ლაშა დვალი: შოთა არველაძესთან მუშაობა დიდი სტიმულია

AutoSharing Option
ფოტოზე: ლაშა დვალი "ქასიმფაშას" ვარჯიშზე

უკვე ცნობილია, რომ ლაშა დვალი კარიერას თურქულ "ქასიმფაშაში" გააგრძელებს. 19 წლის ფეხბურთელი სტამბოლურ კლუბში 4-თვიანი იჯარით ითამაშებს.

გაირკვა ისიც, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ქასიმფაშამ" ინგლისური ჩემპიონშიფის ბინადარ "რედინგისგან" დვალის ტრანსფერის გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლებაც მიიღო. ანუ, თუ რომელიმე გუნდი ახალგაზრდა ქართველი მცველით დაინტერესდება და კონტრაქტის გამოსყიდვას მოისურვებს, "რედინგი" ვალდებული იქნება, ჯერ "ქასიმფაშას" პოზიციით დაინტერესდეს.

წინასწარი ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ დვალმა, შესაძლოა, "ქასიმფაშასთან" 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმოს.

აწ უკვე თურქული კლუბის მოთამაშემ ბოლო სეზონი რიგის "სკონტოში" ჩაატარა და
ლატვიის წლის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, გასული წლის ბოლოს კი ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა.

"უპირველესად, დვალით იმიტომ დავინტერესდით, რომ ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს და პერსპექტიული ახალგაზრდაა. ამას გარდა, თურქეთში, შესაძლოა, ლეგიონერებზე შეზღუდვა მოიხსნას", - ამბობს "ქასიმფაშას" მწვრთნელი შოთა არველაძე.

თავად დვალი ძალიან კმაყოფილია:

"ლატვიაში სეზონი რომ დამთავრდა, თბილისში ვიყავი. 3 იანვარს წავედი ინგლისში, სადაც 1-ელ თებერვალს "ქასიმფაშადან" დამიკავშირდნენ. პირობებზე მოვილაპარაკეთ და საკითხიც გადაწყდა.

რეალურია თუ არა ჩემი გამოსყიდვა, ეს კლუბებს შორის მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული. ვიცი, რომ ტრანსფერის ფინანსურ დეტალებზე მხარეებმა ერთმანეთში მოილაპარაკეს. თუმცა ჩემთვის უცნობია, რედინგი" რა თანხას ითხოვს".

დვალს სჯერა, რომ თურქეთში გადასვლა მის კარიერაში დიდი ნაბიჯია:

"ქასიმფაშაში" პირველი ვარჯიშიც მქონდა. სასიხარულოა, რომ ძალიან ძლიერ მწვრთნელთან მოვხვდი, რომელიც ახლო წარსულში ძალიან ძლიერი ფეხბურთელიც იყო. მასთან მუშაობა დიდი სტიმულია და დარწმუნებული ვარ, ეს პერიოდი კარიერის აწყობაში დამეხმარება".

მოსალოდნელია, რომ თურქეთის სუპერლიგაში დვალის დებიუტი უახლოეს ტურში შედგება:

"გუნდში ადგილის დასამკვიდრებლად საკუთარ თავზე ყოველდღიურად უნდა ვიშრომო და ნაკლი გამოვასწორო. მჯერა, ასეთი მიდგომით წარმატება აუცილებლად მოვა".

შეგახსენებთ, რომ "ქასიმფაშაში" ვარჯიშობენ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეკარე ოთო გოშაძე და 17-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვატო არველაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული