ლეგიონის უქმეები: გოლი, დებიუტი და ტრავმები [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: ბაჩანა ცხადაძე
უქმეებმა ვერ გაგვახარა - ქართული ლეგიონის მონაგარი მხოლოდ ერთი გოლია. ეული გოლის ავტორი ბაქოს "ინტერის" ფორვარდი ბაჩანა ცხადაძეა. სამწუხაროდ, ტრავმირებულთა სიას შეუერთდნენ თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან ყენია.

* * *
იტალიურ სერია A-ში ლევან მჭედლიძისთვის მნიშვნელოვანი დაპირისპირება იყო, "ემპოლი" მის ყოფილ გუნდ "პალერმოს" ეწვია და 0:0 ეთამაშა. ლევანმა შეხვედრის ბოლო 7 წუთი ითამაშა. მან მასიმო მაკარონე შეცვალა.

ლეგა პრო A-ში "სუდტიროლი" "რენატესთან" 0:1 დამარცხდა. ირაკლი შეყილაძე წაგებულთა შორის 68-ე წუთზე გამოჩნდა.

* * *
"ბასტია" სტუმრად "ლორიანთან" 0:2 დამარცხდა,
კორსიკელთა რიგებში კვლავ არ გამოჩენილა ლუკა კიკაბიძე.

* * *
III ბუნდესლიგაში ლუკას ჰუფნაგელის "უნტერჰახინგი" 0:4 განადგურდა "არმინიასთან". ლუკასი 59-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში უკვე 0:3 იყო.

ამ ტურში თავი გოლით გამოიჩინა აკაკი გოგიამ (ჰალეშერი), რომელიც გერმანიის მოქალაქეა.

* * *
ჰოლანდიურ ერედივიზიეში ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ ქართველთა "ვიტესს" ფრთები შეესხა და ზედიზედ 6 მატჩი მოიგო. შაბათს "ხელრედომზე" არნემელებმა 2:1 მოუგეს უშუალო კონკურენტ "ზვოლეს".

გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა 90-90 წუთი ითამაშეს. 34-ე წუთზე ტრაორემ კაშიას თავური პასით გაათანაბრა. მეორე ტაიმში "ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა ყვითელი ბარათი მიიღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
თორნიკე ოქრიაშვილის "გენკმა" სტუმრად დაამარცხა "ლიერსი" - 2:0. ქართველმა ფეხბურთელმა მუხლის ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

* * *
ავთო ებრალიძე გამოჯანმრთელდა და ის "ჟილ ვისენტეს" განაცხადში გამოჩნდა "ბოავიშტასთან" მატჩში, რომელიც 1:1 დასრულდა. ქართველი მოედანზე არ შესულა.

მეორე დივიზიონში გიორგი მაკარიძის "ფეირენშე" სტუმრად 0:2 დამარცხდა "შავესთან". ქართველი გოლკიპერი კვლავ სასტარტოში იყო.

* * *
ჩეხეთში "სლავია"-"ტეპლიცეს" მატჩში (2:2) ტრავმის გამო არ უთამაშია ლევან ყენიას.

* * *
პოლონეთში აუტსაიდერმა "ზავიშამ" შინ 2:0 მოუგო "პიასტს". მასპინძელთა შორის გიორგი ალავერდაშვილი სათადარიგო იყო.

"იაგელონია" შინ მოულოდნელად 1:2 დამარცხდა "კორონასთან". ნიკა ძალამიძე სასტარტოში იყო. ის 83-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
დანიის ჩემპიონატში, "ოდენსესა" და "კოპენჰაგენის" შეხვედრაში მატჩის განაცხადშიც ვერ მოხვდა ლადო დვალიშვილი.

* * *
უნგრულ ნიდერიჰაზას "სპარტაკუსში" დავით დარციმელიას დებიუტი შედგა, ქართველი 89-ე წუთზე შევიდა "ჰონვედთან" 2:0 მოგებულ მატჩში, ზურაბ არზიანი კი სათადარიგო იყო.

გიორგი ქვილითაიას "დიორი" შინ 2:2 დაუზავდა "ვიდეოტონს". ქართველმა ფორვარდმა 62-ე წუთიდან ითამაშა.

* * *
თურქულ სუპერლიგაში სტუმრად "გაზიანთეფთან" იმარჯვა შოთა არველაძის კაცნაკლულმა "ქასიმფაშამ" - 2:0. ლაშა დვალმა კვლავ შეუცვლელად ითამაშა "ქასიმფაშას" შემადგენლობაში.

* * *
რუმინული "კლუჟი" უიმედო მდგომარეობაშია - გუნდს 23(!) ქულა დააკლეს და 11 ქულით ბოლო ადგილზეა. მას გიორგი ჭანტურიას დაბრუნებამაც არ უშველა და შინ 0:4 განადგურდა "პანდურისთან". ჩვენებური 68-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
განახლდა უკრაინის პირველობა. "ზორიამ" 5:1 გაანადგურა დონეცკის "ოლიმპიკი". უკრაინელი ზაურ მახარაძის კარში 5 გოლი გავიდა, თუმცა "ზორიას" წარმატებაში ჯაბა ლიპარტიას მონაწილეობა არ მიუღია - ის სათადარიგო იყო.

"კარპატის" რიგებში არ გამოჩენილა ბუბა დაუშვილი, რომელსაც ტრავმა აქვს.

ჯაბა კანკავას "დნიპრომ" 5:0 დაამარცხა სანდრო კობახიძის "ვოლინი". ჯაბა სათადარიგო იყო, სანდრო 74-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
კვიპროსში ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდა. გუნდები ზედა და ქვედა ექვსეულებად გაიყვნენ. ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს "ომონია", რომელიც აპოელ-ს დაუზავდა - 1:1. უჩა ლობჟანიძემ 90 წუთი ითამაშა "ომონიას" რიგებში. ამ გუნდმა ეს სტადია 39 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა.

ზედა ექვსეულშია "ანორთოსისიც", რომელიც ლიდერ "აპოლონთან" საგარეო მატჩში 0:2 დამარცხდა. ირაკლი მაისურაძემ და გიორგი აბურჯანიამ დამარცხებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშეს. "ანორთოსისი" 38 ქულით მეხუთეა.

"ნეა სალამინა" "აია ნაპას" დაუზავდა - 0:0. გიორგი პაპავამ მასპინძელთა რიგებში სრულად ითამაშა, ხოლო შოთა გრიგალაშვილი ტრავმირებულია. "ნეა სალამინა" 19 ქულით მე-9 ადგილზე გავიდა.

"ოთელოსმა" შინ ვერაფერი მოუხერხა აელ-ს - 0:0. როინ კვასხვაძემ კარი მშრალად შეინახა, ლევან ხმალაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ელგუჯა გრიგალაშვილი ბოლო წუთზე შეცვალეს. "ოთელოსმა" პირველი ეტაპი 16 ქულით მე-10 ადგილზე დაასრულა. შემდგომ სტადიაზე გუნდებს ქულები არ გადაჰყვებათ.

* * *
ჩემპიონატი დაიწყო ლიტვაში, სადაც თამაზ ჩარგეიშვილის "შიაულაი" 1:3 დამარცხდა "შტუმბრასთან". ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.

* * *
აზერბაიჯანის ჩემპიონატში კახა ცხადაძის "ინტერმა" შინ 2:1 დაამარცხა გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი". ცხადაძემ სასტარტოში ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძე ათამაშა. სწორედ ბაჩანამ გახსნა ანგარიში მე-18 წუთზე. სხვათა შორის, მან კიდევ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაუთვალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის მიწურულს სალუქვაძემ ყვითელი ბარათი მიიღო, ალეკო ამისულაშვილი ტრავმირებულია, გიორგი ლომაია კი სათადარიგო იყო. "ინტერი" 40 ქულით მეორე ადგილზეა, "სიმურგი" 29 ქულით - მეოთხე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლუკა კიკაბიძე - - ეს ბიჭი რომ გამოჩნდება შემადგენლობაში მერე დაწერეთ რა :) გავიგეთ რომ აგერ უკვე მეორე წელია ვერ ხვდება განაცხადში, რაც ზალიან სამწუხაროა.
dave
15:58 02-03-2015
0
და ამათთან ერთად უნდა ეთამაშა ქეცბაიას შემტევი ფეხბურთი და მიეღწია წარმატებისთვის??? ვაი ჩვენს პატრონს
Saba
04:34 03-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული