გიორგი ფოფხაძე: რაც მინსკის "დინამოში" გამიკეთეს, კაცი მტერსაც არ უზამს...

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ფოფხაძე კვლავაც პოლონური "იაგელონიას" მაისურს მოირგებს
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები გიორგი ფოფხაძე საბოლოოდ ბიალისტოკის "იაგელონიაში" გადავიდა. ეს ამბავი უკვე პოლონური კლუბის ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა.

ასე რომ, "იაგელონიაში", მინიმუმ ამ სეზონის ბოლომდე, ორი ქართველი ითამაშებს - ფოფხაძეს გუნდში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე დახვდება.

ფოფხაძისთვის "იაგელონია" უცხო გუნდი არ არის, მას იქ ადრეც უთამაშია. უბრალოდ, 28 წლის მცველის ამ სატრანსფერო საგაში საკვირველი ისაა, რომ მინსკის "დინამოში" მისი გადასვლა გადაწყვეტილი იყო.

საინტერესოა, რა მოხდა ბოლო წუთს და როგორ აღმოჩნდა ფოფხაძე
პოლონეთში. ინტერვიუ, ცხადია, ამ თემით დავიწყეთ...

- გიორგი, გილოცავთ არა იმდენად "იაგელონიაში" დაბრუნებას, რამდენადაც გაურკვევლობისთვის წერტილის დასმას. საინტერესოა, რატომ ჩაიშალა თქვენი ტრანსფერი მინსკის "დინამოში"?
- მეც გაოგნებული ვარ. რაც მოხდა, ახლაც არ მჯერა. ისეთი რაღაც გამიკეთეს, მტერი რომ არ გიზამს.

დავიწყოთ იქიდან, რომ ჯერ კიდევ პირველი თურქული შეკრების დროს გადაწყვეტილი იყო გუნდში ჩემი ჩარიცხვა. დუშან უჰრინსაც ველაპარაკე და კლუბის სპორტულ დირექტორსაც. მერე, როცა გაიწელა ეს პროცესი და რომ შევატყვე, რომ ჭიანურდებოდა კონტრაქტის გაფორმება, ვუთხარი სპორტულ დირექტორს, თუ მიფორმებთ კონტრაქტს და გჭირდებით, გამიფორმეთ, თუ არა და, არის ჩემით დაინტერესებული ერთი გუნდი და იქ წავალ-მეთქი. იმ მომენტში "იაგელონიას" ჩემთვის ხელშეკრულება უკვე გამზადებული ჰქონდა.

სპორტულმა დირექტორმა მითხრა - არსად წახვიდე, გუნდში რჩებიო. მერე "სპარტაკთან" გვქონდა საკონტროლო თამაში. ძირითადში ვიყავი და საერთო შეფასებით, ცუდად არ მითამაშია...

Sportall.Ge
ფოტოზე: გიორგი ფოფხაძემ თურქეთში შეკრება მინსკის "დინამოსთან" ერთად გაიარა
მოკლედ, მორჩა თურქული შეკრება და დავბრუნდით მინსკში. მეორე დღეა და სამედიცინო შემოწმება უნდა გავიარო, მერე კი კლუბთან კონტრაქტი გავაფორმო. წინა საღამოს სასტუმროში ვარ, მირეკავს სპორტული დირექტორი და მეუბნება - პრეზიდენტმა შენს ტრანსფერს ვეტო დაადოო.

სოლიდური კლუბები ასე არ იქცევიან. სხვა რაღა გითხრათ... მაისურის ზომებიც კი ამიღეს პრეზენტაციისთვის და უცებ...

ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. მაქვს კავშირები და იმას მაინც გავარკვევ, ვინ ჩაშალა ტრანსფერი. შეიძლება, პრეზიდენტს რაღაც ისე არ უთხრეს და ვიღაცამ გააფუჭა საქმე. დუშან უჰრინიც უბრალო მგონია ამ ამბავში...

- "იაგელონიაში" როგორ აღმოჩნდით?
- თავის დროზე, მინსკის "დინამოსთან" ერთად თურქულ შეკრებაზე რომ ვიყავი, პოლონელებმა ჩემი დაბრუნება მოინდომეს. თვითონ მწვრთნელი და კლუბის პრეზიდენტი იყვნენ ჩემი ტრანსფერის ინიციატორები. თქვენც გითხარით - მაშინ არჩევანი "დინამოს" სასარგებლოდ გავაკეთე. ცოტა არ იყოს, ეწყინათ პოლონელებს, მაგრამ გამიგეს.

"იაგელონიას" პრეზიდენტს მოვუყევი, რაც გადამხდა. მითხრა - ჩვენი გუნდის კარი შენთვის ყოველთვის ღიააო. მეც სიამოვნებით გადავწყვიტე "იაგელონიაში" გადასვლა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სახლში ვბრუნდები.

- მაშ, რატომღა გააფორმეთ პოლონურ კლუბთან მხოლოდ ოთხთვიანი კონტრაქტი?
- საქმე ისაა, რომ ამ ეტაპზე არც მე ვიჩქარე და არც კლუბის ხელმძღვანელობამ. "იაგელონია" პოლონეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და დიდი ალბათობით, ევროსაგზურს მოვიპოვებთ. ჰოდა, დავსხდებით სეზონის ბოლოს და დავილაპარაკებთ. კონტრაქტის გაგრძელება რა პრობლემაა?

Sportall.Ge
ფოტოზე: ნიკა ძალამიძე და გიორგი ფოფხაძე
- თქვენს პოზიციაზე დიდი კონკურენციაა?
- მარცხენა მცველის პოზიციაზე ნიჭიერი პოლონელი ახალგაზრდა გვყავს. ერთი მარცხენა მცველი ამერიკაში იყიდეს და ყველაფერი გადაწყვეტილი რომ იყო, ჩემ გამო, ფაქტობრივად, თვითმფრინავიდან ჩამოსვეს. ასეთ რამეს კლუბის ხელმძღვანელობისგან არ ველოდი... ჩემთვის მართლაც ბევრი გააკეთეს, რთულ დროს გვერდით დამიდგნენ.

ახლა საქმე ისეა, რომ გუნდში ძირითადი მარცხენა მცველის სტატუსით მივდივარ. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. ნდობა უნდა გავამართლო. ჩემთვის ნაცნობი გარემოა და წესით, ყველაფერი კარგად უნდა წამივიდეს.

- მინსკელებთან გავლილი შეკრების შემდეგ ოპტიმალურ ფორმასთან ახლოს უნდა იყოთ...
- ფიზიკურად მართლაც შესანიშნავად ვარ მზად. ისე გამოვიდა, რომ ორი შეკრება გავიარე მინსკის "დინამოსთან" ერთად, რაც ნამდვილად წამადგა.

- გუნდის მთავარი მწვრთნელი მიხალ პრობიერჟი როგორი სპეციალისტია?
- არიან მწვრთნელები, რომლებიც განსაკუთრებით კარგად ერგებიან ერთ კონკრეტულ გუნდს. პრობიერჟი "იაგელონიას" შესანიშნავად ათამაშებს. მისი ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ გუნდი პოლონეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.

- პოლონეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდიდან საქართველოს ნაკრებში მოხვედრა, წესით, უფრო იოლი იქნება...
- ჩემი კარიერის მთავარი მიზანიც ესაა. საქართველოს ნაკრები ჩემთვის ფეხბურთში ყველაფერს ნიშნავს და უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, თუ კიდევ მოვირგებ ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურას.

- ვიცით, რომ "იაგელონიას" ერთგული და ხმაურიანი გულშემატკივარი ჰყავს. თუ დაგეკონტაქტნენ, დაბრუნება თუ მოგილოცეს?
- კი, ძალიან ბევრი მისალოცი მესიჯი მივიღე. ყველას უხარია ჩემი დაბრუნება. თბილი ხალხია, მართლა მაგარი ფანები არიან.

- პოლონეთის ჩემპიონატის დონეზე რას იტყვით?
- იქ მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობ. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ყველაფერი რიგზეა. რაც შეეხება სათამაშო დონეს, ყველა თამაშზე მაქსიმალური მობილიზაცია გჭირდება, რადგან ლიდერები ხშირად კარგავენ ქულებს აუტსაიდერებთან.

- როდის შეუერთდებით "იაგელონიას"?
- ვიზაზე მოთხოვნა უკვე შევიტანე. წესით, ორ-სამ დღეში პოლონეთში უნდა ვიყო.

- ცხადია, ადაპტაციის პრობლემა არ გექნებათ. თქვენი დროის შემადგენლობიდან გუნდში ბევრი ფეხბურთელია დარჩენილი?
- კი, ძალიან ბევრი ფეხბურთელია. გუნდში არსებულ ატმოსფეროს რაც შეეხება, ერთი დიდი ოჯახია. მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი.

- როგორ ფეხბურთს თამაშობს "იაგელონია"?
- აქცენტი შეტევაზე კეთდება. პოლონეთში ყველა აღნიშნავს, რომ "იაგელონია" სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს.

- ცხადია, არსებობს ევროტურნირებზე გასვლის ამბიცია და დღევანდელი მდგომარეობით, ეს სრულიად რეალურია, თუმცა ცხრილის ზედა ნაწილში დიდი კონკურენციაა...
- ამბიცია, რა თქმა უნდა, არის. ჩემი აზრით, "იაგელონიას" აქვს იმის პოტენციალი, რომ ევროტურნირებში ითამაშოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები, იქნებ მოგვეხსნას მარცხენა მცველის პრობლემა ნაკრებში. ლაშა დვალიც კარგი ბიჭია
SHUKOVANI
15:35 03-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული