თავდაპირველად, ბუბა დაუშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვთქვათ. მას კოჭი სტკიოდა, თუმცა ახლა ყველაფერი კარგადაა.
"მალტასა და გერმანიასთან მატჩებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები. კოჭი გადამიბრუნდა, თუმცა ახლა ყველაფერი კარგადაა.
გერმანიაზე რა უნდა ვთქვათ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და ეს თავად მეტყველებს ყველაფერზე. და მაინც, შანსი ყველასთან არის. თბილისში ფრედ ვითამაშეთ საფრანგეთთან და კინაღამ ესპანეთიც გავამწარეთ.
ყველამ
ქართველი ფეხბურთელი სეზონთშორის პერიოდში გუნდის გამოცვლაზე ფიქრობდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ლვოვში დარჩა, სადაც შინაური კაცია. არადა, რუსეთის პრემიერლიგის "უფას" ძალიან უნდოდა ჩვენებურის გადაბირება...
"ზაფხულში გადაწყდება, წავალ თუ დავრჩები "უფას" ვარიანტი არ არის ჩაშლილი და გამორიცხული. შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. ასევე შეიძლება იყოს შეთავაზება ევროპიდან", - გვითხრა ჯერაც "კარპატის" ნახევარმცველმა.
უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში "კარპატი" უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. სამომავლოდ კი...
"მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. მომავალი სეზონისთვის კი ისეთი გუნდის გაკეთება უნდათ, რომელიც ევროპის ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს", - ესეც დაუშვილის სიტყვებია.
მან ერთი მნიშვნელოვანი სიახლეც გაგვანდო - ლვოველთა შეფობამ მას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჩამოუგდო სიტყვა...
"ახალი კონტრაქტი შემომთავაზეს. პასუხს არ ვჩქარობ. თავს აქ შინაურად ვგრძნობ, მაგრამ თუ ევროპიდან გამოჩნდა ვარიანტი, რა თქმა უნდა, დავფიქრდები".
უკრაინაში ახლა გაგანია ომია. მართალია, ლვოვს საომარი მოქმედებები უშუალოდ არ ეხება, მაგრამ მაინც. დაუშვილს ამაზეც ვკითხეთ...
"ჩვენს ქალაქში არ არის საომარი სიტუაცია, მაგრამ ჩართავ ტელევიზორს და... მინდა, ამ ურთულეს დროს თანადგომა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს. ომის გამო ფინანსური კრიზისი ყველა გუნდს შეეხო, მაგრამ ყველა უძლებს ამ დროებით გასაჭირს".
ამ დროისთვის დაუშვილი "კარპატის" ერთადერთი ლეგიონერია. ხომ არ უქმნის ეს მას გარკვეულ პრობლემებს?
"არანაირი პრობლემა! უკვე სამ წელიწადზე მეტია, რაც ლვოვში ვარ. აქ ყველა მიცნობს, მეც ყველას ვიცნობ... მოკლედ, არანაირი უხერხულობა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"