ლეგიონის უქმეები: ოთხი გოლი, აღებული პენალტი და ორი დებიუტი [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ში წლეულს პირველად მოხდა, რომ "ემპოლის" მწვრთნელმა ლევან მჭედლიძე შეცვლაზე მაინც არ შეიყვანა, "მილანთან" საგარეო მატჩში ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. "ემპოლიმ" კი სტუმრად 1:1 ითამაშა.

იტალიის რანგით მესამე დივიზიონში "სუდტიროლის" რიგებში შედგა ირაკლი შეყილაძის დებიუტი, რომელიც "ლატინადან" იჯარით ასპარეზობს ამ გუნდში. "სუდტიროლი" 0:1 დამარცხდა სტუმრად "პრო პატრიასთან". ჩვენებურმა მეორე ტაიმში ითამაშა.

* * *
საფრანგეთის ელიტაში კვლავ არ შედგა ლუკა კიკაბიძის დებიუტი, "ბასტიამ" ის კვლავ არ შეიყვანა მატჩის განაცხადში.

ნასიონალ ლიგის ლიდერი "პარიზი" პარიზულ დერბიში "რედ სტართან" 1:2 დამარცხდა,
თუმცა პირველობა მაინც შეინარჩუნა. წაგებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ამირან სანაიამ.

* * *
გერმანიის III ბუნდესლიგაში გერმანიის მოქალაქე აკაკი გოგიას "ჰალეშერი" საქართველოს მოქალაქე ლუკას ჰუფნაგელის "უნტერჰახინგს" მასპინძლობდა. ორივე სასტარტო შემადგენლობაში იყო (ჰუფნაგელი 67-ე წუთზე) შეცვალეს. "ჰალეშერმა" 2:1 იმარჯვა.

* * *
პორტუგალიაში "ჟილ ვისენტემ" ავთო ებრალიძის გარეშე მოუგო "ფერეირას" - 1:0. ქართველი ნახევარმცველის გამოჯანმრთელებას არა და არ დაადგა საშველი.

რანგით მეორე დივიზიონში გიორგი მაკარიძის "ფეირენშე" "პორტუს" მეორე გუნდთან 0:1 დამარცხდა. ჩვენებური სათადარიგო იყო.

* * *
ჰოლანდიაში იმარჯვა ქართველთა "ვიტესმა", რომელმაც 2:0 მოუგო "ვილემ II"-ს. გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა 90-90 წუთი ითამაშეს.

ქართველთა თამაშმა დადებითი გამოხმაურება ჰპოვა - გურამ კაშია კედელივით გაუვალი იყო, ხოლო ვაკო მარცხენა ნახევარმცველის პოზიციიდან აქტიურობდა.

* * *
ბელგიაში ქართველთა "გენკი" ექვსეულში დამკვიდრებისთვის იბრძვის. რეგულარული პირველობის დასრულებამდე 5 ტურით ადრე "გენკი" სწორედ მე-6 ადგილზეა.

პარასკევს თორნიკე ოქრიაშვილისა და ლუკა ზარანდიას გუნდმა სტუმრად მოუგო "ვესტერლოს" - 2:1. ავადმყოფობის გამო თორნიკეს თამაში ამ მატჩში საეჭვო იყო, თუმცა ქართველი 59-ე წუთზე მაინც გამოჩნდა.

* * *
თურქულ სუპერლიგაში შოთა არველაძის "ქასიმფაშა" სტუმრად "ქარაბიუქს" 0:0 დაუზავდა.

ეს მატჩი იმით არის გამორჩეული, რომ თურქულ ჩემპიონატში მორიგი ქართველი ფეხბურთელის დებიუტი შედგა - შოთა არველაძემ შეუცვლელად ათამაშა 19 წლის მცველი ლაშა დვალი, რომელმაც ბოლოს ნოემბერში ითამაშა ("სკონტოში").

სხვათა შორის, ეს ყოფილი თანაგუნდელების, ახლა კი მწვრთნელების დუელი იყო - "ქარაბიუქს" ლაზური წარმოშობის თოლუნაი კაფკაზი წვრთნის. პირველ ტაიმში მასპინძლებმა პენალტი ვერ გამოიყენეს.

* * *
საბერძნეთში კვლავ გაიტანა გიორგი მერებაშვილმა, თუმცა მისი ოფი კვლავ დამარცხდა - "პანათინაიკოსთან" მატჩში (2:3) ქართველმა 44-ე წუთზე პენალტი გაიტანა.

მატჩის მიწურულს ჩვენებურმა ყვითელი ბარათი მიიღო. გიორგი ლორიამ ასევე მიიღო გაფრთხილება. ოფი 13 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და თითქმის უიმედო სიტუაციაშია.

აკაკი ხუბუტია "კერკირას" სასტარტოში იყო "კალონისთან" შეხვედრაში - 2:0.

* * *
კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურში "ანორთოსისი" ახნასს ეწვია და "ეთნიკოსს" 0:0 დაუზავდა. ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშეს ირაკლი მაისურაძემ და გიორგი აბურჯანიამ.

"ნეა სალამინამ" აეკ-ს უმასპინძლა. არც ამ შეხვედრაში გასულა გოლები. მასპინძელთა ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი პაპავამ შეუცვლელად ითამაშა, პირველ ტაიმში მან ყვითელი ბარათი მიიღო. შოთა გრიგალაშვილმა კი ახლახან გაიკეთა საზარდულის კუნთის ოპერაცია და თვეზე მეტი ხნით უქმობა მოუწევს.

"ომონია" შინ "აპოლონთან" 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა უჩა ლობჟანიძემ (გააფრთხილეს).

"ოთელოსი" შინ 0:2 დამარცხდა "ერმისთან". წაგებულთა ქართული ტრიო სასტარტოში იყო: როინ კვასხვაძემ და ლევან ხმალაძემ ბოლომდე ითამაშეს, ელგუჯა გრიგალაშვილი 57-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
აზერბაიჯანის ჩემპიონატში კახა ცხადაძის "ინტერმა" 4:0 გაანადგურა "ბაქი". ამ შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე პენალტით ბაჩანა ცხადაძემ გახსნა, რომლისთვისაც ეს მე-4 გოლია ჩემპიონატში.

ბაჩანა "ინტერის" ერთადერთი ქართველია, რომელმაც ამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ლაშა კასრაძის აზალ-ი სტუმრად "სუმგაითს" 0:0 დაუზავდა. კასრაძემ 90 წუთი ითამაშა.

გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" "ყარაბაღს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

* * *
ფინეთის ლიგის თასზე ირაკლი სირბილაძის კუპს-ი "ლაჰტისთან" 1:2 დამარცხდა. ჩვენებური სათადარიგო იყო ახალ გუნდში, სადაც დებიუტი ჯერ არ ჰქონია.

* * *
რუსეთის FNL თასი I დივიზიონის გუნდებს შორის იმართება და ნახევრად ოფიციალური ტურნირია. რუსული კლუბები თურქულ შეკრებაზე იმყოფებიან და ტურნირიც იქ ტარდება.

გიორგი კახელიშვილის "სახალინი" 1:1 დაუზავდა "გაზოვიკს". ქართველ ნახევარმცველს ტრავმა აქვს.

ქართველთა "სკა-ენერგია" 2:4 დამარცხდა "ვოლგართან". 37-ე წუთზე "სკა-ენერგიას" პირველი გოლი კახა ალადაშვილმა გაიტანა. ის 75-ე წუთზე შეცვალეს. სრულად ითამაშა გუჯა რუხაიამ, ლაშა იმედაშვილი სათადარიგო იყო, ხოლო გოგიტა გოგუა ტრავმირებულია.

შაბათს "ტოსნომ" 2:0 მოუგო "სიბირს". მეორე გოლი (56-ე წუთზე) ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა, რომელმაც შორეული პასი მიიღო და აჯობა მეტოქის გოლკიპერს. ნუკრი რევიშვილმა კარი მშრალად შეინახა, გიორგი ნავალოვსკი 57-ე წუთზე შეცვალეს, გურამ თეთრაშვილმა მეორე ტაიმი ითამაშა. ამ შეხვედრაში ნუკრი რევიშვილმა პენალტი მოიგერია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"მატჩის გმირად თავს არ მივიჩნევ, მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა, მე უბრალოდ პენალტი მოვიგერიე. ჩვენ ამ თამაშებზე ისეთი განწყობით გავდივართ, როგორც ოფიციალურ შეხვედრებში", - თქვა რევიშვილმა.

"სკა-ენერგიამ" 15 თებერვალს ერთი თამაშიც გამართა, "გაზოვიკს" 3:0 მოუგო. ამჯერად, ქართველებს (თუ არ ჩავთვლით რუსეთის მოქალაქე იმედაშვილს) არ უთამაშიათ.

* * *
პოლონურ ექსტრაკლასაში ნიკა ძალამიძის "იაგელონია" ერთპიროვნულ ლიდერ "ლეგიას" სტუმრობდა.

ქართველმა შემტევმა სრულად ითამაშა და 52-ე წუთზე გააკეთა საგოლე გადაცემა, რომელმაც მისი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"იაგელონიამ" კი საბოლოოდ 3:1 მოიგო და პირველ პოზიციამდე 3 ქულაღა აშორებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარცვალაძე აკლია ნაკრებს.
Zviad
00:40 17-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული