"საკმაოდ ვღელავდი, თუმცა თამაში რომ დაიწყო, მღელვარება სადღაც გაქრა"

AutoSharing Option
ლაშა დვალი ვასილ მაისურაძის 17 და 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ. ახლახან ის ინგლისური "რედინგიდან" თურქულ "ქასიმფაშაში" იჯარით გადავიდა.

დვალის დებიუტი გასულ კვირას, თურქეთის სუპერლიგის მე-20 ტურში შედგა, როცა შოთა არველაძის "ქასიმფაშამ" "ქარაბუქის" წინააღმდეგ სტუმრად 0:0 ითამაშა. არველაძე დვალს ენდო - სრული 90 წუთი სადებიუტო მატჩში!

ცხადია, ამ ტიპის მატჩი ნებისმიერი მოთამაშისთვის ყოველმხრივ მნიშვნელოვანია. მას თან ახლავს მღელვარებაც და სიხარულიც.

"რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მართლაც იყო. დებიუტმა ძალიან გამახარა. წინაზე ბევრად უკეთეს გუნდსა და ლიგაში მონაწილეობის გამო საკმაოდ
ვღელავდი, თუმცა თამაში რომ დაიწყო, მღელვარება სადღაც გაქრა.

საერთოდ, ყოველთვის ასეა - თამაშში რომ ჩაერთვები, მერე ყველაფერი გავიწყდება. მთავარია, იქ შენი საქმე გააკეთო. სხვა არაფერზე ვფიქრობდი", - ამბობს დვალი.

ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის შემდეგ ლაშა რიგის "სკონტოში" ჩაირიცხა და ლატვიის ჩემპიონატში ითამაშა. ცხადია, ვირსლიგასა და თურქეთის ჩემპიონატების დონეებს შორის დიდი სხვაობაა და ერთიდან მეორე ტურნირზე გადართვას დრო და ადაპტაცია სჭირდება.

ასეთ სიტუაციაში, ფეხბურთელი საკუთარ შესაძლებლობებსაც რეალურად აფასებს:

"ლატვიის შემდეგ თურქეთის დონის ჩემპიონატში თამაში იოლი არ არის. ამ ორ ლიგას შორის დიდი განსხვავებაა და ეს პირველივე შეხვედრაში ვიგრძენი. მაგალითად, აქ გაცილებით მაღალი ტემპია, ყველა მოძრაობა უფრო სწრაფად კეთდება და ცხადია, სხვაობა კლასშიც იგრძნობა.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თავიდანვე თვალში მომხვდა გულშემატკივრების რაოდენობა. სტადიონი თითქმის სავსე იყო. ასეთ დროს მოედანზე ყოფნა სულ სხვა შეგრძნებაა.

რაც შეეხება საკუთარი თავის შეფასებას, ამაზე ლაპარაკი გამიჭირდება. სჯობს, ეს იმან გააკეთოს, ვინც თამაშს უყურა. თუმცა, პირადად მე დებიუტით კმაყოფილი ვარ. სტიმულიც გამიჩნდა, რომ ყოველდღიურ ვარჯიშებზე მაქსიმალურად დავიხარჯო და წინსვლა გავაგრძელო".

ამ მხრივ, ზამთარში "რედინგში" ვარჯიში მას ძალიან წაადგა:

"რა თქმა უნდა, ინგლისში ლამის ერთთვიანი მომზადება ძალიან დამეხმარა. გუნდში კარგ პირობებში ვვარჯიშობდი, ორი ამხანაგური მატჩიც ჩავატარე და, შეიძლება ითქვას, თურქეთში ჩამოსული უკვე ტონუსში ვიყავი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
Es statia araper shuashia da gmertma xeli moumartos am bichs ,ubralod sxva statiebzec davakomentare kvemot iko sxva informaciebi da mindoda caekitxa es komentari lelos samarcxvino jurnalistebs
dimitri fircxalaishvili
19:01 19-02-2015
0
კაი ხარ, ლაშა ასე გააგრძელე
შაკო
14:36 19-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული