსელდორფის "ფორტუნაში" თამაშობდით, სადაც ასევე თამაშობდა მარტინ ლატკა. რა როლი აქვს ამ მცველს თქვენ "სლავიაში" გადმოსვლაში?
- შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტიც. სხვა ვარიანტებიც მქონდა, თუნდაც ჩეხეთში, მაგრამ მადლობელი ვარ მარტინის, რომ არჩევანი "სლავიაზე" შევაჩერე.

- როცა პირველად გითხრეს "სლავიას" შესახებ, რა აზრის იყავით?
- "სლავია" სახელიანი გუნდია. აქ თამაში და სახელის მოპოვება ძალიან მსურს. რა თქმა უნდა, კარგია, როცა გუნდში ნაცნობი გხვდება, ეს აკლიმატიზაციის დაჩქარებაში ხელს გიწყობს.

- თქვენ ამბობდით, რომ "სლავიას" ყველაზე კარგი ფანები ჰყავს ჩეხეთში...
- და ეს თამაშებისასაც დამტკიცდა, "ჰრადეცთან" და "ოსტრავასთან" ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერას ვგრძნობდი. მოუთმენლად ველი გაზაფხულს და ლიგის განახლებას.

- როგორ ფიქრობთ, "სლავია" რომელ ადგილს დაიკავებს სეზონის ბოლოს?
- ძნელი სათქმელია. "ფორტუნაში" კარგი გუნდი გვყავდა, მაგრამ წინ ვერ წავიწიეთ. "სლავიას" ჩემპიონთა ლიგის საგზური აქვს მიზნად დასახული და ეს კარგია. კონკრეტული მიზნის გარეშე ბრძოლა რთულია.

- ზამთრის შეკრება გუნდმა სლოვაკეთში გაიარა, როგორ შეაფასებთ მას?
- გერმანიაში ცოტა უფრო სხვანაირად ემზადებოდნენ კლუბები, თუმცა მთავარი ჩემთვის ისაა, რომ ტრავმა არ მივიღო. თურქულ შეკრებაზე უფრო მეტს დავხვეწთ.

- მწვრთნელმა ბარანეკმა თქვენზე თქვა, რომ მატჩის მიმდინარეობის შეცვლა შეგიძლიათ...
- ძალიან კარგია, როცა მწვრთნელს შენი ეიმედება. ამის შემდეგ შენ უკეთ და უფრო იოლად თამაშობ. მწვრთნელმა და გუნდმა კარგად მიმიღეს, სხვანაირად "სლავიაში" გამიჭირდებოდა.

- სამი თვეა, პრაღაში ხართ. მოგწონთ ეს ქალაქი?
- ბინა ვიშოვე და იქ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ორი შვილი მყავს და ქალაქში სეირნობა გვიყვარს. პრაღა თითქმის ისეთივე სასიამოვნო ქალაქია, როგორც თბილისი. პრაღა ევროპულ თბილისს მაგონებს, რა თქმა უნდა, ის ბრწყინვალე ქალაქია.

ასევე იხილეთ:
ლევან ყენიამ პრაღის "სლავიას" მაისურით პირველი გოლი გაიტანა
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩეხეთში ხარ და "პივას" არ ურტყამ ? მაშ ფეხბურთელიც ვერ დადგები.
kola
11:45 22-01-2015
0
ლევან გაიხარე, შენი დიდი იმედი მაქვს, სიკეთეს და ჯანმრთველობას გისურვებ შენ ლამაზ ოჯახთან ერთადასევე დიდ წარმატებებს კლუბშიც და ეროვნულ ნაკრებშიც.
gizog
22:48 21-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული