ლეგიონი: ჯაბა კანკავა და ლევან ყენია მოედანს დაუბრუნდნენ

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერები კვლავ აგრძელებენ ამხანაგური მატჩების სერიებს თავიანთი კლუბების შემადგენლობაში. ამ შეხვედრებში ჩვენთვის რამდენიმე საინტერესო და სასიხარულო ფაქტი მოხდა.

ტრავმის შემდეგ მინდორს დაუბრუნდა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო მას "დნიპროს" რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა გაუცდა. უკრაინული კლუბი თურქულ შეკრებაზეა.

ჯაბამ და მისმა თანაგუნდელებმა ამხანაგურ შეხვედრაში პირველლიგელი ხარკოვის "ჰელიოსი" დაამარცხეს - 3:1. საქართველოს ეროვნული გუნდის ლიდერი უკრაინული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო. ის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

მორიგი შეხვედრა უკრაინულმა გუნდმა უზბეკურ "ნეფთჩისთან" გამართა და მინიმალური ანგარიშით წააგო.
ჯაბა ამჯერადაც სასტარტოში იყო და როგორც ყველა მისმა თანაგუნდელმა, მოედანზე ერთი ტაიმი დაჰყო.

რა თქმა უნდა, კანკავას დაბრუნება ძალიან გვახარებს - სულ მალე საქართველოს უპირველეს გუნდს ამხანაგური მატჩი ელის მალტასთან, მერე კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიასთან თბილისური ევროშესარჩევიც უწევს. კანკავას გარეშე კი საქართველოს ნაკრების წარმოდგენა ძალიან რთულია.

* * *
მინდორს დაუბრუნდა პრაღის "სლავიას" ქართველი ლეგიონერი ლევან ყენიაც. ზუსტად ვიცით, რომ ეროვნული გუნდის თავკაცი კახა ცხადაძე მას დიდი ყურადღებით აკვირდება.

ორი ამხანაგური შეხვედრის გაცდენის შემდეგ ყენიამ ჩეხური "ჟიჟკოვის" წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. პრაღელებმა 3:0 მოიგეს, ყენიამ კი პირველი 45 წუთი დაჰყო მოედანზე.

* * *
ესპანეთში, "ლა მანგას თასზე" ასპარეზობს დანიური "ორჰუსი". სკანდინავიელებმა ადგილობრივ "ლა მანგას" 2:0 მოუგეს. დავით სხირტლაძემ სრულად ითამაშა, მათე ვაწაძემ კი მინდორზე 75 წუთი გაატარა.

"ორჰუსის" მესამე ქართველი დავით დევდარიანი ტრავმის გამო გუნდს ესპანეთში არ ახლავს.

* * *
დანიურმა "ოდენსემ" ბოსნიურ "შიროკი ბრიგთან" 1:1 ითამაშა. "ოდენსეს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ლადო დვალიშვილმა.

* * *
მინსკის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე სარაევოს "ოლიმპიკთან" ისპარინგა.

შეხვედრა 2:2 დასრულდა. მინსკელთა პოტენციურმა ახალწვეულმა, საქართველოს ნაკრების კანდიდატმა გიორგი ფოფხაძემ ბელორუსის ყველაზე ტრადიციული კლუბის შემადგენლობაში ბოლო 30 წუთი ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე გიორგიმ ბოლნისის "სიონში" ჩაამთავრა და რამდენიმე დღის წინ შეუერთდა მინსკის "დინამოს".

Sportall.Ge
ფოტოზე: გიორგი ფოფხაძე (მარჯვნივ) მინსკის "დინამოს" ვარჯიშზე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სლოვაკური "ჟიჟკოვის" - ZIZKOV IS CZECH TEAM FROM PRAGUE !!!
ELIZBAR
13:39 17-02-2015
0
ჟიჟკოვი არის პრაღის გუნდი და არა სლოვაკური.
elizbar
12:58 17-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული