დვალის დებიუტი გასულ კვირას, თურქეთის სუპერლიგის მე-20 ტურში შედგა, როცა შოთა არველაძის "ქასიმფაშამ" "ქარაბუქის" წინააღმდეგ სტუმრად 0:0 ითამაშა. არველაძე დვალს ენდო - სრული 90 წუთი სადებიუტო მატჩში!
ცხადია, ამ ტიპის მატჩი ნებისმიერი მოთამაშისთვის ყოველმხრივ მნიშვნელოვანია. მას თან ახლავს მღელვარებაც და სიხარულიც.
"რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მართლაც იყო. დებიუტმა ძალიან გამახარა. წინაზე ბევრად უკეთეს გუნდსა და ლიგაში მონაწილეობის გამო საკმაოდ
საერთოდ, ყოველთვის ასეა - თამაშში რომ ჩაერთვები, მერე ყველაფერი გავიწყდება. მთავარია, იქ შენი საქმე გააკეთო. სხვა არაფერზე ვფიქრობდი", - ამბობს დვალი.
ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის შემდეგ ლაშა რიგის "სკონტოში" ჩაირიცხა და ლატვიის ჩემპიონატში ითამაშა. ცხადია, ვირსლიგასა და თურქეთის ჩემპიონატების დონეებს შორის დიდი სხვაობაა და ერთიდან მეორე ტურნირზე გადართვას დრო და ადაპტაცია სჭირდება.
ასეთ სიტუაციაში, ფეხბურთელი საკუთარ შესაძლებლობებსაც რეალურად აფასებს:
"ლატვიის შემდეგ თურქეთის დონის ჩემპიონატში თამაში იოლი არ არის. ამ ორ ლიგას შორის დიდი განსხვავებაა და ეს პირველივე შეხვედრაში ვიგრძენი. მაგალითად, აქ გაცილებით მაღალი ტემპია, ყველა მოძრაობა უფრო სწრაფად კეთდება და ცხადია, სხვაობა კლასშიც იგრძნობა.
რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თავიდანვე თვალში მომხვდა გულშემატკივრების რაოდენობა. სტადიონი თითქმის სავსე იყო. ასეთ დროს მოედანზე ყოფნა სულ სხვა შეგრძნებაა.
რაც შეეხება საკუთარი თავის შეფასებას, ამაზე ლაპარაკი გამიჭირდება. სჯობს, ეს იმან გააკეთოს, ვინც თამაშს უყურა. თუმცა, პირადად მე დებიუტით კმაყოფილი ვარ. სტიმულიც გამიჩნდა, რომ ყოველდღიურ ვარჯიშებზე მაქსიმალურად დავიხარჯო და წინსვლა გავაგრძელო".
ამ მხრივ, ზამთარში "რედინგში" ვარჯიში მას ძალიან წაადგა:
"რა თქმა უნდა, ინგლისში ლამის ერთთვიანი მომზადება ძალიან დამეხმარა. გუნდში კარგ პირობებში ვვარჯიშობდი, ორი ამხანაგური მატჩიც ჩავატარე და, შეიძლება ითქვას, თურქეთში ჩამოსული უკვე ტონუსში ვიყავი".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"