ლეგიონის უქმეები: გიორგი მერებაშვილის მორიგი გოლი-ფანტასტიკა [VIDEO]

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ქართველი ლეგიონერების მონაგარის ნახევარი - გოლი პლუს საგოლე პასი - გიორგი მერებაშვილზე მოდის, თუმცა ჩვენებურის კარგმა თამაშმა ოფი-ს ვერაფერი შემატა. კრეტული გუნდი კიდევ უფრო მიუახლოვდა კატასტროფას.

* * *
სერია A-ში "ემპოლიმ" "ჩეზენას" უმასპინძლა და 2:0 მოუგო. მასპინძელთა რიგებში ლევან მჭედლიძე 77-ე წუთზე გამოჩნდა. მან ყვითელი ბარათი მიიღო.

იტალიაში, ლეგა პროს დივიზიონში ირაკლი შეყილაძის "სუდტიროლმა" 3:1 დაამარცხა "კრემონეზე". ქართველი ფორვარდი ამ გუნდში "ლატინადან" იჯარით მოხვდა. ის სათადარიგო იყო.

* * *
ლიგა 1-ში "ბასტიამ" 2:0 მოუგო "მეცს". კორსიკელთა ქართველი ლუკა
კიკაბიძე
მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

საფრანგეთის ნასიონალ დივიზიონის ლიდერმა, ამირან სანაიას "პარიზმა" შინ 1:0 დაამარცხა "ავრანში" და 41 ქულით კვლავ პირველია. თავად ქართველი მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

* * *
პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში "ჟილ ვისენტეს" კვლავ ტრავმის გამო აკლია ავთო ებრალიძე.

სეგუნდა დივიზიონში გიორგი მაკარიძის "ფეირენშემ" 1:0 მოუგო "ავეშს". ერთ დროს უიმედო აუტსაიდერი ახლა მე-8 ადგილზეა, თუმცა მაკარიძეს ბოლოს თამაში არ უწევს - სულ სათადარიგოა.

* * *
ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო არნემის "ვიტესმა", რომელმაც სტუმრად "ბრედა" 1:0 დაამარცხა. გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. ყაზაიშვილმა საგოლე პასი მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ბელგიის ჟუპილერ ლიგაში ქართველების "გენკმა" ერთ-ერთი აუტსაიდერი "ვაასლანდ-ბევერენი" მიიღო. მასპინძელთა შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი გუნდის მწვრთნელმა ალექს მაკლიშმა ძირითადში არ დააყენა, ლუკა ზარანდია კი საერთოდ განაცხადშიც ვერ მოხვდა.

ოქრიაშვილი 62-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე. სწორედ ამის შემდეგ გაიტანა "გენკმა" გოლი, რომელიც ამ მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა. ქართველების გუნდი ახლა 40 ქულით მე-6 ადგილზეა. ეს კი ის პოზიციაა, რომელიც ძირითადი ეტაპის შემდეგ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლის გაგრძელების უფლებას იძლევა.

* * *
ძალიან რთულ სიტუაციაშია ქართული ოფი, რომელმაც დიდი ბრძოლა გაუმართა "ერგოტელისს", თუმცა 2:3 დამარცხდა. მასპინძლები მალევე 10 კაცით დარჩნენ, მაგრამ ოფი-მ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო.

68-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა სტუმართა პირველი გოლი შექმნა და მეორე გაიტანა (ეს გოლი განსაკუთრებით ლამაზი გამოვიდა). მანამდე მან ყვითელი ბარათი მიიღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მერებაშვილმა და გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშეს. ეს იყო კრეტის დერბი, რომელიც ბერძნულმა მედიამ კუნძულის ისტორიაში საუკეთესო დერბად მონათლა.

აკაკი ხუბუტიას "კერკირამ" სტუმრად 10 კაცით გაძლო "პანიონიოსთან", ჩვენებური სათადარიგოს როლით დაკმაყოფილდა.

* * *
კვიპროსის ჩემპიონატში ქართველთა "ოთელოსმა" თითქმის წაგებული თამაში გადაარჩინა, ლარნაკაში აეკ-ს 2:2 დაუზავდა. როინ კვასხვაძემ, ლევან ხმალაძემ და ელგუჯა გრიგალაშვილმა (96-ე წუთზე შეცვალეს) სასტარტოში ითამაშეს.

ხმალაძემ 69-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც 2015 წელს ოფიციალურ მატჩებში მეორე გოლი გაიტანა (ორივე პენალტით).

"ანორთოსისმა" შინ 1:0 მოუგო "ნეა სალამინას". ორივე გუნდის შემადგენლობაში თითო ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა: "ანორთოსისში" - ირაკლი მაისურაძემ, სტუმართა რიგებში - გიორგი პაპავამ. გიორგი აბურჯანია (ანორთოსისი) და შოთა გრიგალაშვილი (ნეა სალამინა) სათადარიგოები იყვნენ.

"ომონია" "აია ნაპას" ესტუმრა, უჩა ლობჟანიძე "ომონიას" სასტარტოში გახლდათ. "ომონიამ" 3:1 იმარჯვა და 35 ქულით მესამე ადგილზეა, "ანორთოსისი" 34 ქულით მე-4 ადგილზეა.

* * *
თურქეთში ქართველი მწვრთნელის, შოთა არველაძის საქმეები აშკარად ვერ მიდის კარგად - "ქასიმფაშამ" უშუალო კონკურენტ "მერსინთან" წააგო და თანაც - 2:6. ეს "ქასიმფაშას" ზედიზედ მე-3 მარცხი იყო ჩემპიონატში. მატჩის განაცხადში მოხვდა "ქასიმფაშას" ახალწვეული ლაშა დვალი, თუმცა მოედანზე არ გასულა.

* * *
აზერბაიჯანში მე-18 ტურის მატჩები გაიმართა. ლაშა კასრაძის აზალ-ი "გაბალას" ესტუმრა და 1:0 მოუგო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წუთზე მეტი 10 კაცით ითამაშა. ჩვენებურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" "ნეფთჩის" ესტუმრა და 0:0 ეთამაშა.

"თამაში ძალზე დაძაბული გამოდგა. "ნეფთჩიც" და ჩვენც გამარჯვებას ვესწრაფვოდით, ფრე სამართლიანი შედეგია. პირველი ტაიმის შეცდომები მეორეში გამოვასწორეთ. გავაძლიერეთ ნახევარდაცვა და ყველაფერი გავაკეთეთ გოლის გასატანად. არ გამოგვივიდა. ახლა "ნეფთჩისთან" თამაში უნდა დავივიწყოთ და მომდევნო მეტოქეზე ვიფიქროთ", - განაცხადა ჩიხრაძემ თამაშის შემდეგ. "სიმურგი" 25 ქულით მე-4 ადგილზეა, აზალ-ი 23 ქულით მეხუთეა.

საქართველოს ნაკრების თავკაც კახა ცხადაძის "ინტერი" "ხაზარს" ესტუმრა და 2:1 მოუგო. ცხადაძემ შეუცვლელად ლაშა სალუქვაძე ათამაშა, ალეკო ამისულაშვილი ტრავმირებულია, ბაჩანა ცხადაძე მე-60 წუთზე გამოცვალა, ხოლო გიორგი ლომაია სათადარიგო იყო. "ინტერი" 33 ქულით მე-2 ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოლი-ფანტასტიკა :D რა გეშველებათ))
asdasd
11:19 09-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული