ტაფარელის მაგალითზე დაწყებული ისტორია - ინტერვიუ ნუკრი რევიშვილთან

AutoSharing Option
რუსულ სპორტულ ბლოგ "ყოველკვირეულზე" გამოქვეყნდა ინტერვიუ "ტოსნოს" ქართველ მეკარე ნუკრი რევიშვილთან.

ვფიქრობთ, ეს ჩვენი გაზეთის მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება:

- რა ხდება დღეს ქართულ ფეხბურთში?
- არ ვიცი, დასამალია ეს თუ არა, მაგრამ ქართულ ფეხბურთში ძალიან რთული სიტუაციაა. ჩემპიონატში 16 გუნდი თამაშობს და 14 მათგანი დაფინანსების მოლოდინშია. ზოგიერთი გუნდი არ ვარჯიშობს და ისე გადის თამაშზე. ეს საქართველოს ნაკრების თამაშზეც აისახება.

ვიმედოვნებ, ყველაფერი შეიცვლება. კახა კალაძე ამჟამად პოლიტიკაშია. ის ენერგეტიკის მინისტრია და სურს, რომ ქართულ ფეხბურთს დაეხმაროს. ამ ეტაპზე ეს რთულია, რადგან
ჩვენს ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობაა.

- რატომ განვითარდა ასე მოვლენები? საქართველოს საფეხბურთო ისტორია ხომ მდიდარია?
- დაინგრა თუ არა საბჭოთა კავშირი, ისტორია შეწყდა. ადრეულ ასაკში ფეხბურთელი კარგად თამაშობს, მერე კი...

არის ინფრასტრუქტურული პრობლემები - ვგულისხმობ ბაზებისა და სარეაბილიტაციო ცენტრების ნაკლებობას. დღეს სადაც ფულია, იქაა ფეხბურთიც. მაგალითად აზერბაიჯანი და თურქეთიც გამოგვადგება.

- ქართული ხასიათი საყოველთაოდაა ცნობილი. ბავშვობაში ვარჯიშებზე ხშირად გქონდათ კონფლიქტი?
- არ ვარ კონფლიქტური ადამიანი. მუდამ ნორმალური ურთიერთობა მქონდა როგორც თანაგუნდელებთან, ისე მწვრთნელებთან. ერთი-ორჯერ იყო ასეთი შემთხვევა, მაგრამ ახლა ვერ ვიხსენებ ზუსტად. სკოლას მოვრჩებოდით თუ არა, ბიჭები სტადიონზე მივდიოდით და მთელი დღე ვთამაშობდით ფეხბურთს.

ახლა, როცა მშობლიურ ქუთაისში ჩავდივარ, ბავშვებს ვეღარ ვხედავ ეზოში. ისინი კომპიუტერთან სხედან.

- თქვენი ფეხბურთელობა როდის გადაწყდა?
- 1994 წელი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების მეკარე კლაუდიო ტაფარელის თამაშს ვუყურებდი. მატჩები გვიან იწყებოდა, მშობლები ყურებას მიკრძალავდნენ, მაგრამ მე შანსს არ ვუშვებდი, თვალი შემევლო მისთვის.

7 წლის ვიყავი, როცა ბაბუამ საფეხბურთო სკოლაში შემიყვანა. ჩვენს ოჯახში მანამდე არავინ ყოფილა ფეხბურთელი. მამა ექიმია. ადრე კალათბურთს თამაშობდა.

- ექიმობას თქვენც აპირებდით?
- ჩემი მშობლებისათვის მთავარი იყო, კარგად მესწავლა. ოთხიანს თუ მივიღებდი, ვარჯიშზე წასვლა მეკრძალებოდა. მერე "ტორპედოს" მთავარ გუნდში მოვხვდი და ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

მახსოვს პირველი მატჩიც. ძირითადმა მეკარემ ოთხი ყვითელი ბარათი მიიღო და "ზესტაფონთან" შეხვედრაში მე დამაყენეს. 16 წლის ვიყავი, ძალიან ვინერვიულე, თუმცა ყველამ გამამხნევა. ის თამაში 1:2 წავაგეთ.

- 7 მატჩი და 2 საჩემპიონო ტიტული "რუბინში". როგორი შეგრძნება იყო?
- კარგია მედლები, ტკბილი მოგონებები, მაგრამ მე ჩემპიონად ვერ ვგრძნობდი თავს. მაშინ იმ ასაკში ვიყავი, როცა მეკარე უნდა თამაშობდეს.

- როგორია შეგრძნება მაშინ, როცა იცი, რომ მეორე მეკარე ხარ გუნდში და ძირითად გოლკიპერს ვერაფრით ჩაანაცვლებ?
- ზოგჯერ არის, რომ კონკურენტი კარგად თამაშობს, მაგრამ შენ ვარჯიშობ, საკუთარ შანსს ელოდები, არ ხარ ხელებჩამოშვებული... "რუბინში" მე არ მქონია ასეთი შანსი.

- "ტოსნოს" შესახებ რას იტყვით?
- გუნდს აქვს რუსეთის პრემიერლიგაში თამაშის ამბიცია, თუმცა ეს არც ისე იოლია, როცა არ გაქვს საკუთარი სტადიონი და ბაზა. კარგი ფეხბურთელები შეიკრიბნენ გუნდში, თუმცა კიდევ ბევრი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პრემიერლიგაში გადავიდეთ.

ძალიან კარგია, რომ ბაზას და სტადიონს აშენებენ, თუმცა ჯერ არავინ იცის, როდის დასრულდება ეს მშენებლობები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული