4 მარტს ქართველმა ლეგიონერებმა სხვადასხვა ქვეყნის თასის გათამაშების შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა. ითამაშეს ქართველი მწვრთნელების მიერ დამოძღვრილმა გუნდებმაც...
აზერბაიჯანში თასის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა. კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ინტერმა" შინ 2:0 მოუგო ლენქორანის "ხაზარს" და ნახევარფინალისკენ სოლიდური ნაბიჯი გადადგა.
"ინტერის" სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ბაჩანა ცხადაძე და ლაშა სალუქვაძე. მათ მინდორზე 90-90 წუთი გაატარეს. სათადარიგო იყო მეკარე გიორგი ლომაია, ხოლო ალეკო ამისულაშვილი ძველი ტრავმის გამო ჯერაც ვერ თამაშობს.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ანგარიში თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა
ბაქოს დერბიში "ნეფთჩი" შინ უგოლოდ დაუზავდა აზალ-ს. სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა მცველმა ლაშა კასრაძემ.
გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილ "სიმურგს" კი, პრაქტიკულად, ჯიბეში უდევს ნახევარფინალის საგზური. მისმა გუნდმა გასვლით შეხვედრაში კუდით ქვა ასროლინა უკრაინელი რომან გრიგორჩუკის მიერ დამოძღვრილ "გაბალას" - 3:0!
* * *
კვიპროსის თასის გათამაშების პირველ მეოთხედფინალში "ანორთოსისი" შინ დაუზავდა აპოელ-ს (0:0). მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდნენ ირაკლი მაისურაძე და გიორგი აბურჯანია.* * *
უკრაინის თასის მეოთხედფინალის პირველ მატჩში "ზორია" შინ 1:2 დამარცხდა კიევის "დინამოსთან". ლუგანსკელთა შორის ჯაბა ლიპარტია სათადარიგო იყო. "ჩერნომორეცისა" და "დნიპროს" შეხვედრა კი გადაიდო.* * *
გიორგი ჭანტურიას "კლუჟს", რომელსაც რუმინეთის მთავარ ლიგაში 24 ქულა ჩამოაკლეს და, ფაქტობრივად, გასავარდნად გაწირეს, ნუგეშად თასზე წარმატებული გამოსვლაღა დარჩა. კლუჟის დერბიში ჭანტურიამ და კომპანიამ "უნივერსიტატიას" უმასპინძლა. ეს იყო თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი, რომელიც უგოლოდ დასრულდა ("კლუჟი" მე-9 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა).
ჩვენებურმა შემტევმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, მეორე ტაიმის დასაწყისში ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 83-ე წუთზე ადგილი თანაგუნდელს დაუთმო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"